ბრძანება N 9293
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9293
13 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ს (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 23 და 24 აპრილის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 აპრილის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2025 წლის 23 აპრილის №95240/1/2025 და 24 აპრილის №95257/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №261-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონელი სულ 227 711 ლარის ოდენობით. აქედან ნაწილი პროდუქცია შეადგენს პირადი მოხმარების საქონელს (მაგ.: ქვიშა, ღორღი, ცემენტი, კერამიკული ფილა და ა.შ), რომელსაც ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს, ხოლო ნაწილი კი წარმოადგენს ისეთ პროდუქციას, რომლის მხოლოდ ტრანსპორტირებას ახდენს მეწარმე და ვინაიდან მანქანის ბორტზე სხვა საქონელიც დევს, სასაქონლო ზედნადების გამოწერა ხდება მეწარმის სახელზე, დოკუმენტის გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის პრევენციისთვის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც ამ საქონელს ჰქონდა კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან (მაგ.: გაყინული ხორცი, გაყინული ქათამი, ბლინი, ხინკალი და ა.შ). ერთადერთი ნახევარფაბრიკატი, რასაც მეწარმე ამზადებს არის ნახევრად დამუშავებული კარტოფილი, რომელსაც ადგილზე ამზადებს და ყიდის პატარა ულუფებად „კარტოფილი ფრის“ სახით. ამასთან, მეწარმე ადგილზე ყიდულობს ხილს, ძირითადად სეზონურს (მანდარინი, ფორთოხალი, ვაშლი, მსხალი, ატამი და ა.შ.), რასაც ადგილზე უწევს რეალიზაციას.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული აუდიტის დეპარტამენტისთვის გადამხდელის მიერ არცოდნით/შეცდომით, ვინაიდან ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ დაამძიმებდა მის მიმართ საგადასახადო ვალდებულებებს. შედეგად, გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით დაახლოებით 205 000 ლარის შეძენა და საპირწონედ აქვს შემოსავალი დაახლოებით 750 000 ლარი, რაც არარელევანტურია. მომჩივანი მიუთითებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის გათვალისწინებაც გამოიწვევს რიგ ცვლილებებს, როგორც დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადაზე, ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვის ფორმირებაზე. საქმის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა, ასევე, მოითხოვა სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1065 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 24 მარტის №5402 ბრძანება და ამავე თარიღის №261–4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 114 410 ლარი, მათ შორის გადასახადი 70 601 ლარი, ჯარიმა 27 256 ლარი და საურავი 16 553 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: ი/მ ---ის საქმიანობაა კვების პროდუქტებით საცალო ვაჭრობა (კვების ობიექტი). რეალიზაციები სრულად საცალოა. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 227 711 ლარის საქონელი (უმეტესად ნაყინი, გამაგრილებელი სასმელები, ნახევარ-ფაბრიკატები). მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში შემოსავალი შეადგენს 216 945 ლარს, საბანკო ტერმინალით მიღებული შემოსავალი შეადგენს 491 864 ლარს და სხვა შემოსავალი - 35 397 ლარს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ი/მ ---ის მიერ ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის მიხედვით მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის 30 ივლისის მდგომარეობით გადააჭარბა 100 000 ლარს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი/მ --- დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 30 ივლისი. შედეგად, შემოწმებით, აღნიშნული თარიღიდან შემდგომ პერიოდში დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა და პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2022 წლის 30 ივლისს, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ იყო დარეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა რეგისტრაციის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენიდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ სანქციებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №261-4 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი/მ --- (ს/ნ ----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №261-4 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანმა, ასევე, მოითხოვა სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა და პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2022 წლის 30 ივლისს, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ იყო დარეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა რეგისტრაციის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენიდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 164; 165; 269 (7).