გადაწყვეტილება №17726/2/202
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17726/2/2022
15.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 7.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17726/2/2021).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №000-1350 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22961 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 3 788.1 ლარი.
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირველი ნახევრის გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენისათვის (წარდგენის თარიღი - 19.07.2022 წელი) საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 3 788.1 ლარის ოდენობით, რაზეც 20.07.2022 წელს შედგა მომსახურების დეპარტამენტის №011-7436 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რაც მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.07.2022 წლის №20437 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შეისწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.07.2022 წლის №20437 ბრძანების აღსრულების შედეგად, მომსახურების დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №011-7436/1 ბრძანების საფუძველზე, გადაანგარიშება არ განხორციელდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 3.08.2022 წლის №000-1350 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22961 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 3 აგვისტოს №000-1350 საგადასახადო მოთხოვნა (2022 წლის 3 აგვისტოს №011-7436/1 ბრძანება) გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20437 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებას უარის თქმის თაობაზე და არ მიიჩნევს სამართლიანად. ვინაიდან წინა შემთხვევაში, როდესაც დროულად არ მოხდა გაანგარიშების წარდგენა, განპირობებული იყო rs.ge-ს პორტალის ტექნიკური გაუმართაობის გამო და ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ დროისთვის ზუსტი გაანგარიშების შევსება. კონკრეტულად კი გაანგარიშება არ იძლეოდა საშუალებას აერჩია 80-100 გრადუსიანი მიწისქვეშა თერმულის წლის ლიცენზია და ვერც ხელით ხდებოდა ამის მითითება, მაშინ შესაძლებელი იყო მხოლოდ 40-60 გრადუსიანი ლიცენზიის არჩევა რაც არასწორ გადასახადს (განახევრებულს) გამოიანგარიშებდა და იქნებოდა ნამდვილად მძიმე სამართალდარღვევა. შესაბამისად ფიქრობს, რომ შემოსავლების სამსახურის მოყვანილი არგუმენტი არასამართლიანია, რადგან აღნიშნული გარემოებები განპირობებული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და მიუხედავად მრავალი დარეკვების, განცხადებების და მცდელობისა, შესაბამის ვადებში შემოსავლების სამსახურმა ვერ გამოასწორა ტექნიკური ხარვეზი და ამიტომ მოხდა გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენა.
აქედან გამომდინარე, კომპანია არ უნდა ითვლებოდეს არაკეთილსინდისიერ გადამხდელად, რადგან არსებული გარემოებები ცალსახაა რომ არცოდნის/უნებლიე შეცდომის შედეგადაა გამოწვეული, სადაც არანაირი ზიანი არ მიუღია ბიუჯეტს და არც სხვა ნებისმიერ სუბიექტს, ასევე არ იკვეთება არანაირი განზრახ მცდელობა გადასახადებისგან თვის არიდებისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 29.07.2022 წლის №20437 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა 3.08.2022 წლის №011-7436/1 ბრძანება, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20437 ბრძანების და 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით: სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №011-7436 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან გადამხდელის მიერ დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით (18.07.2022წ.) 12 კალენდარული თვის განმავლობაში ჩადენილი აქვს იგივე ქმედება.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 29.07.2022 წლის №20437 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.