ბრძანება N 33687

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33687
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33687

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---ის (პ/ნ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ---ის (პ/ნ ---) 2023 წლის 24 იანვრის №78461/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-325 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს წილის ნასყიდობისას გადახდილი თანხების ერთობლივ შემოსავლად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანომ ფიზიკური პირის მიერ შპს „---ის“ წილის შეძენისას მითითებული ღირებულება უტყუარად მიიჩნია 2019 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავლად, ისე, რომ არ შეუსწავლია და არ დაუდასტურებია აღნიშნული შემოსავლის მიღების პერიოდი, ასევე არ შეუსწავლია შემოსავლის წარმოშობის წყაროები. მიუთითებს, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის და პერიოდების დადასტურების მიზნით მტკიცებულებების მოძიება. მიაჩნია, რომ ვალდებულებები განსაზღვრულია არასათანადოდ მოკვლეული გარემოებებით და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით და ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 აპრილის №9407 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 27 დეკემბრის №33148 ბრძანება და 28 დეკემბრის №081-325 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 16 828 145 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 416 149 ლარი, ჯარიმა 4 200 000 ლარი და საურავი 4 211 996 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 3 აგვისტოს №19041 ბრძანებით ფ/პ ---ის (პ/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 29 ნოემბრის №20636/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აგვისტოს №19041 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის (წილის შესაძენად გადახდილი თანხის შემოსავალში გათვალისწინება) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 ნოემბრის №20636/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა 5 განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

2019 წლის 30 დეკემბერს შპს „---ს“ 100%-იანი წილი შეძენილი აქვს ფ/პ ---ს 42 000 000 ლარად ---ს რეზიდენტი კომპანიისგან (90%) და ---ს მოქალაქე ფიზიკური პირისგან (10%).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა, ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია ნაღდი ანგარიშწორებით. ჩვენს ხელთ არსებული (მათ შორის, ---დან მიღებული) ინფორმაციის თანხამად, ფ/პ ---ს არ უფიქსირდება აღნიშნული თანხის მიღება როგორც ბანკში, ასევე ნაღდი ფულის სახით (სალაროდან).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, ასევე მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 42 000 000 ლარი, რომელიც გადახდილია წილის შესაძენად და რომლის დაბეგვრაც საწარმოებში არ ფიქსირდება, ჩაითვალა ამ პერიოდის შემოსავლად. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაირთო ფ/პ ---ს ერთობლივ შემოსავალში და დაექვემდებარა დაბეგვრას. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლი განმარტებაზე, რომ ფ/პ ---ს 42 000 000 ლარად შეძენილი აქვს შპს „---ის“ 100%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა, ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია ნაღდი ანგარიშწორებით. ფ/პ ---ს არ უფიქსირდება აღნიშნული თანხის მიღება როგორც ბანკში, ასევე ნაღდი ფულის სახით (სალაროდან), ასევე არ ფიქსირდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე თანხის შემოტანა/დეკლარირება, რის გამოც აღნიშნული ჩაითვალა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად 2019 წლის საანგარიშო პერიოდში, ამასთან, საქმეში არსებული შპს „---ის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ადასტურებენ თანხის გადახდა/მიღების ფაქტს.

შემოწმებით, 42 000 000 ლარი, რომელიც გადახდილია წილის შესაძენად და რომლის დაბეგვრაც საწარმოებში არ ფიქსირდება, ჩაირთო ფ/პ---ს 2019 წლის ერთობლივ შემოსავალში და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მითითებულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს წილის ნასყიდობისას გადახდილი თანხების ერთობლივ შემოსავლად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 27 დეკემბრის №33148 ბრძანება და 28 დეკემბრის №081-325 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 16 828 145 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 416 149 ლარი, ჯარიმა 4 200 000 ლარი და საურავი 4 211 996 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 3 აგვისტოს №19041 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 29 ნოემბრის №20636/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აგვისტოს №19041 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის (წილის შესაძენად გადახდილი თანხის შემოსავალში გათვალისწინება) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 100; 79; 81.