გადაწყვეტილება №85049/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2024
№ დოკუმენტი 85049/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№85049/1/2023

27 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 14.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №85049/1/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციების გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის №081-200 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27735 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 392.79 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 846

ჯარიმა - 423

საურავი - 123.79

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ქვანახშირის შეძენა/რეალიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ.

აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №7431 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის 19 ივლისიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 19 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიერ დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები ნაკლებია შემოწმებით დადგენილზე.

აღნიშნული სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №23950 ბრძანება და ამავე თარიღის №081-200 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2023 წლის №27735 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვინაიდან არ ჰყავდა ბუღალტერი თავისი ცოდნით აბარებდა დეკლარაციას. ხოლო, როცა უკვე აიყვანა ბუღალტერი, ბევრი დარღვევა გამოვლინდა. იღებს პასუხისმგებლობას ძირ თანხაზე, რომელიც შედგება 846 ლარისგან და უთითებს, რომ გადაიხდის 7 სამუშაო დღეში. ხოლო, ჯარიმა/საურავების გაუქმებას ითხოვს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან არ ჰყავდა ბუღალტერი თავისი ცოდნით აბარებდა დეკლარაციას. ხოლო, როცა უკვე აიყვანა ბუღალტერი, ბევრი დარღვევა გამოვლინდა. იღებს პასუხისმგებლობას ძირ თანხაზე, რომელიც შედგება 846 ლარისგან და უთითებს, რომ გადაიხდის 7 სამუშაო დღეში. ხოლო, ჯარიმა/საურავების გაუქმებას ითხოვს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს ხელფასის სახით განაცემები, რომელიც განსხვავებულია შემოწმებით დადგენილისაგან. კერძოდ, საბანკო ამონაწერების შესწავლით ირკვევა, რომ დაქირავებულ პირებზე გაცემული თანხები აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციების გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 19 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიერ დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები ნაკლებია შემოწმებით დადგენილზე. აღნიშნული სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275(2).