გადაწყვეტილება №25225/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2025
№ დოკუმენტი 25225/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25225/2/2025

25 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ---)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 27.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25225/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №EL282489 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10389 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 8 372.15 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

2025 წლის 14 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი „---ს პორტის“ კონტროლის ზონაში ---დან თბომავლით ,,---“ შემოტანილ იქნა რეგისტრაციიდან მოხსნილი „MERCEDES“-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა (VIN – ----), რომელიც გადააადგილებდა „LECITRAILER“- ის მარკის მისაბმელს (VIN – ---). მისაბმელში განთავსებული იყო მომჩივნის კუთვნილი საქონელი – 2 078 ცალი მსუბუქი ავტომანქანის მეორადი მოხმარების საბურავი. მითითებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, 2025 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა №---- საქონლის საბაჟო დეკლარაცია. სატრანსპორტო საშუალების სკანირების და ვიზუალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის გარდა, აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ: მსუბუქი ავტომანქანის ახალი საბურავი – 49 ცალი, მსუბუქი ავტომანქანის მეორადი მოხმარების საბურავი – 9 ცალი, ლითონის ღობე –19 ცალი (86.83 მ 2 ) და ლითონის ღობის სამაგრი ბოძი – 4 ცალი.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2025 წლის 17 აპრილის №003848/2025 დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 8 372.15 ლარი. საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, მომჩივანს, 2025 წლის 17 აპრილის №EL282489 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის (8 372,15 ლარი) ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10389 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. საბაჟო ორგანომ დაარღვია საბაჟო კანონმდებლობა. მას სრულყოფილად, კანონის სრული დაცვით დეკლარირებული აქვს მონაცემები. შემოტანილი 59 ცალი მეორადი დანიშნულების საბურავიდან (გამოშვების თარიღი 2014 წლიდან 2020 წლის პერიოდი) მებაჟე ოფიცერმა 7 ცალი ჩათვალა მეორადად, ხოლო დანარჩენი 52 ცალი - ახალ საბურავად, რაზედაც მებაჟე ოფიცერს მიუთითა ყურადღება გაემახვილებინა საბურავის გამოშვების დამზადების თარიღზე და წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნულ საკითხზე, რაზედაც მებაჟე ოფიცერმა უარი განაცხადა, რითაც დაარღვია საბაჟო კოდექსის მე16 მუხლი პირველი, მე-2, მე-3, მე-4 ნაწილები.

2. მებაჟე ოფიცერმა ღობეც ჩათვალა მის საკუთრებად, რაზეც მას განუცხადა, რომ იგი მისი ნივთები არ არის და წარმოადგენს მძღოლის პირად საკუთრებას. მძღოლმა განუცხადა, რომ ზემოთ მითითებული ლითონის ღობე მისია, აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებს მძღოლი, დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე, რაზედაც იგნორი განახორციელა მებაჟემ, რითაც დაარღვია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4, მე-5 ნაწილი.

3. 2025 წლის 17 აპრილის №0003848/2025 ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება ვინაიდან ფიზიკურად არც ექსპერტი მოსულა საბაჟო დათვალიერების დროს და არც გაცნობილა ექსპერტის დასკვნას პირადად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საჩივრის წარმოებაში მიღებას და სადავო აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევით ან უამისოდ.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქონლის, 2 078 ცალი მსუბუქი ავტომანქანის მეორადი მოხმარების საბურავის, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, 2025 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა №--- საქონლის საბაჟო დეკლარაცია. ასევე, დადგენილია, რომ მომჩივანს 8 372.15 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (მსუბუქი ავტომანქანის ახალი საბურავი – 49 ცალი, მსუბუქი ავტომანქანის მეორადი მოხმარების საბურავი – 9 ცალი, ლითონის ღობე –19 ცალი (86.83 მ 2 ) და ლითონის ღობის სამაგრი ბოძი – 4 ცალი) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანისთვის შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

