გადაწყვეტილება №27684/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27684/2/2026
07 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --- ის 30.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27684/2/2026).
დავის საგანი:
გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი 2026 წლის 15 მაისის №CB1911911 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 ივნისის №13868 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 990 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა ხე-ტყის მასალით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 23 მაისიდან. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 მაისის №ბ-14996/2026 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 3 980 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები, რაზეც მომჩივანს 15.05.2026 წლის №CB1911911 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.06.2026 წლის №13868 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, ამავე კოდექსის 72-ე მუხლზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საქმის ირგვლივ არსებული მასალებსა და იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ ხდება მხარეთა იდენტიფიცირება. ამასთან, ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში გადამხდელმა ვერ წამოადგინა აღნიშნული ტვირთის მიწოდების ხელშეკრულება და ასევე, მის მიერ ვერ მოხდა დასაბუთება, რისთვის გამოიყენება აღნიშნული პარამეტრებით არასტანდარტული ხის საძირე პალეტი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი სახის ნაკეთობა (ხის საძირე) შემდგარია/წარმოებულია დახერხილი (ხე-მასალა) ფიცრის გადამუშავებით, რისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხე-ტყის ელ. ზედნადები) მეწარმეს არ გააჩნია. მცირე ბიზნესის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში აღნიშნული ტვირთის შეყვანით ვერ დასტურდება მისი წარმომავლობა და კანონიერება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის 5 ივლისიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით და კეთილსინდისიერად ასრულებს მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 21 აპრილს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით (როგორც შემდგომში განმარტა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელმა) გაჩერებული იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ---, რითაც ხდებოდა მისი კუთვნილი ტვირთის ტრანსპორტირება, გადამოწმების შემდგომ დადგინდა, რომ ავტომობილში განთავსებული საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, კერძოდ გამოწერილი იყო შიდა გადაზიდვის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №--- და აღნიშნული საქონელი გატარებული ჰქონდა მცირე ბიზნესის ხარჯების აღრიცხვის ჟურნალში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №999 ბრძანების მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან ყველაფერი იყო წესრიგში და კანონიერად განხორციელებული, მაინც მოხდა სატრანსპორტო საშუალების დალუქვა და გაჩერება, ავტომანქანა მასზედ განთავსებულ ტვირთთან ერთად უსაფუძვლოდ დალუქულ მდგომარეობაში იმყოფებოდა 16 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში საქმეზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც ნათლად დადასტურდა, რომ ტრანსპორტირებული საქონელი არ წარმოადგენდა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტს და სასაქონლო ზედნადებში მითითებული დასახელება და რაოდენობა სრულად შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას (რაც ასევე დასტურდება იმით, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ზედნადებით უკანონო ტრანსპორტირების ფაქტზე შემდგომი რეაგირება არ მომხდარა).
მას შემდეგ, რაც ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ვერსია გამოირიცხა, ლუქის ახსნის პროცესში ტვირთზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 06.05.2026 წლის №ბ-14996/2026 ბრძანებით ჩატარდა შერჩევითი ინვენტარიზაცია. აღნიშნულ პროცესში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა ვიდეოგადაღებით დააფიქსირა და დასურათებულ იქნა ავტომანქანაში განთავსებული მცირე ბიზნესის ხარჯების აღრიცხვის ჟურნალი. მის მიერ შემოსავლების სამსახურში შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარდგენილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224) მიხედვით (07.05.2026 წლის განცხადება რეგისტრაციის №682612), რომლითაც ოფიციალურად წარადგინა ბუღალტრული ნაშთი, შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები და მცირე ბიზნესის ხარჯების აღრიცხვის ჟურნალი. მიუხედავად ამისა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მის მიმართ მაინც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის (მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები) პირველი ნაწილის შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ამავე, მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები. ამავე კოდექსის 269-ე მუხლი პირველი ნაწილის შესაბამისად (საგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები) საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის (საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა) მე-4 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
მომჩივანი მიუთითებს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების მე-16 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 601 , 95-ე და 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სამართლებრივი მოცემულობის ფარგლებში გაურკვეველია, რა გახდა ოქმის შედგენის მიზეზი და რა მოქმედება თუ უმოქმედობა ჩათვალეს სამართალდარღვევად. მაშინ როცა მას როგორც მცირე მეწარმემ აბსოლიტურად კეთილსინდისიერად შეასრულა და ასრულებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. რასაც საგადასახადო კოდექსი და შემდგომში ფინანსთა მინისტრის ბრძანება აწესებს მოთხოვნებს მცირე მეწარმის მიმართ, აქვს შესრულებული და საწინააღმდეგოს დამტკიცება შემოსავლების სამსახურის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რასაც შემოსავლების სამსახური ამ შემთხვევაში მიაჩნია, რომ ვერ ახერხებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, რომ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვალდებულებები მეტყველებს შემოსავლების სამსახურის მიერ 2026 წლის 23 ივნისს გამოცემული №13868 ბრძანება რომელიც გამოცემულია ისე, რომ საერთოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი სამართლებრივი გარემოებები, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არ მომხდარა მისი ჩართვა ადმინისტრაციულ პროცესში და არ მიეცა კანონმდებლობით მონიჭებული უფლება დამეცვა მისი პოზიცია სრულყოფილად, შესაბამისად აღნიშნული ბრძანება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2026 წლის 25 მაისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ გააჩერეს ავტომანქანა რომლითაც ხდებოდა მისი კუთვნილი ტვირთის, იდენტური პროდუქტის (ხის საძირის) ტრანსპორტირება. ტვირთი კვლავ სრულად იყო გატარებული მცირე ბიზნესის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში და გამოწერილი იყო შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები.
