გადაწყვეტილება №22159/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.05.2024
№ დოკუმენტი 22159/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22159/2/2024

24 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 5.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22159/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5983 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №002-284 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №232 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 726 162,69 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 400 039

დღგ - 180 462

საშემოსავლო გადასახადი - 215 452

ქონების გადასახადი - 4 125

ჯარიმა - 160 594

საურავი - 165 529,69

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 6.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №002-227 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5983 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე, ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი მონაცემების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5983 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა რიგი მზა პროდუქციის კალკულაციების შესახებ, რომელშიც ასახულია თუ რა რაოდენობის და რომელი ნედლეულია საჭირო კონკრეტული მზა პროდუქტის საწარმოებლად. წარმოდგენილია 7 ნამცხვრის კალკულაცია (----------, ----------, ----------, ----------, ----------, ----------, ----------). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის კალკულაციები განსხვავდება შემოწმების მიერ გამოყენებული (შემოწმების მიმდინარეობისას მეწარმის მიერ მოწოდებული) კალკულაციებისგან, კერძოდ: ექსპერტიზის დასკვნით გაიზარდა მზა პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის კალკულაციები, რომლის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №002-284 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №232 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა რიგი მზა პროდუქციის კალკულაციების შესახებ, რომელშიც ასახულია თუ რა რაოდენობის და რომელი ნედლეულია საჭირო კონკრეტული მზა პროდუქტის საწარმოებლად. ექსპერტიზის დასკვნით გაიზარდა მზა პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე გათვალისწინებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნის კალკულაციები, რომლის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფაქტიურად საგადასახადო შემოწმების აქტით ყველა საკითხში დარიცხული ჯარიმები გამოწვეულია არაპირდაპირი მეთოდის გავრცელებით.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორებს ჰქონდათ საბაბი გაევრცელებინათ არაპირდაპირი მეთოდი, დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, სადაც განემარტათ, რომ გარკვეული პრობლემების გამო საგადასახადო შემოწმების პერიოდში კომუნიკაცია შემმოწმებლებთან ფაქტიურად ვერ შედგა, შესაბამისად შემმოწმებლებს ზუსტი ინფორმაცია პროდუქციის კალკულაციებთან, ფასნამატთან და სხვადასხვა ხარჯებთან დაკავშირებით არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე განხორციელებული დარიცხვა არასწორი იქნება. ხელახლა მოხდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის პირველადი დოკუმენტების, კალკულაციების, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავება, რითაც ვლინდება, რომ შემმოწმებლების მიერ დარიცხული თანხებსა და გადამოწმების შედეგად მიღებულ თანხებს შორის რიგი სხვაობებია. შესაბამისად ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურს სთხოვა მიეცა საშუალება დამატებით წარედგინა როგორც პროდუქციის კალკულაციები, ასევე ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები და შემმოწმებელთან ერთად დაზუსტების შემთხვევაში მოეხდინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის

№002-227 საგადასახადო მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება.

1.03.2023 წელს შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მიეცა საშუალება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

შემმოწმებლებს მიაწოდა მათ მიერ მოთხოვნილი კალკულაციები, თუმცა შემმოწმებლებმა წარდგენილი პროდუქციის კალკულაციები სრულად არ გაითვალისწინეს, მათ მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინეს, კერძოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული კალკულაციები, ხოლო იმ პროდუქციის კალკულაციები, რომლებიც მათ მიერ არ იყო დამტკიცებული, შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5983 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე, ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი მონაცემების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა რიგი მზა პროდუქციის კალკულაციების შესახებ, რომელშიც ასახულია თუ რა რაოდენობის და რომელი ნედლეულია საჭირო კონკრეტული მზა პროდუქტის საწარმოებლად. წარმოდგენილია 7 ნამცხვრის კალკულაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის კალკულაციები განსხვავდება შემოწმების მიერ გამოყენებული (შემოწმების მიმდინარეობისას მეწარმის მიერ მოწოდებული) კალკულაციებისგან, კერძოდ: ექსპერტიზის დასკვნით გაიზარდა მზა პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის კალკულაციები, რომლის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები დღგის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5983 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5983 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ექსპერტიზის დასკვნით გაიზარდა მზა პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის კალკულაციები, რომლის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები დღგის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5983 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);102(1);161(1);159(1);