ბრძანება N 9905

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 9905
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9905

04.05.2023

შპს „-----------“ (ს/ნ -----------)

(მის.: --------------------)

2023 წლის 7 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) №80265/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 მარტის №EL202435 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2023 წლის 2 მარტს კომპანიამ მიიღო გზავნილი, რომლის ინვოისში პროდუქციას მინიჭებული ჰქონდა სეს ესნ კოდი 2936.29 (პროვიტამინები და ვიტამინები, ბუნებრივი ან სინთეზირებული (ბუნებრივი კონცენტრატების ჩათვლით), მათი წარმოებულები, გამოსაყენებელი ძირითადად ვიტამინების სახით, და ამ ნაერთების ნარევები, მათ შორის ნებისმიერ გამხსნელში).

შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა რომ პროდუქტებს ეკუთვნოდა სეს ესნ კოდი 2106.10 (ცილოვანი კონცენტრატები და ტექსტურირებული ცილოვანი ნივთიერებები).

მომჩივანი მიუთითებს, რომ პროდუქტები არის ვიტამინები და მათ ეკუთვნოდათ სეს ესნ კოდი 2936.29 როგოც მითითებული იყო ინვოისში. გამოთქვამს მზადყოფნას მისი ხარჯით წარმოადგინოს მტკიცებულება იმის შესახებ რომ პროდუქტები ეკუთვინის ვიტამინების - HS 2936.29 კოდს.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 2 მარტს საფოსტო გადამზიდავის შპს „-------------“ (ს/ნ -----------) მიერ №20010/1453957 საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით განხორციელდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) კუთვნილი №---------, №--------- და №---------- საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის (საკვები დანამატი – სეს ესნ კოდი „2106 10 200 00“; ვიტამინი – სეს ესნ კოდი „2936“) დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

მითითებული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ შეირჩა „ყვითელი დერეფანი“.

გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც საქონლის ვიზუალური დათვალიერების მიზნით დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საქონლის დათვალიერებისას გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს არასწორად ჰქონდა მინიჭებული სეს ესნ კოდი და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 7 მარტის №002110/2023 დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში და საფოსტო გზავნილებით (№--------; №---------; №---------) შემოტანილი საქონელი მიჩნეულ იქნა საკვებ დანამატად და განესაზღვრა დეკლარირებულისგან განსხვავებული სეს ესნ კოდი – 2106 90 980 09.

ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „2106 90“ სასაქონლო სუბპოზიციაში შემავალი საქონლის საბაჟო ღირებულება იბეგრება იმპორტის გადასახადის 12 პროცენტიანი განაკვეთით, აღნიშნულმა გამოიწვია №---------- (02.03.2023) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1030.22 ლარით (იმპორტის გადასახადი – 873 ლარი; დღგ – 157.12 ლარი).

შესაბამისად, შპს „პი ეიჩ სი ველნესის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1030.22 ლარით შემცირებას. გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, ----------- „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 10 მარტს შედგენილ იქნა №---------საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----------“ (ს/ნ -----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1030.22 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

№------------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა-4-ში მითითებული მონაცემების სისწორეს (მათ შორის სეს ესნ კოდს და დარიცხულ იმპორტის გადასახადელს) დეკალარანტი დაეთანხმა ხელმოწერით, დეკლარირებული საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და საფოსტო გზავნილებმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით ზედამხედველობას უწევს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას, იცავს საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით იცავს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს არაკეთილსინდისიერი და უკანონო საერთაშორისო ვაჭრობისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა-4-ით განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის (საკვები დანამატი – სეს ესნ კოდი „2106 10 200 00“; ვიტამინი – სეს ესნ კოდი „2936“) დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. დეკლარაციისთვის შეირჩა „ყვითელი დერეფანი“, ხოლო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შემდეგ საქონლის ვიზუალური დათვალიერების მიზნით, დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. ვინაიდან საქონლის დათვალიერებისას გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს არასწორად ჰქონდა მინიჭებული სეს ესნ კოდი და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა.

დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონელი წარმოადგენდა საკვებ დანამატებს, შესაბამისად, მათი კლასიფიკაცია განხორციელდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) ინტერპრეტაციის ძირითადი წესების გათვალისწინებით 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. „2106 90“ სასაქონლო სუბპოზიციაში შემავალი საქონლის საბაჟო ღირებულება კი იბეგრება იმპორტის გადასახადის 12 პროცენტიანი განაკვეთით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1030.22 ლარით შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა-4-ში მითითებული მონაცემების სისწორეს დეკალარანტი დაეთანხმა ხელმოწერით, დეკლარირებული საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და საფოსტო გზავნილებმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება, პროდუქციაზე, შემოსავლების სამსახურის მიერ

სეს ესნ კოდის მინიჭებას.აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

„აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც საქონლის ვიზუალური დათვალიერების მიზნით დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საქონლის დათვალიერებისას გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს არასწორად ჰქონდა მინიჭებული სეს ესნ კოდი და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.შესაბამისად, მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი

5(2)(3);13;163(1);167(1);