გადაწყვეტილება №18309/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18309/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18309/2/2022

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 26.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18309/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.04.2022 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2022 წლის №12227 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2022 წლის №002-82 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24739 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 967 374 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 465 096

დღგ - 422 151

მოგების გადასახადი - 27 981

საშემოსავლო გადასახადი - 14 964

ჯარიმა - 242 631 საურავი - 259 647

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საკვებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.

კომპანია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს, როგორც ადგილობრივ ასევე, რუსეთსა და უკრაინის ბაზრებზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი: გადასახადის გადამხდელს არ აქვს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება კანონმდებლობის შესაბამისად. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების დამუშავებით დადგენილი ფასნამატი საქონლის სახეობების მიხედვით (საშუალოდ 2016 წელს 10%, 2017 წელს 8%) გამოიყენა გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის დასადგენად. შემოწმების შედეგად გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2017 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადის მიზნებისათვის არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი (სხვაობა) დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 101-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2019 წლის №42323 ბრძანება და №002-456 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14042 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); 2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემების კორექტირება შესაბამისი შემოსავლის საანგარიშო პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14042 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.10.2021 წლის №13214/2/2021 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14042 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 27.04.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირებას დაექვემდებარა სულ 524 559 ლარი, მათ შორის გადასახადი 343 197 ლარის და ჯარიმა 181 362 ლარის ოდენობით, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტისა 16.05.2022 წლის №12227 ბრძანება და 17.05.2022 წლის №002-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 17.06.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ და გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენისა და ნაშთების შესახებ. შედეგად, დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, შესწავლილი ინფორმაციისა და მიღებული შედეგების გათვალისწინებით დაკორექტირდა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემები, რომელიც გადანაწილდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ხოლო, ფასნამატი წარდგენილი ცხრილის შესაბამისად, გამოთვლილია წლის ჭრილში, კერძოდ, ერთეულის სარეალიზაციო ფასის შეპირისპირებით ერთეულის შეძენის ფასთან. ვინაიდან გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა, შემოწმებით ფასნამატი გაანგარიშებულია სარეალიზაციო ფასის შეპირისპირებით უახლოეს შეძენასთან. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და მის საფუძველზე დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №14042 ბრძანების აღსრულება განხორციელდა ნაწილობრივ, კერძოდ: საგადასახადო ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დადასტურებული არ ქონდა ერთ-ერთი მომწოდებლის მიერ გამოწერილი ათეულობით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რადგან საწარმო სადაოდ ხდის საგადასახადო ანგარიშფაქტურაში დაფიქსირებული საქონლის მიღების ფაქტს. საგადასახადო ორგანომ დაუდასტურებელ (სადავო) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული საქონელი განიხილა, როგორც საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და მათი ღირებულებით გაზარდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ), რადგან საწარმოს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რპთ-ის გაზრდასთან ერთად შემოწმებით მოხდა საწარმოს ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საგადასახადო ორგანომ სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული საქონელი განიხილა საწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდში შეძენილად და მათი ღირებულება შეიყვანა შესამოწმებელი პერიოდის რპთ-ში, საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხებით არ გაზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.

კომპანია მიიჩნევს, რომ სადაო საკითხთან მიმართებაში, საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და საგადასახადო ორგანოს მიერ ან უნდა განხორციელდეს შესამოწმებელი პერიოდის რპთ-ის თანხების კორექტირება (შემცირება), ან სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხებით უნდა გაიზარდოს შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.

კომპანია დავების განხილვის საბჭოს თხოვს ისარგებლოს საგადასახადო კოდექსით მინიჭებული უფლებით და გაათავისუფლოს დაკისრებული საგადასახადო სანქცია/საურავისგან, რადგან წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელსაც საგადასახადო შემოწმებამდე რაიმე სახის საგადასახადო სანქცია არ დაკისრებია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14042 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

ა) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

ბ) ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემების კორექტირება შესაბამისი შემოსავლის საანგარიშო პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14042 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით:

გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია დოკუმენტაცია, კერძოდ, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით, შეძენის, ფასნამატის და სასაქონლო ნაშთების შესახებ. წარდგენილი ინფორმაცია დამატებით იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შეძენისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ, ხოლო ფასნამატი წარდგენილი ცხრილის შესაბამისად გამოთვლილია წლის ჭრილში - ერთეულის სარეალიზაციო ფასის შეპირისპირებით ერთეულის შეძენის ფასთან. ვინაიდან გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა, შემოწმების აქტით ფასნამატი გამოთვლილია სარეალიზაციო ფასის შეპირისპირებით უახლოეს შეძენასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის ცხრილი არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.

შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, შესწავლილი ინფორმაციისა და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემები და გადანაწილდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

მომჩივანი არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით წარდგენილი ინფორმაციის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად ან არასრულად გათვალისწინებაზე არგუმენტს/პრეტენზიას არ წარმოადგენს, თუმცა მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დადასტურებული არ ჰქონდა ერთ-ერთი მომწოდებლის მიერ გამოწერილი ათეულობით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რადგან კომპანიის მიერ სადავოა საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული საქონლის მიღების ფაქტი. საგადასახადო ორგანომ დაუდასტურებელ (სადავო) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული საქონელი განიხილა, როგორც საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და მათი ღირებულებით გაზარდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ), რპთ-ის გაზრდასთან ერთად შემოწმების შედეგად გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით), თუმცა სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხით არ გაზრდილა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შესაბამისად მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ან უნდა განხორციელდეს შესამოწმებელი პერიოდის რპთ-ის თანხების კორექტირება (შემცირება) ან სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაზრდა. ამასთან, კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და ითხოვს საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და კომპანია გაათავისუფლოს დაკისრებული სანქცია/საურავისგან.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 13.05.2021 წლის №14042 ბრძანებით ნამსჯელ 2021 წლის 18 იანვრის №56091/1/2021, 21 იანვრის №56220/1/2021 და 7 აპრილის №58527/1/2021 საჩივრებში და აღსრულების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 17.06.2022 წლის №71785/1/2022 საჩივარშიც მომჩივანს ზემოთ აღნიშნული არგუმენტი მითითებული არ აქვს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია სრულყოფილად და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.04.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14042 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით და სანქციებისგან გათავისუფლებას, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14042 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.