გადაწყვეტილება №20469/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20469/2/2023
04 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 3.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20469/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №041-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14356 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 239 364 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 129 863
ჯარიმა - 64 922
საურავი - 44 579
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები და შესყიდვის ჟურნალი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და აგრეთვე შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობები განიხილა ფიზიკური პირებისგან შეძენილად, შესაბამის პერიოდებში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასით. ამგვარად, გაანგარიშებულია ფიზიკური პირებისთვის საქონლის შესაძენად ანაზღაურებული თანხები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არ აქვს დაბეგრილი აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-ით საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და სალაროში თანხების მოძრაობის აღრიცხვა. გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების არ ქონის შესახებ. ასევე, წერილობითი ფორმით წარადგინა ინფორმაცია სალაროში არსებული ნაშთის შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 31.12.2021 წლის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენს 16 800 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადამხდელის ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების და შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებულია საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით, რომელიც განხილულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის №9383 ბრძანება და 14.04.2022 წლის №041-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 7.05.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ტრანსპორტირების ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.12.2022 წლის №17963/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 დასკვნა, რომლის მიხედვით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა საშემოსავლო გადასახადში 22 215 ლარის და ჯარიმის ნაწილში 11 107 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №7739 ბრძანება და ამავე თარიღის №041-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 21.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14356 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ტრანსპორტირების ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რაც განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა ტრანსპორტირების ხარჯები და გახარჯული საწვავის ოდენობის შესაბამისი თანხა გათვალისწინებულ იქნა განკარგვადი თანხის განსაზღვრისას. ამავე ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, განკარგვადი თანხის გაანგარიშების მიზნით დამატებით ხარჯად იქნა აღიარებული გადამხდელის მიერ დეკლარირებული და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა 16 530 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების ღირებულებას (17 077 ლარი) უკვე გათვალისწინებულია ხარჯის სახით 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით მოთხოვნილ იყო განკარგვადი თანხების განსაზღვრისას შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით საქონლის შეძენაზე დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინება, რასთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული დავალება აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ აღსრულებულა. გადაანგარიშების შედეგებით განკარგვადი თანხების განსაზღვრისას კვლავ არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების შედეგებით საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით საქონლის შეძენაზე დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება. ამასთან, გადაანგარიშების თაობაზე დასკვნა არ შეიცავს აღნიშნულზე მითითებას და სრულიად გაურკვეველია ადმინისტრაციული ორგანოების მიდგომა შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის განკარგვადი თანხების განსაზღვრისას გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნიათ ვალდებულება გადასახადები განსაზღვრონ კანონმდებლობის შესაბამისად. არსებული მიდგომით კი საგადასახადო მის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, კერძოდ საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებულ გადასახადს, არ ითვალისწინებს განკარგვადი თანხების განსაზღვრისას, რაც მიაჩნია რომ არღვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის პრინციპებს. ამდენად, განკარგვადი თანხების გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით საქონლის შეძენაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ, შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია საქონლის შეძენაზე გაწეული დანახარჯი საშემოსავლო გადასახადის (3%) გარეშე, რაც მიაჩნია არამართლზომიერად. ამასთან, აღნიშნული წარმოადგენს პრინციპული მნიშვნელობის საკითხს, რამდენადაც შემმოწმებელი ერთის მხრივ შემოწმების აქტით საზღვრავს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას და აღნიშნულს არ ითვალისწინებს განკარგვადი თანხების განსაზღვრისას.
მომჩივანი ითხოვს განკარგვადი თანხების განსაზღვრისას შემოწმებით გადახდის წყაროსთან დარიცხული თანხების გათვალისწინებას და შემოწმების მონაცემების მითითებული გარემოებებით კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ტრანსპორტირების ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 დასკვნით:
- არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა რეალიზაციის პროცესში ტრანსპორტირების ხარჯები და სატრანსპორტო საშუალების მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის შესაბამისი თანხა გათვალისწინებულია განკარგვადი, ხელფასად დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას. აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა შემოწმების შედეგად განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
- განკარგვადი თანხის გაანგარიშების მიზნით დამატებით ხარჯად იქნა აღიარებული გადამხდელის მიერ დეკლარირებული და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა 16 530 ლარი, ხოლო რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების ღირებულებას, 17 077 ლარი უკვე გათვალისწინებულია ხარჯის სახით 31.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა შემოწმების შედეგად განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის დავალება აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ აღსრულებულა, კერძოდ განკარგვადი თანხების გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით საქონლის შეძენაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ, შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია საქონლის შეძენაზე გაწეული დანახარჯი საშემოსავლო გადასახადის (3%) გარეშე, რაც მიაჩნია არამართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები და შესყიდვის ჟურნალი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და აგრეთვე შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობები განიხილა ფიზიკური პირებისგან შეძენილად, შესაბამის პერიოდებში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასით. ამგვარად, გაანგარიშებულია ფიზიკური პირებისთვის საქონლის შესაძენად ანაზღაურებული თანხები.
დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არ აქვს დაბეგრილი აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-ით საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გაანგარიშებულია საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით, რომელიც განხილულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა").