გადაწყვეტილება №18375/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 18375/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18375/2/2022

10.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს------------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 5.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------------------).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად საქონლის დანაკლისის გამოვლენისათვის ჯარიმის შეფარდება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.--.2022 წლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28667 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა (დანაკლისი) – 223 560.67 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №20823 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 2 235 606.8 ლარის დანაკლისი საბაზრო ღირებულებით, რაზეც გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის №CB1400777 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 223 560.67 (-------*10%) ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28667 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 70-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლით, 27-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, 2019 წელს აუდიტის დეპარტამენტმა დათვალა სასაქონლომატერიალური ფასეულობები, თვითღირებულებით 523 941,53 ლარის. დაჯარიმდა 139 709 ლარით, ანუ საბაზრო ღირებულებით დანაკლისი 1 397 090 ლარის ოდენობით, სადაც ფასნამატის საკითხს --%- ს ასაჩივრებს დღემდე, რომელსაც არ აღიარებს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ისევ აღწერს საქონელს, თვითღირებულებით 137 698 ლარის საქონელს და საბაზრო ღირებულებით აჯარიმებს 10%-ს 223 560,67 ლარით, ანუ საბაზრო ღირებულება 2 235 606,7 ლარის საქონელი.

გამოდის, რომ უკვე ერთხელ დაჯარიმებულ ინვენტარიზაციაზე, რომელიც ჯერ არ აქვს აღიარებული და ასაჩივრებს, ისევ ტარდება ინვენტარიზაცია და აუდიტის დეპარტამენტის მიერ ერთხელ დაჯარიმებულს, უორმაგებს და აჯარიმებს. გაორმაგებულია დანაკლისის დაჯარიმებები აუდიტისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტების მიერ. ასევე, 2019 წლის მარტის მერე დღემდე რეალიზებული აქვს 115 568 ლარის საქონელი და პირველი ინვენტარიზაციიდან მეორე ინვენტარიზაციამდე შეძენა სასაქონლო-მატერიალური მარაგების არ გააჩნია. საიდან აქვს 2 235 606,7 ლარის დანაკლისი? პირველი ინვენტარიზაციის (2019) შედეგებს სანამ ასაჩივრებს მანამდე ბუნებრივია არ აქვს დეკლარირებული დღგ-ის დეკლარაციაში, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა ხომ დაარიცხა ყველა გადასახადი ამ დანაკლისზე? რას არიცხავს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, რისი ორი მილიონის დანაკლისს არიცხავს აბსოლუტურად გაუგებარია და ითხოვს დახმარებას სიმართლის დადგენაში. საჩივარს თან ურთავს პირველი ინვენტარიზაციის მასალებს და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, რაც დაეხმარება რეალური სურათის დადგენაში. გაორებულად არიცხავს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ჯარიმას და გაორებულად თვლის საქონელს, ვერ ადგენს სიმართლეს. დოკუმენტებს ურთავს ინვენტარიზაციის მასალებს 2019 წლის, დაჯარიმებული არის ერთხელ, იგივე დანაკლისზე ხელმეორედ ჯარიმდება. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, რაზეც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა.

საქმეზე არსებული მასალების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №20823 ბრძანების თანახმად, ინვენტარიზაციის დაწყებამდე საწარმოს ობიექტში განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა 1260 ლარის ღირებულების საქონელი (---- 34 ცალი), რა დროსაც გამოვლინდა საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დროს არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი. ასევე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე (ORACLE) დაყრდნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მარაგების ინვენტარიზაციის დაწყებამდე გადასახადის გადამხდელის მხრიდან საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება. ამასთან, 2019 წლის შემდგომ პერიოდზე გადასახადის გადამხდელი წარადგენს მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებს, სადაც აფიქსირებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა პერიოდის მიხედვით, სხვადასხვაა და მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ და ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთთან შედარებით. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ საწყის პერიოდის ნაშთად აიღო გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 2021 წლის ბოლოსათვის, რომელიც შეადგენს 1 386 785.62 ლარს, რაც შეეხება მიწოდებას გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, 2022 წლის -- იანვრიდან 2022 წლის -- აგვისტომდე შეადგინა 2 531.22 ლარი.

მომჩივანი განმარტავს, რომ 2019 წელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დათვლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, თვითღირებულებით 523 941,53 ლარის. დაჯარიმდა 139 709 ლარით, ანუ საბაზრო ღირებულებით დანაკლისი 1 397 090 ლარის ოდენობით, სადაც ფასნამატის საკითხს ---%-ს დღემდე ასაჩივრებს, რომელსაც არ აღიარებს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ისევ აღწერს საქონელს, თვითღირებულებით 137 698 ლარის საქონელს და საბაზრო ღირებულებით აჯარიმებს 10%-ის ოდენობით 223 560,67 ლარით, ანუ საბაზრო ღირებულება 2 235 606,7 ლარის საქონელი. გამოდის, რომ უკვე ერთხელ დაჯარიმებულ ინვენტარიზაციაზე, რომელიც ჯერ არ აქვს აღიარებული და ასაჩივრებს, ისევ ტარდება ინვენტარიზაცია და აუდიტის დეპარტამენტის მიერ ერთხელ დაჯარიმებულს, უორმაგებს და ერთი და იმავე საქონელზე კვლავ აჯარიმებს. 2019 წლის მარტის მერე დღემდე რეალიზებული აქვს 115 568 ლარის საქონელი და პირველი ინვენტარიზაციიდან მეორე ინვენტარიზაციამდე შეძენა სასაქონლო-მატერიალური მარაგების არ გააჩნია. მისთვის გაუგებარია, საიდან აქვს 2 235 606,7 ლარის დანაკლისი.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების შემდეგ, სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და დასახელებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28667 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.