მომჩივნის განმარტებით, მას სრულყოფილად, კანონის სრული დაცვით დეკლარირებული აქვს მონაცემები, არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, ასევე აღნიშნავს, რომ საბაჟო ორგანომ იგნორირება გაუკეთა საბურავის გამოშვების თარიღს და მეორადი საბურავები ჩათვალა ახლად, ამასთან მხედველობაში არ მიიღო, რომ დანარჩენი ნივთები (ლითონის ღობე და ლითონის ღობის სამაგრი ბოძი) მას არ ეკუთვნოდა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 5.06.2025 წლის №47381-21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2025 წლის 14 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „---ს პორტის“ კონტროლის ზონაში ---დან თბომავლით ,,----“ შემოტანილ იქნა რეგისტრაციიდან მოხსნილი „MERCEDES“-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა (VIN – ---), რომელიც გადააადგილებდა „LECITRAILER“- ის მარკის მისაბმელს (VIN –VV---), კონოსამენტის მიხედვით მიმღები – შპს „---ს“ (ს/ნ ---).

მითითებული სატრანსპორტო საშუალებები 2025 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გაიცა საბაჟო შეტყობინებები (№35076194; №35076231) და ქართული დროებითი ნომრები (გამწევი – №----; მისაბმელი – №---). თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, ზემოაღნიშნულ მისაბმელში განთავსებული იყო შპს „----“-ს (ს/ნ ---) კუთვნილი საქონელი – 2 078 ცალი მსუბუქი ავტომანქანის მეორადი მოხმარების საბურავები.

მითითებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, 2025 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა №--- საქონლის საბაჟო დეკლარაცია. იმავე დღეს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების რენტგენული ინსპექტირების სისტემის (სკანერის) გამოყენებით შემოწმების თაობაზე. გამომდინარე აქედან, სატრანსპორტო საშუალება, საბაჟო ორგანოს თანამშრომლების გაცილებით, გადაყვანილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ს“ (სოფ. ---) კონტროლის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სკანერზე. სატვირთო ავტომობილის სკანირების შედეგად, მიღებულ იქნა საქონლის ვიზუალური დათვალიერების გადაწყვეტილება. დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის (მ/მ საბურავი 2 078 ცალი) გარდა, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ: მსუბუქი ავტომანქანის ახალი საბურავი – 49 ცალი, მსუბუქი ავტომანქანის მეორადი მოხმარების საბურავი – 9 ცალი, ლითონის ღობე –19 ცალი (86.83 მ2) და ლითონის ღობის სამაგრი ბოძი – 4 ცალი.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2025 წლის 17 აპრილის №003848/2025 დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 8 372.15 ლარი. მომჩივნის არგუმენტზე, რომ შემოტანილი მეორადი დანიშნულების საბურავიდან (გამოშვების თარიღი 2014 წლიდან 2020 წლის პერიოდი) მებაჟე ოფიცერმა ნაწილი ჩათვალა მეორადად, ხოლო დანარჩენი ახალ საბურავად, აღსანიშნია, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას, ხოლო მხოლოდ გამოშვების/დამზადების თარიღის მიხედვით ვერ ჩაითვლება საბურავი მეორადი მოხმარების საბურავად.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ ლითონის ღობე და ლითონის ღობის სამაგრი ბოძი არ არის მისი საკუთრება. რაც შეეხება, 2025 წლის 17 აპრილის №0003848/2025 ექსპერტიზის დასკვნას, მომჩივანი არც ამ ნაწილში წარმოდგენს ალტერნატიულ დასკვნას/შეფასებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი, ამასთან მისი მხრიდან მანამდეც ჰქონდა ადგილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს (18.11.2024წ. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL267918), საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სატრანსპორტო საშუალების სკანირების და ვიზუალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის (მ/მ საბურავი 2 078 ცალი) გარდა, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ: მსუბუქი ავტომანქანის ახალი საბურავი – 49 ცალი, მსუბუქი ავტომანქანის მეორადი მოხმარების საბურავი – 9 ცალი, ლითონის ღობე –19 ცალი (86.83 მ2) და ლითონის ღობის სამაგრი ბოძი – 4 ცალი.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 8 372.15 ლარი. საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, მომჩივანს, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის (8 372,15 ლარი) ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი, ამასთან მისი მხრიდან მანამდეც ჰქონდა ადგილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168 (2).