გადაწყვეტილება №22073/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2024
№ დოკუმენტი 22073/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22073/2/2024

14 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ი“-ის 26.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22073/2/2024).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №EL234320 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №947 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის 17.11.2016 წლის №31923 ბრძანებით კომპანიაზე გაიცა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა (----; ------). აღნიშნული ნებართვის მიღებისას კომპანიას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ჰქონდა საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის (რეზერვუარების) და მიწის ნაკვეთის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით, აგრეთვე წერილობითი ინფორმაცია საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული რეზერვუარების მოცულობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ნებართვა გაიცა 7 882მ2 ფართის ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებული იყო საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე შენობა–ნაგებობები და საერთო ტექნოლოგიური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებული 7 000მ3 საერთო მოცულობის 4 ცალი რეზერვუარი (1 000მ3 , 2 000მ3 , 2 000მ3 , 2 000მ3 ) შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად.

კომპანიის 21.11.2023 წლის №197734/21-10 წერილით წარდგენილი დოკუმენტებით (დაკალიბრების დოკუმენტი; სიტუაციური გეგმა (ნახაზი)) საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული რეზერვუარების მოცულობები (სარეზერვუარო პარკის საერთო მოცულობა 9 000მ3 (1 000მ3 , 2 000მ3 , 3 000მ3 , 3 000მ3 )) განსხვავდებოდა ნებართვის მიღების დროს წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულისგან. ამასთან ერთად, მოწოდებული დოკუმენტის (ნახაზი) თანახმად, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია 40მ3 და 50მ3 მოცულობის დამხმარე რეზერვუარები, რომლებიც ნებართვის მიღების დროს ნახაზზე არ იყო დატანილი, ხოლო შემდგომში მათი განთავსება არ ყოფილა საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებული. ვინაიდან ნებართვის მიღების დროს წარდგენილი იყო არასწორი ინფორმაცია და კომპანიის საბაჟო საწყობის რეალური მონაცემები არ ემთხვეოდა აღნიშნული საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილ მონაცემებს, საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიის მხრიდან დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები.

გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ 8.12.2023 წელს შედგენილია №EL234320 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი 4.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.01.2024 წლის №947 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ჯარიმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 40მ3 და 50მ3 მოცულობის დამხმარე რეზერვუარები არ გამოიყენება საბაჟო საწყობის საქმიანობის მიზნით. აღნიშნული არ წარმოადგენს სტატიკურ რეზერვუარს, რომელშიც განთავსებულია საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცეული საქონელი. რეზერვუარები არის მისაბმელი მოწყობილობა, რომელიც გადაადგილდება თავისუფლად, როგორც საბაჟო საწყობის, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი გამოყენება ხდება ძირითადი, სტატიკური რეზერვუარების გამართული საქმიანობის მიზნით, კერძოდ, ერთი რეზერვუარიდან ნარჩენი ტვირთის მეორე რეზერვუარში გადასატანად, რეზერვუარის გარეცხვის შედეგად ნავთობნარევი წყლის გამოსადევნად და გასატანად, უტილიზებას დაქვემდებარებული ნარჩენების გამოსატანად და ა.შ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული რეზერვუარები არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, მათზე სანებართვო პირობები არ გაიცემა და არ საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სანებართვო მოწმობის გაცემისას მითითებული რეზერვუარების მოცულობები განსხვავდება კომპანიის მ/წლის 21 ნოემბრის №------/21-10 წერილით წარდგენილი დაკალიბრების დოკუმენტში დაფიქსირებულ და აგრეთვე სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) დატანილი მოცულობებისგან, აღნიშნული გამომდინარეობს დასაწყობებული ტვირთის თავისებურებებიდან. კერძოდ, ნავთობპროდუქტების შენახვისას გასათვალისწინებელია სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტითა და რეგულაციით დადგენილი წესები. იმისათვის, რომ რეზერვუარში დასაწყობებულ იქნას გარკვეული რაოდენობის ნავთობპროდუქტი, მისი ზომა უნდა იყოს რამდენიმე ერთეულით მეტი. უფრო ზუსტად, იმისათვის რომ რეზერვუარში დასაწყობდეს 7 000მ3 ნავთობპროდუქტი, მისი ზომა უნდა იყოს დაახლოებით 9 000მ3 . ამდენად, დაკალიბრების დოკუმენტში მითითებულია რეზერვუარის საერთო და არა სასარგებლო მოცულობა, რომელიც გამოიყენება საბაჟო საწყობის სანებართვო მიზნებისათვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის სადავო ოქმი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობა ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო თავად ახორციელებს საბაჟო საწყობის საქმიანობას.

