გადაწყვეტილება №19209/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19209/2/2023
4.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 24.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19209/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №006-1138 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №006-354 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №4036 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
31.12.2021 წლის №006-1138 საგადასახადო მოთხოვნა - 205 660,31 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 109 734
დღგ - 27 021
საშემოსავლო გადასახადი - 82 468
ქონების გადასახადი - 245
ჯარიმა - 54 669
საურავი - 41 257,31
3.08.2022 წლის №006-354 საგადასახადო მოთხოვნა - 214 825,17 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 109 734
დღგ - 27 021
საშემოსავლო გადასახადი - 82 468
ქონების გადასახადი - 245
ჯარიმა - 54 669
საურავი - 50 422,17
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №006-1138 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 28.07.2022 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №006-354 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №006-1138 და 3.08.2022 წლის №006-354 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №4036 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №006-354 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №006-1138 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვებისგან. შედეგად დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 471 634 ლარი, ხოლო დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულმა ბრუნვამ - 1 043 019 ლარი.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №006-1138 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 28.01.2022 წელს, რაზეც გამოიცა შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის ბრძანება, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის მოსაზრებას დღგ-ით დაბეგვრის საკითხში. ინფორმაციის სახით წარმოადგენს, რომ დღგ-ით დასაბეგრი საქონლის საბაზრო ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 3%- დან 30%-მდე. მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის იგივე მუხლები, რითაც იხელმძღვანელა შემმოწმებელმა, მაინც გაანგარიშების შედეგად მომჩივანმა მიიღო განსხვავებული შედეგი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №006-1138 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 28.01.2022 წელს, რაზეც გამოიცა შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 ბრძანება. მომჩივანმა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა კვლავ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №4036 ბრძანება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე კანონშესაბამისია და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის შემოწმების აქტის და 31.12.2021 წლის №006-1138 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 28.07.2022 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საქმეზე არსებული მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტიდან არ დაკავშირებიან. 28.07.2022 წელს გამოიცა დასკვნა აქტის შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც უცვლელი დარჩა დარიცხვები. საბჭო შეეცადა ზემოაღნიშნულის გამოსწორებას და პირველ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, თუმცა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადამხდელმა წარადგინა საბჭოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ კაპიტალის პირველად ფორმირებიდან დაწყებული (2017 წელი), შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე კაპიტალის გაზრდის და შემცირების კრების ოქმები და სალაროს გასავლის და შემოსავლის ორდერები და კაპიტალის საბუღალტრო ანგარიშის ბარათი. აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული არ მიიჩნია დამაკმაყოფილებლად და ისე, რომ არც კი უცდია გადამხდელთან კომუნიკაცია/თანამშრომლობა და დამატებითი მტკიცებულებების/არგუმენტების მოთხოვნა, უცვლელი დატოვა აქტის დარიცხვები. აღნიშნულით აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა საბჭოს 23.05.2022 წლის №12814 გადაწყვეტილება, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ გადამხდელს უნდა წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და ამის შემდგომ გადამხდელთან მონაწილეობით შეესწავლა ისინი და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო საბოლოო გადაწვეტილება. აუდიტის დეპარტამენტმა, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაარღვია მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაკისრებული ვალდებულება.
აუდიტის დეპარტამენტს, კაპიტალთან დაკავშირებით წარადგინა დოკუმენტები. აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო დაკავშირებოდა მომჩივანს თუ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო და მოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული არ განახორციელა და ვერც განახორციელებდა, რადგან აქტი დაფუძნებული ჰქონდა აბსურდულ, არაობიექტურ, არაგაზომვად, დოკუმენტურად დაუდასტურებელ გარემოებებზე და რაზე უნდა ემსჯელა და განეხილა საკითხი გადამხდელთან.
აქტის გამოცემიდან საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ე.ი. წელიწადი და ორი თვე ისე გავიდა, რომ გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტმა და შემოსავლების სამსახურმა არ მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო საჩივრის აღსრულების და დავის განხილვის პროცესში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტის მცდარობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პარტნიორთა კრების ოქმები და სალაროს შემოსავლის ორდერები 2017 წელში საწესდებო კაპიტალში თანხის გაზრდის შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს არასაკმარის მტკიცებულებას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კაპიტალის არსებობის შესახებ, ვინაიდან უცნობია კაპიტალის გამოყენების/ფორმირების წყაროები და სრული საბუღალტრო ანგარიშების მოძრაობა კაპიტალის წარმოშობიდან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე. ასევე, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზით, საწარმოს ფინანსური მდგომარეობით და საწარმოს აქტივების/ვალდებულებების გათვალისწინებით, საწარმოს წინა პერიოდის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესაჭიროებოდა კაპიტალის გაზრდის ხარჯზე ფულადი სახსრები. წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით არ ვლინდება რაიმე ახალი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს შემოწმების აქტით, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებზე, აქედან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხები ამ ნაწილში კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
წარმოდგენილი ცხრილებით/გაანგარიშებებით დღგ-ით დასაბეგრ საქონელზე ფასნამატი შეადგენს 14%-მდე, ხოლო დღგ-სგან გათავისუფლებულ საქონელზე 65%-მდე. აღნიშნული წარმოდგენილი გაანგარიშებები არ ემყარება დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას. ასევე, საქმიანობის ამ სფეროს (ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მინერალური სასუქების, შხამქიმიკატების, მცენარის თესლების და სასოფლო-სამეურნეო მოხმარების აპარატების რეალიზაცია) ფასნამატების ანალიზით შეუსაბამოა დღგ-ით დასაბეგრ ან დღგ-სგან გათავისუფლებულ საქონელს შორის ფასნამატების არსებითად დიდი სხვაობა. ამასთან, პირის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზით დღგ-ით დასაბეგრ საქონელზე ფასნამატი მერყეობს 30%-ის ფარგლებში, რაც შეესაბამება შემოწმების აქტით გამოყენებულ ფასნამატს. წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით არ ვლინდება რაიმე ახალი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს შემოწმების აქტით, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებზე, აქედან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხები, ამ ნაწილში კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია, რომ მომჩივანს უნდა წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და ამის შემდგომ მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა ისინი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებები დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. ასევე, მომჩივანი სადავოდ ხდის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა 2.03.2023 წლის №4036 ბრძანებაში მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და საჩივარი განიხილა მომჩივნის დაუსწრებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №4036 ბრძანება;
3. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12814 ბრძანების აღსრულების შედეგების გასაჩივრების ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი აღნიშნავს ,რომ აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო დაკავშირებოდა მომჩივანს თუ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო და მოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია.ასევე, აღნიშნავს ,რომ აქტი დაფუძნებული ჰქონდა აბსურდულ, არაობიექტურ, არაგაზომვად, დოკუმენტურად დაუდასტურებელ გარემოებებზე
აქტის გამოცემიდან საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ე.ი. წელიწადი და ორი თვე ისე გავიდა, რომ გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტმა და შემოსავლების სამსახურმა არ მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო საჩივრის აღსრულების და დავის განხილვის პროცესში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტის მცდარობას.
ფაქტობრივი გარემოებები
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვებისგან.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით.
ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6),301("ზ")