ბრძანება N 10728
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10728
15.05.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 27 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) №79944/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №022-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, ფასნამატის გაანგარიშებას და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ შეძენარეალიზაცია (ფასების მიხედვით) დაკავშირებულია არასწორად, რაც ზრდის ფასნამატს (მაგალითად მოჰყავს ------, ------ და ------ ფასნამატები). ითხოვს, რომ დოკუმენტით რეალიზებულ საქონელზე არ გავრცელდეს ინვენტარიზაციის ფასნამატი, ხოლო საქონლის დანარჩენ ნაწილზე გავრცელდეს დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი ჯგუფების მიხედვით. აღნიშნავს, რომ კომპანიას საქონლის 40% რეალიზებული აქვს დოკუმენტით. მომჩივანი ითხოვს ფასნამატის ხელახალ გაანგარიშებას მისი უშუალო ჩართულობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №40705 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 ივლისის №022-45 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 8 სექტემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2020 წლის 1 ოქტომბრის №29761 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მხოლოდ უახლოეს/მომიჯნავე საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი არ გავრცელდეს დოკუმენტურ რეალიზაციებზე, ხოლო, 2017-2018 წლების საანგარიშო პერიოდში შემოწმებამ იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №40705 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 16 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 23 თებერვლის №022-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროსაც, შემოწმების მიერ, ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთის მიმართ გავრცელებული იყო საშუალო შეწონილი 7%-იანი ფასნამატი სრულ შესამოწმებელ პერიოდზე, მათ შორის, ინვენტარიზაციის უახლოეს მომიჯნავე პერიოდზეც (2019-2020 წლები). ხოლო, 2017-2018 წლების რეალიზაციის დასადგენად, შემოწმებას დაევალა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოწმებამ კომპლექსურად შეისწავლა საქონლის დუკუმენტურად დადასტურებული შეძენისა და რეალიზაციის ამსახველი ოპერაციები, რა დროსაც განხორციელდა ფასნამატების შედარება 500-ზე მეტი იდენტიფიცირებული საქონლის რეალიზაციის 11 000-ზე მეტი ეპიზოდის შემთხვევაში. ერთეულ საქონელზე ფასნამატის მისაღებად, საქონლის დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი შეუდარდა ამავე საქონლის უახლოესი (ბოლო) შეძენის ფასს იმდენჯერ, რამდენჯერაც ის იყო ასახული მთლიან გაყიდვაში. საშუალო შეწონილი ფასნამატის მისაღებად კი, ერთეულ საქონელზე მიღებული ფასნამატებიდან (მათ შორის, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შემთხვევების ჩათვლით) ფასნამატის შეწონვა განხორციელდა რეალიზებული საქონლის რაოდენობის მიხედვით. გადაანგარიშებით მიღებულმა შედეგებმა არ დაადასტურა გადასახადის გადამხდელისათვის შემამსუბუქებელი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საკმარისი საფუძვლების არარსებობის გამო, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოწმების მიერ, ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთის მიმართ გავრცელებული იყო საშუალო შეწონილი 7%-იანი ფასნამატი სრულ შესამოწმებელ პერიოდზე, მათ შორის, ინვენტარიზაციის უახლოეს მომიჯნავე პერიოდზეც - 2019-2020 წლებზე, ხოლო, 2017-2018 წლების რეალიზაციის დასადგენად, შემოწმებას დაევალა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება, თუმცა გადაანგარიშებით მიღებულმა შედეგებმა არ დაადასტურა გადასახადის გადამხდელისათვის შემამსუბუქებელი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმებამ, დოკუმენტური ფასნამატის გამოყვანის მიზნით კომპლექსურად შეისწავლა საქონლის შეძენისა და რეალიზაციის ამსახველი ოპერაციები. ამასთან, შემოწმების მიერ შედგენილ ცხრილზე გადასახადის გადამხდელმა ყურადღება გაამახვილა მხოლოდ სამ კატეგორიაში შემავალ საქონელზე (----, ------, ------), რომელიც წარმოადგენს ისეთ კატეგორიის სასურსათო პროდუქციას, რომელიც მცირე წონიანი შეფუთვით არის დაფასოებული და არ ხასიათდება დაბალი ფასნამატით. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების არცერთ ეტაპზე არ გამოთქვა სურვილი ჩართულიყო გადაანგარიშების პროცესში. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს ფასნამატის ხელახალ გაანგარიშებას, მისი უშუალო ჩართულობით.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2020 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მხოლოდ უახლოეს/მომიჯნავე საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი არ გავრცელდეს დოკუმენტურ რეალიზაციებზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გადაანგარიშებით მიღებულმა შედეგებმა არ დაადასტურა გადასახადის გადამხდელისათვის შემამსუბუქებელი გარემოებები. საკმარისი საფუძვლების არარსებობის გამო, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 298(2); 302(6); 304(21)