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა.

ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

დადგენილია, რომ 21.11.2023 წლის №197734/21-10 წერილით წარდგენილი დოკუმენტებში მითითებული რეზერვუარების მოცულობები (სარეზერვუარო პარკის საერთო მოცულობა 9 000მ3 (1 000მ3 , 2 000მ3 , 3 000მ3 , 3 000მ3 )) განსხვავდებოდა ნებართვის მიღების დროს წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულისგან 7 000მ3 საერთო მოცულობის 4 ცალი რეზერვუარი (1 000მ3 , 2 000მ3 , 2 000მ3 , 2 000მ3 ). ამასთან, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია 40მ3 და 50მ3 მოცულობის დამხმარე რეზერვუარები, რომლებიც ნებართვის მიღების დროს ნახაზზე არ იყო დატანილი, ხოლო შემდგომში მათი განთავსება არ ყოფილა საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებული.

მომჩივანი არ უარყოფს დადგენილ ფაქტს და განმარტავს, რომ 40მ3 და 50მ3 მოცულობის დამხმარე რეზერვუარები არ გამოიყენება საბაჟო საწყობის საქმიანობის მიზნით. აღნიშნული არ წარმოადგენს სტატიკურ რეზერვუარს, რომელშიც განთავსებულია საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცეული საქონელი. მათი გამოყენება ხდება ძირითადი, სტატიკური რეზერვუარების გამართული საქმიანობის მიზნით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული რეზერვუარები არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, მათზე სანებართვო პირობები არ გაიცემა და არ საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას. მოცულობებს შორის განსხვავება კი გამომდინარეობს დასაწყობებული ტვირთის თავისებურებებიდან. კერძოდ, ნავთობპროდუქტების შენახვისას გასათვალისწინებელია სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტითა და რეგულაციით დადგენილი წესები. იმისათვის, რომ რეზერვუარში დასაწყობებულ იქნას გარკვეული რაოდენობის ნავთობპროდუქტი, მისი ზომა უნდა იყოს რამდენიმე ერთეულით მეტი. ამდენად, დაკალიბრების დოკუმენტში მითითებულია რეზერვუარის საერთო და არა სასარგებლო მოცულობა, რომელიც გამოიყენება საბაჟო საწყობის სანებართვო მიზნებისათვის.

ამდენად, ვინაიდან ნებართვის მიღების დროს წარდგენილი იყო არასწორი ინფორმაცია და კომპანიის საბაჟო საწყობის რეალური მონაცემები არ ემთხვეოდა აღნიშნული საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილ მონაცემებს, კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტის №31923 ბრძანებით კომპანიაზე გაიცა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა . აღნიშნული ნებართვის მიღებისას კომპანიას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ჰქონდა საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით, აგრეთვე წერილობითი ინფორმაცია საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული რეზერვუარების მოცულობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ნებართვა გაიცა 7 882მ2 ფართის ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებული იყო საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე შენობა–ნაგებობები და საერთო ტექნოლოგიური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებული 7 000მ3 საერთო მოცულობის 4 ცალი რეზერვუარი შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად.

კომპანიის წერილით წარდგენილი დოკუმენტებით განსხვავდებოდა ნებართვის მიღების დროს წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულისგან. ამასთან ერთად, მოწოდებული დოკუმენტის (ნახაზი) თანახმად, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია 40მ3 და 50მ3 მოცულობის დამხმარე რეზერვუარები, რომლებიც ნებართვის მიღების დროს ნახაზზე არ იყო დატანილი, ხოლო შემდგომში მათი განთავსება არ ყოფილა საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებული. ვინაიდან ნებართვის მიღების დროს წარდგენილი იყო არასწორი ინფორმაცია და კომპანიის საბაჟო საწყობის რეალური მონაცემები არ ემთხვეოდა აღნიშნული საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილ მონაცემებს, საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიის მხრიდან დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები.

გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №947 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(1);