ბრძანება N 20857
📄 სრული ტექსტი
N 20857
23 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" )
(მის.: "------" )
2023 წლის 4 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") №133752/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №EL2188856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ - ის “ საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა ავტოსატრანსპორტო საშუალება შერეული ტვირთით. სხვა ტვირთებთან ერთად იყო სს „------ - ის “ და შპს „------- - ის “ ტვირთი, გამომგზავნი ორივეს ყავს საერთო. შესაბამისად შეფუთვაც ერთმანეთის მსგავსი ქონდათ.
სს „------ - ის “ ტვირთი დადეკლარირდა მთლიანად წინასწარ, ტვირთი მოხვდა „მწვანე დერეფანში“, ხოლო შპს „----- - ის “ ტვირთის ნაწილი უნდა მოქცეულიყო რეექსპორტის რეჟიმში, ხოლო მოერე ნაწილი გაეიმპორტებინათ. ამიტომ გამომგზავნს სთხოვეს ისე შეეფუთათ ტვირთი, რომ არ არეოდათ ერთმანეთში. განბაჟებული ტვირთები უნდა წამოეღოთ გაფორმების ეკონომიკური ზონიდან, ხოლო სხვაზე უნდა გაეკეთებინა გადამისამართება. არასწორად მოახდინეს განუბაჟებელი ტვირთის დატვირთვა და გატანა საბაჟო კონტროლის ზონიდან, თუმცა მალევე მოაბრუნეს უკან.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის პირველ აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ს “გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №"------" სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების საქონელი (9 სატრანსპორტო ზედდებული (CMR) - საერთო წონით 13670 კგ), მათ შორის შპს „------ - ის “ კუთვნილი საქონელი. ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ს “ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დარეგისტრირდა №"------"აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------- - ის “ დანიშნულებით.
2023 წლის 2 აგვისტოს ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ - ის “ კონტროლის ზონაში. 2023 წლის 3 აგვისტოს შპს „------ - ის “ წარმომადგენლის "-------" -ის (პ/ნ "-------" ) მოთხოვნით და უშუალო ზედამხედველობით განხორციელდა 2023 წლის 31 ივლისის №"------" საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული, შპს „------ - ის “ საქონლის გადატვირთვა სხვა, №"------"სატრანსპორტო საშუალებაში და კონტროლის ზონიდან გატანა. როგორც შემდგომ გაირკვა აღნიშნულ საქონელთან ერთად სატრანსპორტო საშუალებაში შეცდომით ჩაიტვირთა და გატანილ იქნა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული შპს „----- - ის “ სხვა საქონელი, რომელიც საბაჟო ორგანოს მოთხოვნით იმავე დღეს დაბრუნებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----- - ის “ კონტროლის ზონაში. აღნიშნულთან დაკავშირებით 2023 წლის 3 აგვისტოს შედგა დათვალიერების აქტი.
ვინაიდან შპს „------ - ის “ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვას და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, გაფორმება ეკონომიკური ზონა „------- - ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს შედგენილი №EL218856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „-------- -ს “ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გადატვირთვას და მისი საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- - ის “ (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვას და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
70,163,170.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტი.