ბრძანება N 3941
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3941
20 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 22 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 22 იანვრის №100183/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №006-591 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის დარიცხულ ჯარიმა-საურავს. განმარტავს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 1 761.2 კვ.მ. კომერციული ფართები აღრიცხულია სასაქონლო-მატერიალურ აქტივებში და არა ძირითადი საშუალებების ჯგუფში. აღნიშნავს, რომ კომერციული ფართები შეძენილ იქნა სარეალიზაციოდ და არა კომპანიის კომერციულ საქმიანობაში გამოსაყენებლად, შემოწმებას წარუდგინა კომერციული ფართების გასხვისების ხელშეკრულება, რომელიც წარმოებაში აქვს მიღებული საჯარო რეესტრს. აცხადებს, რომ 2025 წელს ჩატარებულ შემოწმების პერიოდზე არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ გამოყენებული მიმდინარე ბუღალტრული სააღრიცხვო პოლიტიკა და ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძვლად გამოყენებულ იქნა 2022 წლის საგადასახადო შემოწმებით ქონების გადასახადში დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით არგუმენტაცია. კოპირებით იქნა გადმოტანილი წინა შემოწმების აქტის ჩანაწერი და განხორციელდა 2019-2021 წლების შემოწმებული საკითხის გამოყენება 2025 წლის შემოწმების აქტში.
აცხადებს, რომ მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ კომერციული ფართების სასაქონლო მარაგებში აღრიცხვა სრულ შესაბამისობაშია სასაქონლო-მატერიალური მარაგების (საქონლის) განმარტებასთან, არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ძირითადი საშუალების განმარტებას და არ არსებობს შემოწმების პერიოდში კომპანიის საქმიანობის არცერთი მიმართულება, სადაც ეკონომიური სარგებლის მისაღებად გამოყენებული ყოფილიყო კომერციული ფართი.
ითხოვს დარიცხული ქონების გადასახადისა და მასზე დასკირებული ჯარიმა-საურავის ნაწილში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
აქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22569 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი მარტიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №28640 ბრძანება და ამავე თარიღის №006-591 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 290 603 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 174 294 ლარი, ჯარიმა 66 537 ლარი და საურავი 49 772 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
2022 წლის 5 მაისის №11562 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ -----) საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მხიედვითაც გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში ჰქონდა/აქვს (მისამართი: -----) კომერციული ფართი 1 761.2 კვ.მ.. აღნიშნული კომერციული ფართის ღირებულების განსაზღვრისთვის 2022 წლის 24 ივნისს შედგა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №55622/06/22 დასკვნა, რომლის მიხედვითაც საწარმოს ქონების საბაზრო ღირებულება 2021 წლის 31 დეკემბრისთვის განისაზღვრა 4 122 000 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა, 2022 წლის 5 მაისის №11562 ბრძანების მიხედვით, წინა შემოწმების აქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნით და დამატებით დაარიცხა ქონების გადასახადი. საწარმოს 2022-2024 წლებში ქონების გადასახადით არ დაუბეგრავს ზემოთ აღნიშნული კომერციული ფართები.
შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის, მე-41 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას: ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „------“ (ს/ნ -----) საკუთრებაში აქვს კომერციული ფართი 1 761.2 კვ.მ, რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები 2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე. შემოწმებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა 2022 წლის 5 მაისის №11562 ბრძანების საფუძველზე 2022 წლის 30 ივნისს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნით. შედეგად, განისაზღრა საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადში.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, იგივე შემოწმებული პერიოდის ხელახალ შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს და განმარტავს, რომ წინა შემოწმების ფარგლებში, 2022 წლის 5 მაისის №11562 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც პირს განესაზღვრა ვალდებულებები მათ შორის, ქონების გადასახადის ნაწილში 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე, ხოლო მიმდინარე შემოწმებით, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22569 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა 2022 წლის პირველი მარტიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის არგუმენტი მოსამართლის ბრძანების გარეშე უკვე შემოწმებული საანგარიშო პერიოდის ხელახალ შემოწმებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის დარიცხულ ჯარიმა-საურავს. ითხოვს დარიცხული ქონების გადასახადისა და მასზე დასკირებული ჯარიმა-საურავის ნაწილში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
ჩატარდა შპს საგადასახადო შემოწმება, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში ჰქონდა/აქვს კომერციული ფართი 1 761.2 კვ.მ.. აღნიშნული კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება 2021 წლის 31 დეკემბრისთვის განისაზღვრა 4 122 000 ლარის ოდენობით. საწარმოს 2022-2024 წლებში ქონების გადასახადით არ დაუბეგრავს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:201(1);202(1);205(2);