ბრძანება N 2841
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2841
16.02.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 6 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) №77805/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №006-544 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე დაკისრებულ ჯარიმას. აცხადებს, რომ დანაკლისის გაანგარიშებისათვის საჭირო საბოლოო ნაშთის საანგარიშო პირვანდელი ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ინვენტარიზაციის შედეგებიდან გაანგარიშდა ფაქტობრივი ნაშთის ფასნამატი, რომლის დამრგვალებული მნიშვნელობაც (30%) გამოყენებულ იქნა როგორც რეალიზებული საქონლის თვითღირებულების საანგარიშოდ, ასევე საბოლოო ნაშთის პირვანდელი ღირებულების დასადგენად. სინამდვილეში, ინვენტარიზაციის ოქმის მიხედვით, ფაქტობრივი მდგომარეობით აღრიცხული სმფების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1 609 851 ლარს, ხოლო პირვანდელი ღირებულება 1 051 843 ლარს. შესაბამისად, ფაქტობრივი ნაშთის გასაყიდი ღირებულება დღგ-ის გარეშე არის 1 364 280 ლარი, ხოლო ფასნამატის ზუსტი მნიშვნელობა შეადგენს 29.7%-ს. ფასნამატის ამ მნიშვნელობის და შესამოწმებელი პერიოდის ბრუნვის (2 695 015) გათვალისწინებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 2 077 883 ლარს. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის (442 650) და შეძენილი საქონლის პირვანდელი ღირებულების (2 763 751) გათვალისწინებით, საბოლოო ნაშთის საანგარიშო ღირებულება იქნება 1 128 517 ლარი. აქედან გამომდინარე, დანაკლისის პირვანდელი ღირებულება იქნება 76 674 ლარი, ხოლო დანაკლისის საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 117 346.87 ლარს. შესაბამისად, ჯარიმის სახით დასარიცხი თანხა უნდა ყოფილიყო 11 735 ლარი, ნაცვლად 12 865 ლარისა.
გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ ლოგიკური და მართებულია, რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენის მიზნით გამოყენებული იქნას ინვენტარიზაციის შედეგებიდან გაანგარიშებული ფაქტობრივი ნაშთის ფასნამატის ზუსტი მნიშვნელობა (29.7%), რომელიც არ უნდა გავრცელდეს 2020 წლის მარტიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდებზე, ვინაიდან, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებისა და შეზღუდვების გამო მკვეთრად იყო შემცირებული ეკონომიკური აქტივობა. ამ პერიოდებისათვის გამოყენებული უნდა იქნას ფასნამატის 5%-იანი მნიშვნელობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20396 და 2022 წლის 30 ნოემბრის №30008 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა 2019 წლის 13 ივნისის №19074 ბრძანებით მოცული საკითხებისა, ხოლო ინვენტარიზაციის მიზებისთვის 2022 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 8 დეკემბრის №30920 ბრძანება და ამავე თარიღის №006-544 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 12 865 ლარი, მათ შორის გადასახადი 0 ლარი, ჯარიმა 12 865 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ "----------" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 29 სექტემბერს, დღგ-ის გადამხდელად - 2009 წლის 1 დეკემბერს. მეწარმეს მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2018 წლის 23 ივლისს. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების შეძენა-რეალიზაცია. საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის გზით "----------"-დან, ხოლო რეალიზაცია ხდება მის კუთვნილ ობიექტში. მეწარმის კუთვნილ ობიექტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აგვისტოს №21101 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 128 651.19 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, ი/მ "----------" დაჯარიმდა გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფასნამატის დამრგვალებული მნიშვნელობა, ხოლო სხვა დასაბუთებული არგუმენტი დანაკლისის უსწორობასთან დაკავშირებით მომჩივანს არ გააჩნია.
საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გაანგარიშებისას ფასნამატის მნიშვნელობა დამრგვალებული იქნა ტექნიკური ხარვეზით.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება და შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება და შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.