ბრძანება N 23714

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2024
№ დოკუმენტი 23714
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23714

07 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------" (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 2 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „----------" (ს/ნ ----------) 2024 წლის 2 ნოემბრის №92668/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ოქტომბრის №052-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია კომპანიის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით. აცხადებს, რომ კომპანიის ბრუნვები პრაქტიკულად გაჩერებულია და აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებები გამოიწვევს გაკოტრებას. ამდენად, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 აპრილის №9010 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------" (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 17 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 7 ოქტომბრის №21871 ბრძანება და 8 ოქტომბრის №052-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 49 460 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 603 ლარი, ჯარიმა 12 616 ლარი, საურავი 10 241 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომპანიას წარმოდგენილი აქვს მოგების გადასახადის დეკლარაციები. დეკლარაციით დგინდება, რომ ორგანიზაციას მოგების გადასახადის ნაწილში დაბეგრილი აქვს, როგორც განაწილებული მოგება ასევე დეკლარირებული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობებს.

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ სიტყვიერად იქნა განმარტებული, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა დივიდენდის სახით გაცემულ თანხებს და არასწორად იყო მითითებული დეკლარაციაში. შესაბამისად აღნიშნული ფულადი საშუალებები დაკვალიფიცირდა, როგორც დივიდენდის გაცემა და დაექვემდებარა დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციას დეკლარირებული აქვს მოგების გადასახადი და გაცემული აქვს ფიზიკურ პირზე დივიდენდი, რაც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. შემოწმებით გაცემული ფულადი საშუალებები დაიბეგრა საშემოსავლო და მოგების გადასახადით და დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები ორივე გადასახადის ნაწილში. შემოწმებით პირველად და ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 130-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილია ქონების გადასახადის დეკლარაციები. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოწოდებულ იქნა ინფორმაცია /დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია/მოხსნის შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მათ შორის ლიზინგის ხელშეკრულებისა და შსს შესაბამისი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგან განისაზღვრა დეკლარირებულისგან განსხვავებული ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. შემოწმებით განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადასახადის ოდენობა. საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ბუღალტრული აღრიცხვა ვერ წარმოადგინა. შესამოწმებელი პერიოდში რევიზიას მხარემ წარმოუდგინა საბანკო ამონაწერები და გარკვეული საბუღალტრო რეესტრები ექსელის ფორმით, კერძოდ, შესყიდვის აქტების რეესტრი, სალაროს ფულადი საშუალების მოძრაობის შესახებ ცხრილი და ასევე უწყისები, რომელიც სრულყოფილად არ ასახავდა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს, არ იყო შესაძლებელი ცალკეული ოპერაციების გამიჯვნა ამასთან რიგი ოპერაციები/ანგარიშები იყო გამორჩენილი. აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებბების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველს. საგამოძიებო ორგანოებში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შესაბამისი უწყებების მიერ შემოწმებისთვის მოწოდებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მათ ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დგინდება საწარმოს მიერ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემებისგან განხვავებული მონაცემები, კერძოდ ზოგიერთი ფიზიკური პირებისგან მიღებულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული საქონლის მიწოდება აღნიშნული ფიზიკური პირისგან არ დასტურდება (2022 წლის მარტისა და ივნისის შესყიდვის აქტი - 3 ცალი), ასევე ზოგ შესყიდვის აქტთან მიმართებით ერთეული საქონლის ფასი არ შეესაბამება აქტში დაფიქსირებულ ღირებულებებს (7 ცალი შესყიდვის აქტი 2021, 2022 და 2023 წლის). აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას დაკორექტირდა საწარმოს მიერ გამოსაქვითი ხარჯები, კერძოდ სიტუაციური სახელმძღვანელოს (0256 ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა) გამოყენების საფუძველზე ზემოთ აღნიშნული შესყიდვის აქტების ნაწილში დანახარჯები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა (25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილების, კერძოდ კი სალაროს ანგარიშზე განხორციელებული ფულადი საშუალების მოძრაობის ნაწილში დგინდება, რომ ორგანიზაციას აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე გაცემული აქვს ფულადი საშუალებები შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ღირებულებების შესაბამისად. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ხარჯსა და აქტებში არსებულ ღირებულებებს შორის სხვაობამ შეადგინა 58 869 ლარი. შემოწმებით დადგენილი სხვაობა განისაზღვრა, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე განხორციელოებულ განაცემი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------" (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 130; 154(1„ა“); 201; 202; 275.