გადაწყვეტილება №20318/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.10.2023
№ დოკუმენტი 20318/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20318/2/2023

11 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------19.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20318/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №007-42 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11985 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 335 642 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 170 939

დღგ - 138 113

მოგების გადასახადი - 2 682

საშემოსავლო გადასახადი - 30 016

ქონების გადასახადი - 128

ჯარიმა - 85 557

საურავი - 79 146

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკვები პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმით სასმელებით და სხვადასხვა დასახელების სარეცხის და ჰიგიენის საშუალებების შეძენა და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 18.11.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

საწარმოს მიერ თანხები გადარიცხულია სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე 15 199 ლარის ოდენობით. თანხის მიმღები პირების მიერ არ არის გამოწერილი/მიღებული სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ არის წარდგენილი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი შედგება საკონტროლო-სალარო აპარატის

(2 ცალი) და საბანკო გადარიცხვით მიღებული შემოსავლისაგან. გადამხდელს საცალო რეალიზაცია განხორციელებული აქვს ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადების გარეშე. სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულია მხოლოდ ერთი რეალიზაცია (რეალიზებულია ალკოჰოლური სასმელები) 31.12.2019 წელს 348 ლარის ოდენობით. გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 14 471 ლარის ღირებულების მარკეტინგულ და სარეკლამო მომსახურებაზე. გადამხდელის მიერ წარდგენილია ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაციები. 2018 და 2019 წლებში ჩატარებულია შერჩევითი ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვები (9-ჯერ).

დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მიღებული საქონელი დაჯგუფებულია სახეობების მიხედვით (50 ჯგუფი), შემოწმების შედეგად დადგენილი წლიური ნაშთებისა (გადამხდელს სმფ-ები არ აქვს დეკლარირებული) და შეძენების გათვალისწინებით გამოთვლილია წლის განმავლობაში გახარჯული საქონელი. შემდეგ, შეძენაში ჯგუფის ხვედრითი წილის კოეფიციენტის მიხედვით გამოთვლილია მთლიან გახარჯული საქონლის რაოდენობაში ჯგუფის გახარჯვის ოდენობა. გახარჯულ ჯგუფებზე გავრცელდა საწარმოში 2018 და 2019 წლებში ჩატარებული შერჩევითი ინვენტარიზაციით და საკონტროლო შესყიდვებით დადგენილი ფასნამატები შესაბამისი ჯგუფის მიხედვით, ხოლო იმ სახეობებზე რაზეც არ იყო ჩატარებული შერჩევითი ინვენტარიზაცია ან/და საკონტროლო შესყიდვა, გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი და დადგინდა სარეალიზაციო ფასები წლების მიხედვით. შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი წლების მიხედვით შეადგენს: 2018 წლის 18.47%-ს, 2019 წლის 17.64%-ს, 2020 წლის 16.40%-ს, 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების 16%-ს.

ყოველთვიური რეალიზაციის დასადგენად საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვების წლიურ შემოსავლებში გაანგარიშდა ყოველთვიური შემოსავლის ხვედრითი წილი და ზემოაღნიშნულ ყოველთვიურ გახარჯვას დაემატა შერჩევითი ინვენტარიზაციით, საკონტროლო შესყიდვით და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებისას დადგენილი ფასნამატი (ჩაშლილი საქონლის ჯგუფების მიხედვით). შემოწმების შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2018-2020 წლებში და 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა სულ 1 876 086 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით, ხოლო იგივე პერიოდის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1 456 205 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შემოწმების შედეგად მიღებული ფინანსური შემოსავალი, რომელიც არ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში/დეკლარაციებში დაფიქსირებული, განხილულია ანგარიშვალდებული პირის (დირექტორის) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

