გადაწყვეტილება №20124/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20124/2/2023
31 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 1.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20124/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე
იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №007-447 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11963 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა 2023 წლის 3 მაისს საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №007-447 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11963 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება).
შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11963 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე“ და მიაჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №007-447 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის, ამავე კოდექსის 2.1.,,ბ“ მუხლის და 53.1. მუხლის მოთხოვნებს, რადგანაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ განიხილა ის საკითხები, რომლებსაც მომჩივანი უთითებდა. შესაბამისად, მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოები, სრულად იქნა უგულებელყოფილი. შემოსავლების სამსახური არც კი დაინტერესდა ინფორმაცია მიეღო უშუალოდ მომჩივანისგან, რაც საქმის ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებისათვის აუცილებელი იქნება. იმ შემთხვევაში თუკი შემოსავლების სამსახური სრულყოფილად შეისწავლიდა საჩივარში მოხსენიებულ გარემოებებს და საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებდა აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5. მუხლის მოთხოვნები ფორმალურად მაინც იქნა დაცული. ზოგადი და აბსტრაქტული მითითებები კი ვერც დასაბუთებად ჩაითვლება და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების შესრულებად რომლის მიხედვითაც ის არის ვალდებული თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 და 53.5 მუხლების მოთხოვნებს.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა საქმის გარემოებები რითიც პირდაპირ დაარღვია ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 და 53.5 მუხლის მოთხოვნები შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას რომ მომზადებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონსა და დარღვეულია მისი მომზადების წესები, რაც ბათილობის საფუძველია. საგადასახადო კოდექსის 51.1 მუხლი, რომელიც იმპერატიულად ავალდებულებს საგადასახადო ორგანოებს, რომ ,,თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და აგრეთვე, გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე.“ აღნიშნული მუხლის მიზანი არის ის რომ უზრუნველყოს თითოეული გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმგვარად რომ არ მოხდეს მათთვის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ვალდებულების დაკისრება, რამაც თავის მხრივ შეიძლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების გამოუსწორებელი შელახვა გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, საგადასახადო ორგანოს აღნიშნული ვალდებულება ამ შემთხვევაშიც ქონდა. შესაბამისად, რადგანაც არსებულ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევა არ მოხდა ეს ვერც საგადასახადო კოდექსის 51.1 მუხლის დაცვად ვერ ჩაითვლება, რაც კიდევე ერთხელ ხაზს უსვამს იმას რომ მიღებული გადაწყვეტილება არ არის შესაბამისობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51.1, 51.5 და 601 მუხლებთან. მომჩივანი ითხოვს, აღნიშნულის საფუძველზე მოხდეს საჩივრის განხილვა და არსებული დავალიანების გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №007-447 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2016 წლის 15 იანვარს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 4 თებერვლის №2692 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
გადამხდელმა 2015 წლის 17 დეკემბრის №007-447 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 3 მაისს.
ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა 2023 წლის 3 მაისს საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №007-447 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11963 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11963 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ზ);