გადაწყვეტილება №23045/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.07.2024
№ დოკუმენტი 23045/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23045/2/2024

03 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23045/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №031-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.04.2024 წლის №9317 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 63 490 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 31 653

დღგ - 30 600

მოგების გადასახადი -1 053

ჯარიმა - 24 963

საურავი - 6 874

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით საბითუმო ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 28.12.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. 2022 წლის 28 აპრილს გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც გამოვლინდა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტი. სალაროსა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების პროცესში, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები საქონლის 18 ჯგუფისათვის. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირდა იმავე საქონლის, უახლოესი პერიოდის, დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთს (0 ლარი) დაემატა დოკუმენტური შეძენა და გამოაკლდა დეკლარირებული საქონლის ნაშთი წლების ჭრილში, ხოლო 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთად გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი (200 000 ლარი დღგ-ის გარეშე). გამოიყო საცალო და დოკუმენტური რეალიზაცია სრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან წლების ჭრილში, რამაც გამოავლინა ცალკეული შემთხვევები (კვერცხი, ლობიო, მაიონეზი, საფუარი, ფქვილი, შაქარი), როდესაც დოკუმენტურად რეალიზებულია იმაზე მეტი საქონელი, ვიდრე შეძენაში ფიქსირდება, როგორც თვითღირებულებით, ისე რაოდენობრივად. აღნიშნულ შემთხვევებში ხარჯად გათვალისწინებული იქნა სარეალიზაციო ღირებულების 75%. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი, დოკუმენტური ფასნამატი. დადგენილი შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში, გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების პროცესში ასევე დადგინდა, რომ „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით, თვის ჭრილში გამოანგარიშებული ნაღდის ფულის ნაშთი, შემოწმებით გამოანგარიშებული გონივრული ნაშთის ფარგლებშია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელს გადასახადი და ჯარიმა არ დაერიცხა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24734 ბრძანება და №031-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29835 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.02.2024 წლის №21644/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი შემოსავლების სამსახურს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 22.04.2024 წლის №9317 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.04.2024 წლის №9317 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული სადავო საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.“

ზემოაღნიშნული საკითხის ამგვარი შეფასება მიუღებელია, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის გარეშე ბრუნვა 4 983 202 ლარი, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშების შედეგად, გაზრდილი იქნა 170 000 ლარით, რაც თუნდაც დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით უმნიშვნელოა, ამასთანავე, 2024 წლის 22 აპრილის №9317 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ხელახალი შესწავლა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც სავსებით რეალურია, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად გაზრდილი ბრუნვა და შესაბამისად დღგ შემცირდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მტკიცება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, არასწორია.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 97–ე მუხლებზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ შემოწმების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს გარდა დღგ-ისა დაერიცხა ასევე თანხები მოგების გადასახადის ნაწილში, ფიზიკური პირისათვის გადარიცხული თანხის, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძველზე.

ამგვარად, შემოწმების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში, რისთვისაც გადასახადებთან ერთად, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 24 963 ლარი (მათ შორის: დღგ-ის ნაწილში 24 436 ლარი და მოგების გადასახადის ნაწილში 527 ლარი). ასევე, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №031-24 საგადასახადო მოთხოვნით განისაზღვრა საურავი სულ 6 873.76 ლარის ოდენობით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით საბითუმო ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება.

კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებს. შემოწმების პროცესში, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები საქონლის ჯგუფებისათვის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)