გადაწყვეტილება №22895/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2024
№ დოკუმენტი 22895/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№ 22895/2/2024

17 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- 18.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22895/2/2024).

 

დავის საგანი:

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №002-76 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7096 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 210 576,81 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 95 085

დღგ - 40 277

საშემოსავლო გადასახადი - 54 039

ქონების გადასახადი - 769

საურავი - 115 491,81

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2012 წლიდან 1.04.2016 წლამდე პერიოდი, ხოლო წლიური საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდა 2012, 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 14.09.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.09.2016 წლის №26686 ბრძანება და №005-281 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 160 246 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარადგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო არგუმენტაცია/მტკიცებულება; ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დადგენილი ფასნამატისა და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშება და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა, ხოლო, დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრისას იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესაძლებლობაზე და, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანება 2.11.2016 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 16.03.2017 წლის №13541/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2016 წლის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა;

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შემოწმებით დარიცხული (გადაანგარიშების შემდგომ დარჩენილი) ჯარიმისაგან;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2016 წლის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა და მასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.10.2019 წლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები, იმ ნაწილში, რომელშიც გულნარა ჯაფოშვილს არ შეუმცირდა დამატებით დარიცხული თანხები და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.07.2020 წლის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2019 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: გულნარა ჯაფოშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2016 წლის №26686 ბრძანება, 19.09.2016 წლის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელშიც გულნარა ჯაფოშვილს არ შეუმცირდა დამატებით დარიცხული თანხები და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. ხოლო, ---------- სასარჩელო მოთხოვნაზე - ნაწილობრივ ბათილად გამოცხადებულიყო შემოსავლების სამსახურის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანება, შეწყდა წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.04.2021 წლის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.07.2020 წლის გადაწყვეტილება.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 28.04.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემცირდა საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით სულ 467 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის ბრძანება და 19.05.2023 წლის №002-76 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.10.2023 წლის №25866 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.12.2023 წლის №21226/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. №03/10232) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25866 ბრძანება; საჩივარი, საურავის დარიცხვის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7096 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საურავის დარიცხვის საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული მითითების შესაბამისად განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7096 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის 21 ნაწილზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-16 მუხლის მე-16 პუნქტზე, 269-ე მუხლის 21 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების თანახმად, 2016 წლის პირველ იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვის შეწყვეტა გათვალისწინებულია მხოლოდ 2019 წლის პირველი იანვრიდან. აღნიშნული პროცედურა ხორციელდება პროგრამულად. პროგრამული ლოგიკის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით არსებულ დავალიანებაზე დარიცხული საურავის მოხსნა ავტომატურ რეჟიმში არ არის შესაძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის პოზიციით, მიზანშეწონილია მიეცეს მითითება აუდიტის დეპარტამენტს, რომ დასკვნის საფუძველზე, მექანიკურად განხორციელდეს საურავის გადაანგარიშება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საურავის დარიცხვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მითითების შესაბამისად განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

19.09.2016 წლის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა სასამართლოში გადასახადი 93 722 ლარი და საურავი 24 939 ლარი. სასამართლომ გააუქმა შემოსავლების სამსახურის ყველა საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიუთითა საგადასახადო ორგანოს, რომ გამოიყენოს ყველა საჭირო შესაძლებლობა, შესაბამისი კორექტივები შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად იმ მიზნით, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, სავარაუდო საგადასახადო ვალდებულების ფორმირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არა მარტო შესაძლო შემოსავლებმა, არამედ შესაძლო გამოქვითვებმა, ხარჯებმაც. პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურმა აღსრულებაში მოიყვანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გონებრივი განსჯის საფუძველზე გამოსცა 19.05.2023 წლის №002-76 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა 210 576.81 ლარი (აქედან საურავი 115 491,81 ლარი). აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. რატომ კორექტირების დროს არ ჩამოწერა საურავი შემოსავლების სამსახურმა? რომ არ გაესაჩივრებინა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში იძულებითი აღსრულებით უნდა გადაეხადა თუ არა 210 576,81 ლარი? უკვე ბევრჯერ დარწმუნდა, რომ მიზანმიმართული ქმედებაა მეწარმის მიმართ.

ბიუჯეტიდან არაფერი მოუპარავს! მუშაობდა პატიოსნად და თვლის, რომ წარმატებულად იხდიდა გადასახადებს, ეამაყებოდა რამდენი ადამიანი დაასაქმა იმ უსამსახურო პერიოდში. მათ საშემოსავლო გადასახადს იხდიდა და იქნებ იანგარიშოს ვინმემ რა თანხები აქვს შეტანილი ბიუჯეტში დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის სახით? მუშაობა დაიწყო ნასესხები ფულით, სახელმწიფო არასოდეს დახმარებია არაფერში, მაგრამ ისიც დახმარება იქნებოდა თავის დროზე შეემოწმებინა, თუ რამე შეცდომებს უშვებდა გაეფრთხილებინა. ამდენი ხნის მერე ამხელა ვალის დადება… ეს იძულებითი სიკვდილის ტოლფასია.

მეცხრე წელია ეს დავა მიმდინარეობს. თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ამჟამად არის გადახდისუუნარო, გაკოტრებული ყოფილი მეწარმე ფიზიკური პირი. მისი შემოსავალი არის მხოლოდ 315 ლარი პენსია, რომელიც შესაძლებელია გაუქმდეს ან პირდაპირ ჩამომეჭრას ბიუჯეტის სასარგებლოდ. ქონება არ გააჩნია. სოფლის სახლი, რომელიც დაყადაღებულია, მხოლოდ თანამესაკუთრედ წერია 2013 წლიდან. ის სახლი თავიდანვე მემკვიდრეობით ეკუთვნოდა მის დას და ცხოვრობს თავისი ოჯახით. ძველი ავტომანქანა მინივენი დიდი ხანია ავარიაში მოყვა და ჯართის სახე მიიღო. სავარაუდოდ პოლიციაში იქნება მონაცემები. ერთადერთი, რაც ეკუთვნის ავტომანქანა რავ 4. არასოდეს გახდებოდა მეწარმე ასე კარგად რომ სცოდნოდა საგადასახადო კოდექსი, სადაც არცერთი მუხლი მეწარმეს არ იცავს, და არც არასოდეს, არასოდეს არავის ურჩევს მეწარმეობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 27.12.2023 წლის №21226/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. №03/10232) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჩივარი, საურავის დარიცხვის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7096 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საურავის დარიცხვის საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული მითითების შესაბამისად განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №002-76 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7096 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7096 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7096 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საურავის დარიცხვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული მითითების შესაბამისად განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;269(21)