გადაწყვეტლება №25243/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.06.2025
№ დოკუმენტი 25243/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25243/2/2025

17 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 31.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25243/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №006-67 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9455 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 196 030.44 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 113 241

დღგ - 47 946

მოგების გადასახადი - 1 234

საშემოსავლო გადასახადი - 64 061

ჯარიმა - 58 008

საურავი - 24 781.44

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სპორტული ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით ქ. "------"-ში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 12 მარტს, ხოლო 2020 წლის 30 იანვრიდან - დღგ-ის გადამხდელად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 9 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. საქონლის შეძენა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტის გზით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილია სულ 570 741 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების პროდუქცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ (დღგ-ის ჩათვლით), 2023 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადამხდელის მიერ აღნიშნულ საქონელზე განსაზღვრულმა თვითღირებულებამ კი 104 454 ლარი.

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის. საქონლის ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად იყო აღრიცხული კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები (კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 056 602 ლარის 18%- ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა შესამოწმებელი პერიოდის სმფ-ის საწყისი ნაშთი შეადგენს 10 931 ლარს, მის მიერ შეძენილია 596 741 ლარის სმფ-ები, ინვენტარიზაციის ნაშთად აღრიცხულია სულ 104 454 ლარის თვითღირებულების სმფ-ები. ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა კი შეადგინა 139%).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელი 2020 წლის 30 იანვრიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტის გზით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილია სულ 570 741 (დღგ-ს გარეშე) ლარის ღირებულების პროდუქცია. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ ხერხდება. შემოწმების პროცესში წარდგენილია, ასევე საბანკო ამონაწერები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ბუღალტრული პროგრამის თანახმად, 5 091 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

3. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. „სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №8) საფუძველზე იმ დანახარჯების 75%, რომლებიც დასტურდებოდა საბაჟო დეკლარაციებითა და ინვოისებით, ჩაითვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი ნაწილი, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, - შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ კი 3 471 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 18.10.2023 წლის №25769 ბრძანება და №006-527 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. მე-2 სადავო საკითხთან (სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-3 სადავო საკითხთან (განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 22.02.2024 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №4773 ბრძანება და №006-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12627 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 18.10.2024 წლის №23423/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26513 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №24675/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №24675/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებულ საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის მიერ 14.05.2025 წლის №9455 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სადავო საკითხის (მათ შორის, ნაღდი ფულის საწყისი ნაშთის დადგენა) ყოველმხრივ გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის მიერ 14.05.2025 წლის №9455 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებისას გასცდა დავის საგანს, კერძოდ, შემმოწმებელს გადაანგარიშების ეტაპზე, სალაროს ნაშთის განსაზღვრისას, მხოლოდ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთი უნდა გაეთვალისწინებინა და არ უნდა განხორციელებულიყო გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტების კორექტირება. აცხადებს, რომ მართალია საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის გათვალისწინება მოხდა, მაგრამ პარალელურად კაპიტალის კორექტირება განხორციელდა, რისი უფლებაც საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლა. კერძოდ, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სადავო საკითხის (მათ შორის, ნაღდი ფულის საწყისი ნაშთის დადგენა) ყოველმხრივ გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული მეორე საკითხი 2023 წლის 15 ნოემბრის N85085/1/2023 საჩივარში ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად:

„საკითხი N2: არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების არასწორი დაანგარიშების საფუძველზე, შესაბამისად არასწორად მოხდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გაანგარიშება და თანხების დამატებით დარიცხვა.

ამის გარდა გაანგარიშებებში არ არის გათვალისწინებული ერთ-ერთი საბანკო ანგარიში და მასზე განთავსებული ფულადი ნაშთი 78 716,89 ლარის ოდენობით. საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა 25 600 ლარი, რომლითაც მოხდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა.

