ბრძანება N 26387
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26387
26 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "------"-ს (ს/ნ "------")
(მის.:"------")
2023 წლის 15 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") №84098/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის №078-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის მარტის საანგარშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-"------" მის მიერ ასახული და დადეკლარირებულია 2022 წლის მაისის თვის დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხის 15205 ლარის 2130.30 ლარით შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის მარტისა და 2023 წლის ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ოქტომბრის №24216 ბრძანება და ამავე თარიღის №078-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 23 832 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 205 ლარი, ჯარიმა 7 603 ლარი, საურავი 1 024 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა. პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 16 ნოემბერს. შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რის შედეგადაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ თვეებში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დაბეგრილი არ არის დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდებზე განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.ამდენად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რის შედეგადაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ თვეებში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დაბეგრილი არ არის დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "------"- ს (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ შესამოწმებელ თვეებში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დაბეგრილი არ არის დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდებზე განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ამდენად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3),158,159,163,164,168,275.