გადაწყვეტილება №25017/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2025
№ დოკუმენტი 25017/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25017/2/2025

14 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 2.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25017/2/2025).

 

დავის საგანი:

იმპორტირებულ საქონელზე განსაზღვრული სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №34332000 შეტყობინება;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 მარტის №4134 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

2024 წლის 13 დეკემბერს მომჩივანმა №"--------" საქონლის საბაჟო დეკლარაციით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოაქცია Sinomarin children 100 ml“ და „Sinomarin adult 125 ml (ცხვირის სპრეი (სინომარინი)), საერთო საბაჟო ღირებულებით 26 158,19 ლარი.

საბაჟო დეკლარაციაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, იმპორტირებულ საქონელს მიენიჭა სეს ესნ 3307 90 000 00 სასაქონლო კოდი და ვინაიდან „3307“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №34332000 შეტყობინების გაუქმების და 2024 წლის 13 დეკემბრის №"-------" საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 მარტის №4134 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტლების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ №"-------" (13.12.2024) საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ კოდი) და №34332000 13.12.2024 შეტყობინება შეესაბამება

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

sinomarin 100 ml- 2018 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა - Sinomarin children 100 ml,Sinomarin 125 ml-ს შეეცვალა სახელი და ეწოდა Sinomarin adult 125 ml.

Sinomarin monodose 18 vials-ს 2014 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა Sinomarin Babies 18*5 vials.

შესაბამისად, ერთხელ უკვე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით

განისაზღვრა რომ ზემოთ აღნიშნული საქონლის კოდი არის 3004901900 და არა 33079000000. თუმცა,საბაჟო დეპარტამენტმა ალბათ ჩათვალა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვადა გაუვიდა და ისევ

არასწორი სასაქონლო კოდი განუსაზღვრა საქონელს.

გამომდინარე აქედან, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სასმახურის 2024 წლის 13 დეკემბრის შეტყობინება №34332000, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 მარტის ბრძანება №4134 და მოხდეს საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქონლის კოდად განისაზღვროს 3004901900.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.

დადგენილია, რომ 2024 წლის 13 დეკემბერს მომჩივანმა №"--------" საქონლის საბაჟო დეკლარაციით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოაქცია Sinomarin children 100 ml“ და „Sinomarin adult 125 ml (ცხვირის სპრეი (სინომარინი)), რომელსაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიენიჭა სეს ესნ 3307 90 000 00 სასაქონლო კოდი და დაიბეგრა დღგ-ით (4753.14 ლარი).

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №------- წერილი, სადაც მითითებული შემდეგი:

საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტში (№2024 0250, 06.12.2024) მითითებული საქონლის დასახელება და არტიკულის ნომერი (არტ. 430516 Sinomarin children 100 ml და არტ. 430515 Sinomarin Adult 125 ml) იდენტურია იმავე დეკლარანტის მიერ წარდგენილი 2022 წლის 24 აპრილის №"-------" საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის, რომელიც, შპს „ეს კა იმპექსის“ მომართვით ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №003052/2022 (19.04.2022) ექსპერტიზის დასკვნით კლასიფიცირებულ იქნა 3307 90 000 00 სასაქონლო კოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, №"-------" საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისას დეკლარირებული საქონლის სასაქონლო კოდად მითითებულ იქნა სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვეუბპოზიცია.

მომჩივნის განმარტებით, sinomarin 100 ml- 2018 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა - Sinomarin children 100 ml, Sinomarin 125 ml-ს Sinomarin adult 125 ml ხოლო Sinomarin monodose 18 vials-ს 2014 წელს შეცვლილი სახელწოდებით ეწოდება Sinomarin Babies 18*5 vials. ერთხელ უკვე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განისაზღვრა რომ ზემოთ აღნიშნული საქონლის კოდი არის 3004901900 და არა 33079000000. თუმცა, საბაჟო დეპარტამენტმა კვლავ არასწორი სასაქონლო კოდი განუსაზღვრა საქონელს.

საბჭო განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოებული დავა ეხებოდა ზღვის წყალს Sinomarin 100 ml, Sinomarin 125 ml, Sinomarin Monodose 18 vials. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 27 ივნისის №010476-2011/10/1 დასკვნის შინაარსით კი, ექსპერტიზაზე წარდგენილია ნაზალური ხსნარი: Sinomarin Monodose 18 vials X5 ML, Sinomarin Mini 30 ml, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სადავოა ჰიპერტონიული ზღვის წყლის ხსნარი (Sinomarin Children 100ml და Sinomarin adult 125 ml), განკუთვნილი ცხვირის ღრუს ჰიგიენისათვის, რომლებსაც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2022 წლის 19 აპრილის №003052/2022 დასკვნით, განესაზღვრა – 3307 90 000 00 სეს ესნ კოდი, ვინაიდან საქმე გვაქვს სასამართლო და მიმდინარე დავაში არსებულ სხვადასხვა საქონელთან, საბჭოს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მართებულად მიაჩნია.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, მის მიერ იმპორტირებული საქონლის სახელწოდების შეცვლასთან (2014 და 2018 წლებში) დაკავშირებით, არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, რაც საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავების განხილვის საბჭოში ზემოთ დასახელებულ და წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით, არსებობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.11.2014 წლის №"-------"წერილი, რომლის მიხედვით, PNG Gerolymatos „S.A.“-ს მიერ წარმოებულ პროდუქტებზე: 27.05.2013 წლის №0020813130 ექსპერტიზის დასკვნით, Sinomarin Children 100ml, Sinomarin Adult 125ml, Monodose 18 vials X5 ML განისაზღვრა სეს ესნ-ის კოდი – 3307 90 000 00, ვინაიდან ბოლო პერიოდის მსო-ს წევრი ქვეყნების წევრი წინასწარი გადაწყვეტილებებით ანალოგიურ საქონელზე (მათში არსებული ზღვის წყალის ოდენობის და შეფუთვის სახეობის მიუხედავად) ძირითადად მინიჭებულია ნომენკლატურის 3307 სასაქონლო პოზიციის კოდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სასმახურის 2024 წლის 13 დეკემბრის შეტყობინება №34332000, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 მარტის ბრძანება №4134 და მოხდეს საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქონლის კოდად განისაზღვროს 3004901900.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა საქონლის საბაჟო დეკლარაციით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოაქცია ცხვირის სპრეი,საერთო საბაჟო ღირებულებით 26 158,19 ლარი. საბაჟო დეკლარაციაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, იმპორტირებულ საქონელს მიენიჭა სეს ესნ 3307 90 000 00 სასაქონლო კოდი და ვინაიდან „3307“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტის შეტყობინების გაუქმების და საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 მარტის №4134 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

35,173.