ცხრილების მიხედვით საწყის ნაშთებში გაორმაგებულად არის შეყვანილი 2023 წლის მაისისა და ივნისის ბრუნვა, რამაც აგრეთვე გავლენა იქონია სალაროს ნაშთის გაანგარიშებაზე.“

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავების განხილვის ორგანოს მიმართა, რომ არ მომხდარა 2023 წლის 29 დეკემბერს გამოცემული N33928 ბრძანების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად ითხოვდა და ითხოვს, გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის 78716,89 ლარის გათვალისწინებას სალაროს ნაშთის განსაზღვრისას, რაც არ მომხდარა აუდიტორების მიერ და დღემდე გაურკვეველია, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ისე „დაკორექტირებულიყო გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები“, რომ სალაროს ნაშთი საბანკო ანგარიშზე არსებული თანხების გათვალისწინების შემთხვევაში სალაროს ნაშთი არ შემცირებულიყო.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის N33928 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა: „ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში „სხვა კომპონენტები“ არ ჰქონდა წარდგენილი, მხოლოდ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის - 78716,89 ლარის გათვალისწინებაზე იყო საუბარი, მოკლედ რომ თქვას, დავის საგანი იყო მხოლოდ ამ თანხის გათვალისწინება სალაროს ნაშთის განსაზღვრისას და სალაროს ნაშთის დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას, სხვა „კომპონენტებს“ არც დაობდა და აუდიტის დეპარტამენტი ამით გაცდა მის უფლებამოსილებას და თავისივე შემოწმების აქტის არასადავო მუხლები თავისივე ინიციატივით „გადააკორექტირა“, რაც სრულიად არასამართლიანია.

ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, აუცილებელია ხანდაზმული პერიოდიდან გადმოყოლილი ნაშთების დაზუსტება, რაზეც მსჯელობა იყო შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ საწყის ნაშთად აღებული მონაცემები შეიცავს უზუსტობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და აუდიტის დეპარტამენტს უნდა მიეცეს პირდაპირი დავალება საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის გათვალისწინებით ცვლილება შეიტანოს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში და შედეგების გათვალისწინებით მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევებზე, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №24675/2/2025 გადაწყვეტილების მიხედვით, „საბჭომ ყურადღება გაამახვილა სადავო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მომჩივანს შემოწმების აქტის შედგენამდე (29.09.2023 წელი) გაეგზავნა ხარვეზიანი გაანგარიშება, მომჩივანმა აღნიშნული გაანგარიშებით იხელმძღვანელა და ამ გაანგარიშების საფუძველზე მოახდინა სადავო საკითხების ფორმირება, ჩამოყალიბება და საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენა, მას სხვა გაანგარიშება შემოწმების აქტის შედგენამდე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ გაგზავნია, რომელზეც თავის მხრივ იმსჯელა შემოსავლების სამსახურმა და აღნიშნული საჩივრის ფარგლებში მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, მომჩივნისათვის აღნიშნულის შესახებ მხოლოდ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 22.02.2024 წელს გამოცემული დასკვნის და შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26513 ბრძანების გაცნობის შედეგად გახდა ცნობილი.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა თუ არა შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულება, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხომ არ იკვეთება შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების დაზუსტების/გაფართოვების აუცილებლობა. ამ მიზნით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №24675/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებულ საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის მიერ 14.05.2025 წლის №9455 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სადავო საკითხის (მათ შორის, ნაღდი ფულის საწყისი ნაშთის დადგენა) ყოველმხრივ გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9455 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9455 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ამასთან, მომჩივანი, ასევე მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ამ საკითხზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და აუდიტის დეპარტამენტს უნდა მიეცეს პირდაპირი დავალება საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის გათვალისწინებით ცვლილება შეიტანოს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში და შედეგების გათვალისწინებით მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევებზე, ამასთან,სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ბუღალტრული პროგრამის თანახმად, 5 091 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე გაცემულ ხელფასად.გადამხდელს წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.

3. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. „სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №8) საფუძველზე იმ დანახარჯების 75%, რომლებიც დასტურდებოდა საბაჟო დეკლარაციებითა და ინვოისებით, ჩაითვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი ნაწილი, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, - შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ კი 3 471 ლარი. შედეგად, გადამხდელ დაერიცხა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9455 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, მომჩივანი, ასევე მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ამ საკითხზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154,286(4).