ამასთან, ადგილზე მყოფმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადასტურეს დოკუმენტაციის სისწორე, თუმცა შემოსავლების სამსახურის მითითებით ტვირთი მაინც გაჩერდა და დაილუქა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ღიად განაცხადეს, რომ ტვირთზე კვლავ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რათა დადგინდეს შეესაბამება თუ არა საქონელი ზედნადებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომელთა ზეპირსიტყვიერი განცხადება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ექსპერტიზა კვლავ მის სასარგებლოდ დასრულდება და დაადასტურებს ტვირთის ტრანსპორტირების სისწორეს, ისინი შემდგომ ეტაპზე მაინც ხელახლა ჩაატარებენ შერჩევით ინვენტარიზაციას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აშკარად უსაფუძვლო და არასამართლიანი მოპყრობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მის ეკონომიკურ საქმიანობას, რაც აიძულებს, რომ მომავალში მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ არ მოხდა აღნიშნული უსამართლო დამოკიდებულების გამოსწორება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა - იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესისთვის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების წესის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის მე-16 მუხლის შესაბამისად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.
4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 მაისის №ბ-14996/2026 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 3 980 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების გამო, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. მომჩივნის განმარტებით, 2026 წლის 21 აპრილს გადამოწმდა სატრანსპორტო საშუალება. შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა N--- შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები და მცირე ბიზნესის ხარჯების აღრიცხვის ჟურნალი. მას შემდეგ, რაც ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ვერსია გამოირიცხა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შერჩევითი ინვენტარიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ 2 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინა ბუღალტრული ნაშთი, შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები და მცირე ბიზნესის აღრიცხვის ჟურნალი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მაინც ჩათვალა საქონელი აღურიცხავად და დააკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ნორმის გამოყენება უკანონოდ მიაჩნია, ვინაიდან ჰქონდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ პირველ გაჩერებამდე, ზუსტად იგივე სახის პროდუქცია, ანალოგიური ფორმითა და დოკუმენტაციით (მცირე ბიზნესის ჟურნალი და შიდა გადაზიდვის ზედნადები) ტრანსპორტირებული აქვს 3-ჯერ (18.03.2026 წლის N--- 29.03.2026 წლის N--- და 03.04.2026 წლის N--- სასაქონლო ზედნადებებით).
სამივე შემთხვევაში ავტომანქანა გაჩერდა და შემოწმდა როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების, ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ.
საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე (მომჩივანი აწარმოებდა მცირე ბიზნესის ჟურნალს და ასევე გამოწერილი ჰქონდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები) და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, რა საგადასახადო ვალდებულებები ეკისრებოდა მომჩივანს, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს და აღნიშნული ვალდებულებებიდან რომელი არის დარღვეული მის მიერ, რამაც განაპირობა მომჩივნისთვის საგადასახადო კოდოექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაჯარიმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 ივნისის №13868 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა.
ფაქტობრივი გარემოებები
ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტიური აღწერით, 2026 წლის 4 მაისის მდგომარეობით დაუფიქსირდა 3980 ლარის აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები. სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ, მეწარმის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და აღწერით არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარებით გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელის მხრიდან, სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების შესწავლის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე, 136-ე მუხლებით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 311 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეს სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები. შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს დაეკისრა ჯარიმა 1990 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე (მომჩივანი აწარმოებდა მცირე ბიზნესის ჟურნალს და ასევე გამოწერილი ჰქონდა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები) და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, რა საგადასახადო ვალდებულებები ეკისრებოდა მომჩივანს, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს და აღნიშნული ვალდებულებებიდან რომელი არის დარღვეული მის მიერ, რამაც განაპირობა მომჩივნისთვის საგადასახადო კოდოექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაჯარიმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (4).