ბრძანება N 44503-4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.12.2018
№ დოკუმენტი 44503-4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 44503

18/12/2019

შპს --------------------

(მის.: -----------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 სექტემბრის №021-129 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 01 ნოემბრის (ოქმი №78) 13 დეკემბრის (ოქმი №90) სხდომებზე.

წარმოდგენილი საჩივრით გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით, საჩივარში მითითებულია, რომ კომპანიას ფიზიკური პირებისგან არ აქვს მიღებული არანაირი მომსახურება და რომ ჰქონდეს მიღებული, აღნიშნული არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 13 თებერვლის №3076 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის სრული გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე 2019 წლის 25 სექტემბერს გამოიცა №33211 ბრძანება და №021-129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1,578,537.59 ლარი, მათ შორის გადასახადი 848,127 ლარი, ჯარიმა 424,122 ლარი, საურავი 306,288.59 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ:

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან მიღებული სხვადასხვა სახის მომსახურებები, რომლებზეც განხორციელებული გადახდების დროს არ ასრულებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით არსებულ მოთხოვნებს.

სსკ-ს 154-ე მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი და რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის. შემოწმებით ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, სსკ-ის მე-100 მუხლზე, რომლის თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის“ მე-2 მუხლის „გ“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ხელფასი არის საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური (სარგებელი). ხოლო დაქირავებული არის საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ. ამასთან, დაქირავებულად არ ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ამ საწარმოსათვის ახორციელებს ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ქონების იჯარით (ქირით) გადაცემას.

ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესით განსაზღვრული ხელფასის მიმართ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს (შემდგომში – საწარმო) არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება.

სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე. რომ შემოწმების თანახმად, გადასახადის წყაროსთან დაბეგრილია, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, გადახდილი თანხები.

შესაბამისად, ფიზიკურ პირთა მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებით მიღებული სარგებელი იბეგრება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად იქნა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული და საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის თანახმად:

1.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ საჩივარში არ არის დასაბუთებული, სადავო აქტის კანონსაწინააღმდეგობა ან მისი მომზადების/გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი ან ფორმალური საფუძველი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

თიზის საწარმოს მიერ ფიზიკური პირებისთვის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმებით დადგინდა, რომ თიზ-ის საწარმოს უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან მიღებული სხვადასხვა სახის მომსახურებები, რომლებზეც განხორციელებული გადახდების დროს არ ასრულებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

ვინაიდან სსკ-ს 154-ე მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი და რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის. შემოწმებით ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

 

ფიზიკურ პირთა მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებით მიღებული სარგებელი იბეგრება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად იქნა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული და საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1,,დ“)

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილება