გადაწყვეტილება № 27713/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27713/2/2026
04 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- 3.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27713/2/2026).
დავის საგანი:
ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2026 წლის №006-86 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11418 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 325 340.2 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 200 410.62
დღგ - 71 371.08
საშემოსავლო გადასახადი - 129 039.54
ჯარიმა - 100 205.50
საურავი - 24 724.08
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 11 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას აქვს ერთი დასრულებული პროექტი ქ. ----. გადასახადის გადამხდელთან შედგა კომუნიკაცია, წარადგინა დოკუმენტაცია, ხოლო საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვას არ აწარმოებს. შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის მიერ, შპს ----(ს/ნ ----) და შპს ---- (ს/ნ ---), რეალიზებული და გადაფორმებულია ავტოსადგომები და სხვა ფართები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის დეკლარირებული. შემოწმების მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე, გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით, რომ თანხა სრულადაა გადახდილი, ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 161-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეული იქნა სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის მიერ გატანილად. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მარტის №6063 ბრძანება და №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11418 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ შემოწმების მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე, გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით, რომ თანხა სრულადაა გადახდილი, მართლზომიერად დაიბეგრა დღგ-ით. აგრეთვე, მართლზომიერად განხორციელდა შემოწმებით ფულის ნაშთის განსაზღვრა და აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა იყოს დასაბუთებული, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის. ქონების საფასური კომპანიას არ მიუღია და აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები რეესტრის მიერ შეცდომით იქნა რეგისტრირებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შპს ----- და შპს ------ რეალიზებული და გადაფორმებული აქვს ავტოსადგომები და სხვა ფართები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული. ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებზე, როგორც მყიდველი, ასევე, გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით, რომ თანხა სრულადაა გადახდილი.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მაგრამ როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტებს ან/და მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულის ანალოგიური გარემოებები, ამასთან დამატებით განმარტა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის გაწერილი და მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებებია რითაც იხელმძღვანელა.
ვინაიდან, ნასყიდობის ხელშეკრულებებში როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით, რომ თანხა სრულადაა გადახდილი, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა, ასევე შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს რეალიზებული და გადაფორმებული აქვს ავტოსადგომები და სხვა ფართები. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის მონაცემთა და შემოწმებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის დეკლარირებული, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებში მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ თანხის სრულად გადახდას. მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ ვალდებულებებს, თუმცა არც დავის ეტაპზე და არც ამჟამად არ წარმოუდგენია არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და დარიცხვის გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა დარიცხვის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი არ ყოფილა და შემოწმება ეფუძნებოდა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებებს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 159;163;164;73(9);101;154;