გადაწყვეტილება №77390/1/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№77390/1/2022
16.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს,,----------“ 19.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №77390/1/2022).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 17.12.2021 წლის №14481/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2022 წლის №002-176 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 239 571 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 122 144
დღგ - 45 302
მოგების გადასახადი - (-4 775)
საშემოსავლო გადასახადი - 81 617
ჯარიმა - 58 324
საურავი - 59 103
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 30.01.2018 წლიდან 1.08.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებს, როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე დღგისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციას. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა და საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა. შემოწმებისთვის წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. შემოწმებით, საწარმოს შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი 8%. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა ფულადი სახსრების ნაშთი. მიღებული შემოსავლის, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯისა და სხვა ხარჯების (მაგ: ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ჯარიმები და ა.შ) საფუძველზე ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს, 2020 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, სალაროში უნდა ერიცხებოდეს ნაღდი ფულის ნაშთი - 324 729 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 16.04.2021 წლის №11448 ბრძანება და №002-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2021 წლის №17673 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეესწავლა სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2021 წლის №17673 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2021 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 41 763 ლარი, მათ შორის გადასახადი 28 022 ლარი და ჯარიმა 13 741 ლარი.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.08.2021 წლის №002-269 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.08.2021 წლის №27745 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 17.12.2021 წლის №14481/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 17.12.2021 წლის №14481/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №26548 ბრძანება და 20.10.2022 წლის №002-176 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველ ცხრილში შემოსავალი განსაზღვრულია მთლიანი შესყიდვის ღირებულების, დღგ-ის და ფასნამატის შეკრების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე იმპორტის ოპერაციებზე გადახდილი 400 ლარიანი მომსახურების თანხებზე, რომლებიც უკვე მოიცავს დღგ-ს დამატებით დარიცხულია (ფორმულით 18%) დღგ, რის შედეგადაც გაორმაგებული დღგ-ის თანხით 24 087 ლარით გაზრდილია ნაღდი ფულის ნაშთი. 2. ამავე ცხრილის ხარჯების ნაწილში ზედნადებების და ფაქტურებით დაფიქსირებული ხარჯები შემცირებულია 4 533 ლარით, რომელიც ასევე ზრდის ნაღდი ფულის ნაშთს. აღნიშნული დოკუმენტაციის რეესტრი წარადგინა მითითებულ ვადაში.
3. შემოსავლებსა და ხარჯებში აღნიშნული კორექტირებების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთი შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირებულია ხელფასად, რაზეც ასევე მითითებულ ვადაში წარადგინა სესხის ხელშეკრულება და ითხოვდა ფიზიკურ პირზე სესხად განხილვას. შესაბამისად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად აღნიშნული ნაღდი ფულის ნაშთი განხილულ უნდა იქნას ფიზიკურ პირზე გაცემულ პროცენტიან სესხად და დაიბეგროს მხოლოდ მოგების გადასახადით. შესაბამისად მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ სრულად იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 17.12.2021 წლის №14481/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 17.12.2021 წლის №14481/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა 18.10.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით:
1. კომპანიამ წარადგინა ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის ხელშეკრულება, თუმცა თანხის გაცემა არ დასტურდება არც საბანკო გადარიცხვით, არც სალაროს გასავლის ორდერით. გადაწყვეტილებაში არ არის ნამსჯელი გასაჩივრებული საკითხის კვალიფიკაციის შეცვლაზე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტი არ არის სარწმუნო და არც გადაწყვეტილებით აქვს დავალებული საკითხის სხვაგვარად განხილვა საგადასახადო ვალდებულება დარჩა უცვლელი.
2. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით უკან დაუბრუნებული დღგ-ის თანხა თვითღირებულების ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ რადგან 400 ლარიან მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მიღებული ჩათვლა (კომპანიას შეჩერებული ჰქონდა საქმინაობა შესამოწმებელ პერიოდში), ის საქონლის თვითღირებულების ნაწილი. შესაბამისად, უსაფუძვლოა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აღნიშნულ საკითხში. საგადასახადო ვალდებულება დარჩა უცვლელი.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულებას თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 17.12.2021 წლის №14481/2/2021 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას საწარმოს დირექტორზე ხელფასად ჩათვლილი ნაღდი ფულის ნაშთის ფიზიკურ პირზე გაცემულ პროცენტიან სესხად განხილვასთან დაკავშირებით, აღნიშნულზე, საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან საბჭო 17.12.2021 წლის №14481/2/2021 გადაწყვეტილებით განიხილავდა შემოსავლების სამსახურის 4.06.2021 წლის №17673 ბრძანების აღსრულების შედეგებს, ხოლო შემოსავლების სამსახურს 4.06.2021 წლის №17673 ბრძანებით ამ საკითხზე (ნაღდი ფულის ნაშთის ფიზიკურ პირზე გაცემულ პროცენტიან სესხად განხილვასთან დაკავშირებით) არ უმსჯელია, ვინაიდან მომჩივანს აღნიშნული საკითხი ამ კუთხით სადავოდ არ გაუხდია, მომჩივანი შემოსავლების სამსახურში 28.04.2021 წელს წარდგენილი საჩივრით სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად ჩათვლისას არ იყო გათვალისწინებული კომპანიის საბანკო ამონაწერები და სალარო-აპარატის მონაცემები. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტაციის, საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 17.12.2021 წლის №14481/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.