საგადასახადო ორგანომ დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იხელმძღვანელა, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებით. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2.12.2021 წლის №37397 ბრძანება და 3.12.2021 წლის №007- 454 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 7.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.03.2022 წლის №7861 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე3 სადავო საკითხთან (შემოწმების შედეგად დადგენილი ფინანსური შემოსავლის, რომელიც არ იქნა დაფიქსირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.03.2022 წლის №7861 ბრძანება 3.05.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.07.2022 წლის №16492/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.03.2022 წლის №7861 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 1.09.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, საკითხის შესწავლა/დამუშავებით გამოვლინდა, რომ აღნიშნული მიდგომა გამოიწვევს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გაზრდას. შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო არ განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №24381 ბრძანება და 23.09.2022 წლის №007-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 4.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთი განიხილოს უპროცენტო სესხად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნით შემცირებას დაექვემდებარა სულ 1 524 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 008 ლარი და ჯარიმა 516 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №4068 ბრძანება და 6.03.2023 წლის №007-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 1.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11985 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფინანსური შემოსავალი 419 881 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად. შედეგად, გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 1 008 ლარის ოდენობით. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 30.03.2022 წლის №7861 ბრძანების მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ნაღდი ფულის ნაშთის დაბეგვრა განეხორციელებინა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად. აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის დასკვნით ირკვევა, რომ აღნიშნული მიდგომა გამოიწვევდა აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას, რის გამოც შემოწმების შედეგები იმ მომენტისათვის დარჩა უცვლელი. აღნიშნული მეთოდური მითითების დანართი №5-ის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის შედეგად მიღებული შემოსავლის სხვაობის განხილვა ფიზიკურ პირზე სესხად იბეგრება მხოლოდ მოგების გადასახადით. აღნიშნულს მოწმობს დანართი №5-ში განხილული ორივე მაგალითი. ამასთან აღნიშნული მაგალითებით ასევე, ირკვევა, რომ მიღებულ სხვაობის თანხას არ ამატებენ დღგ-ს, ხოლო აქტში ხელფასად განხილული თანხა დღგ-ის ჩათვლითაა დაბეგრილი. შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ნაცვლად 20%-ისა დღგის გარეშე უნდა დაბეგრილიყო 15%-ით. შედეგად გაუგებარი დარჩა რითი იზრდებოდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შედეგები. ამიტომ აღნიშნული დასკვნა და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში და 29.12.2022 წლის №33621 ბრძანების საფუძველზე ხელახლა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით ნაღდი ფულის ნაშთის დაბეგვრა მეთოდური მითითების დანართი №5-ის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე სარგებლის დარიცხვა, რომელმაც ამ შემთხვევაში ნაცვლად დამძიმებისა 1 008 ლარით შეამცირა საგადასახადო ვალდებულებები. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და დასკვნა კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, ვინაიდან მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 30.03.2022 წლის №7861 და 29.12.2022 წლის №33621 ბრძანებებით მიღებული გადაწყვეტილებები არ აღსრულებულა.

აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს სადავო აქტები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა მისი თანამონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთი განიხილოს უპროცენტო სესხად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნით: შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფინანსური შემოსავალი, რომელიც არ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში/დეკლარაციაში დაფიქსირებული, განხილულია ანგარიშვალდებული პირის დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად (აგროსილი დღგ-ის ჩათვლით) და შეადგინა 524 855 ლარი, ხოლო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი განისაზღვრა 104 971 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ნაღდი ფულის ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი. შესწავლის შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფინანსური შემოსავალი 419 881 (524 855ლ.*0.80) ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად. შედეგად გადაანგარიშებით, მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა 74 097 (419 881ლ./0.85*0.15) ლარის ოდენობით. 74 097 ლარით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, საშემოსავლო გადასახადში მომჩივანს დაერიცხა სარგებელი 29 866 ლარის ოდენობით. გადაანგარიშებით შემცირეებას დაექვემდებარა გადასახადი 1 008 ლარის (104 971-74 097-29 866) და ჯარიმა 516 ლარის ოდენობით.

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის შედეგად მიღებული შემოსავლის სხვაობის განხილვა ფიზიკურ პირზე სესხად იბეგრება მხოლოდ მოგების გადასახადით. აღნიშნულს მოწმობს დანართი №5-ში განხილული ორივე მაგალითი. ამასთან აღნიშნული მაგალითებით ასევე, ირკვევა, რომ მიღებულ სხვაობის თანხას არ ამატებენ დღგ-ს, ხოლო აქტში ხელფასად განხილული თანხა დღგ-ის ჩათვლითაა დაბეგრილი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე სარგებლის დარიცხვა, რომელმაც ამ შემთხვევაში ნაცვლად დამძიმებისა 1 008 ლარით შეამცირა საგადასახადო ვალდებულებები.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტი მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, რასაც ასევე დაემატა საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით უპროცენტო სესხის თანხაზე დარიცხული საბაზრო საპროცენტო სარგებელი. გადამხდელი აპელირებს, რომ მეთოდური მითითების დანართი №5 განსაზღვრავს მხოლოდ მოგების გადასახადში დაბეგვრას და სარგებელი არის არასწორად ზედმეტად დარიცხული, რაც საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სარგებლის დარიცხვას არეგულირებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლი და გაცემულ უპროცენტო სესხს ერიცხება სარგებელი. სარგებლის დარიცხვას არ გამორიცხავს 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებაც (დანართი №5). რაც შეეხება ნაღდი ფულის ნაშთის დადგენას, ფულის მიღება განიხილება დღგ-ის ჩათვლით თანხიდან.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში. კერძოდ, მე-10 მუხლის თანახმად, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11985 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩინ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკვები პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმით სასმელებით და სხვადასხვა დასახელების სარეცხის და ჰიგიენის საშუალებების შეძენა და რეალიზაცია. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თანხის მიმღები პირების მიერ არ არის გამოწერილი/მიღებული სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ არის წარდგენილი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. ასევე, გადამხდელს საცალო რეალიზაცია განხორციელებული აქვს ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადების გარეშე.საგადასახადო ორგანომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფინანსური შემოსავალი დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად. შედეგად, გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;101;