ბრძანება N 13283
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13283
05 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2024 წლის 15 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 15 მაისის №89661/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის №149-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ამოღებულია იპოთეკარებზე გადახდილი ძირითადი თანხები და პროცენტები, დეკლარირებული პროცენტები შემცირებულია თითქოს იმ მიზეზით, რომ დასრულებულია სესხის ხელშეკრულება, ასევე, გადასახადები დარიცხულია კომპანიებისთვის გადახდილ თანხებზე, რომელთაც იპოთეკა ედოთ კომპანიის ქონებაზე, იპოთეკა მოხსნილია, თუმცა სატელეფონო კავშირისას არ აღიარეს თანხის გადახდის ფაქტი. იგივე ხდება მომწოდებლებზე გადახდილ თანხებთან დაკავშირებითაც, ზოგიერთმა მომწოდებელმა შემოწმებას არ წარმოუდგინა კომპანიის მიერ გადახდილ თანხებზე სრული ინფორმაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ოქტომბრის №25234 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 აპრილის №8739 ბრძანება და ამავე თარიღის №149-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 3 098 860 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 880 120 ლარი, ჯარიმა 946 946 ლარი და საურავი 271 794 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი შენობების (კორპუსების) მშენებლობა. არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას შესაბისი ბუღალტრული სტანდარტების მიხედვით (არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა). შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა სალაროს მოძრაობა ექსელის ფორმაში, ასევე, საბანკო ამონაწერები. შემოწმებამ იხელმძღვანელა როგორც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება ფულის ნაშთი. ასევე, კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით მომწოდებლებზე გადახდილია იმაზე მეტი თანხა, ვიდრე არსებობს სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების მიერ მეორე მხარისგან გამოთხოვილია ინფორმაცია მიღებული თანხების შესახებ და დადგინდა, რომ კომპანიას არ აქვს გადახდილი ის თანხა, რასაც თავად აღრიცხავს. გარდა ამისა, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფიზიკური პირებისგან აღებული სესხის თანხები და დადგინდა, რომ შემოწმებისთვის წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებია ძირითადი თანხის გადახდები, რომელიც გადახდილია წინა შემოწმების პერიოდში. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნული თანხები არ იქნა მიჩნეული გადახდილად და დაემატა საბოლოო ნაშთს. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა გონივრული ნაშთი და გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება ფულის ნაშთი. ამასთან, კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით მომწოდებლებზე გადახდილია იმაზე მეტი თანხა, ვიდრე არსებობს სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო მეორე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას არ აქვს გადახდილი ის თანხა, რასაც თავად აღრიცხავს. კომპანიას ასევე უფიქსირდება სესხები ფიზიკური პირებისგან, ხოლო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი (შემოწმებისთვის წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებია ძირითადი თანხის გადახდები, რომელიც გადახდილია წინა შემოწმების პერიოდში). ამდენად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები არ იქნა გათვალისწინებული ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა სალაროს მოძრაობა ექსელის ფორმაში, ასევე, საბანკო ამონაწერები. შემოწმებამ იხელმძღვანელა როგორც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება ფულის ნაშთი. ასევე, კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით მომწოდებლებზე გადახდილია იმაზე მეტი თანხა, ვიდრე არსებობს სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების მიერ მეორე მხარისგან გამოთხოვილია ინფორმაცია მიღებული თანხების შესახებ და დადგინდა, რომ კომპანიას არ აქვს გადახდილი ის თანხა, რასაც თავად აღრიცხავს. გარდა ამისა, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფიზიკური პირებისგან აღებული სესხის თანხები და დადგინდა, რომ შემოწმებისთვის წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებია ძირითადი თანხის გადახდები, რომელიც გადახდილია წინა შემოწმების პერიოდში. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნული თანხები არ იქნა მიჩნეული გადახდილად და დაემატა საბოლოო ნაშთს. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა გონივრული ნაშთი და გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 101; 154.