გადაწყვეტილება №21182/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 21182/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21182/2/2023

28 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 29.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21182/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინება;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №006-406 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №22919 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 16 771 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 8 453

ჯარიმა - 4 327

საურავი - 3 991

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16228 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №19279 ბრძანება და №006-406 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 16 771 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 სექტემბრის №22919 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივარზე წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №22919 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დღგ-ის 2020 წლის ოქტომბრის თვის ნულოვანი დეკლარაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების მიხედვით, მომჩივნის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა ----, რომელიც არ არის დეკლარაციაზე მიბმული და ასახული დასაბეგრ ბრუნვაში. საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში ანგარიშ-ფაქტურების რეესტრით არ არის ასახული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მოთხოვნები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 43-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-2, 173-ე, 174-ე, 175-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. წარდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 1 330,74 ლარი ჩასათვლელი დღგ-ის თანხით (თან ერთვის რეესტრი), რომელიც შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული. ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში მათ გათვალისწინებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივარზე წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელმა 2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი თანხა გამოიანგარიშა სრულად მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, დასაბეგრი ბრუნვა - 55 414 ლარი, დღგ - 8 453 ლარი. ამავე პერიოდში ორგანიზაციას ასევე მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 1 330 ლარი ჩასათვლელი 3 დღგ-ის თანხით (თან ერთვის რეესტრი), რომელიც საერთოდ არ არის გათვალისწინებული დღგ-ით ჩასათვლელ თანხაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:

ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);

ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 1 330 ლარი ჩასათვლელი დღგ-ის თანხით, რომელიც საერთოდ არ არის გათვალისწინებული დღგ-ით ჩასათვლელ თანხაში. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივარზე წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2023 წლის №112852-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდზე (2020 წლის ოქტომბერი) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გადასახადის გადამხდელის მიერ ასახულია 2020 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართში და განხორციელებული აქვს ჩათვლა სრულად. 2020 წლის ოქტომბრის თვის საგადასახადო პერიოდზე მიღებული და დეკლარაციაზე მიუბმელი/ჩათვლას დაქვემდებარებული ანგარიშ-ფაქტურები არ ვლინდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №006-406 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 16 771 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 8 453 ლარი, ჯარიმა - 4 327 ლარი და საურავი - 3 991 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 291-ე, 269-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის მიერ 2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციის ატვირთვა მოხდა 14.01.2021 წელს, რომელზეც ელექტრონულად ასახული იყო 2020 წლის ოქტომბრის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რასაც მოწმობს ავტორიზებულ გვერდზე შენახული გადასაგზავნად გამზადებული დეკლარაცია, რომელიც გაურკვეველი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გადაიგზავნა და აღნიშნული გადასაგზავნად გამზადებული დეკლარაციის პროგრამულად ნახვა შესაძლებელია მომჩივნის ავტორიზებულ გვერდზე. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში მომჩივნის მიერ მოხდა 2020 წლის ნოემბრის დეკლარაციის დაზუსტებაც, რომელიც წარმატებით გადაიგზავნა, ხოლო ოქტომბრის თვის დეკლარაციის გადაგზავნა ვერ მოხდა გაურკვეველი ტექნიკური ხარვეზის გამო.

როგორც შემდგომ ცნობილი გახდა მომჩივნისთვის, ამავე პერიოდზე პროგრამულად ტექნიკური ხარვეზი დაადასტურეს სხვა ორგანიზაციებმაც. საწარმოს მიზანი არანაირად არ ყოფილა დღგის ოპერაციით დასარიცხი თანხის ბიუჯეტისთვის დამალვა ან რაიმე მსგავსი სხვა ქმედება. გადასაგზავნად გამზადებული დაზუსტებული დეკლარაციის ნახვა დღემდე შესაძლებელია კომპანიის ავტორიზებულ გვერდზე. მიაჩნიათ, რომ პროგრამული ხარვეზის გამო არ უნდა მოხდეს საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე ჯარიმის და საურავის დაკისრება. მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, შესაძლებლობის ფარგლებში მოხდეს დაკისრებული ჯარიმის და საურავის გაუქმება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, - იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დამატებით გამოუვლინდა საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, მან დეკლარაციაში შეამცირა გადასახდელი თანხა, რისთვისაც დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში ანგარიშ-ფაქტურების რეესტრით არ არის ასახული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 291- ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა. აგრეთვე, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის, მომჩივანს დაეკისრა სანქცია საურავის სახით. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ პროგრამული ხარვეზის გამო არ უნდა მოხდეს ჯარიმის და საურავის დაკისრება და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, შესაძლებლობის ფარგლებში, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინება;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16228 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №19279 ბრძანება და №006-406 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 16 771 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 სექტემბრის №22919 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2021 წლამდე მოქმედი 173; 174; 175; 269 (7).