ბრძანება N 20213
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20213
11 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2026 წლის 13 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 82) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 13 აგვისტოს N 141098/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 ივლისის ID: ----- შესაგებელთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. განმარტავს, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში გადამხდელმა ტვირთის მოსაწოდებლად ავანსის სახით გადარიცხა თანხა კომპანია „-----“-ის ანგარიშზე და აღნიშნულ ოპერაციაზე შესაბამისი მოგების გადასახადიც გადაიხადა. მიუთითებს, რომ მაისის თვეში გადამხდელმა აღნიშნული ტვირთი მიიღო და დაასაწყობა, ხოლო შემდგომ განხორციელდა მისი რეექსპორტი, რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციებით. გადამხდელს ტვირთის ფაქტობრივად მიღებისა და შემდგომი რეექსპორტის საფუძველზე წარმოეშვა გადახდილი მოგების გადასახადის დაბრუნების უფლება. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს სრულად წარუდგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა დოკუმენტი/მტკიცებულება. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს საბაჟო დეკლარაციები, საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები და ინვოისები, რის საფუძველზეც ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 22 ივნისის მოთხოვნის (ID: ----- ) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია გადახდილი მოგების გადასახადის შედეგად, კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვეში კომპანიამ განახორციელა ტვირთის მოსაწოდებლად ავანსის სახით თანხის გადარიცხვა, რომლის შესაბამისად გადამხდელმა ასევე გადაიხადა მოგების გადასახადი, რაც აისახა ზედმეტობაში.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე, 2026 წლის 9 ივლისს განისაზღვრა ხარვეზი (ID: ----- ) და გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოადგინა გადასახადის გადამხდელის 2026 წლის 15 ივლისის მოთხოვნა (ID: ----- ), რომელთა შესწავლის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად, 2026 წლის 20 ივლისს შედგა შესაგებელი (ID: ----- ) და გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული დადგენილი ხარვეზი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარმოდგენილი, მათ შორის, არ იქნა წარმოდგენილი საქმიანობის შესახებ დეტალური ახსნა - განმარტება, ასევე, ინფორმაცია ნაშთად არსებული და კომპანიის მიერ გამოწერილი საკონტროლო - სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების შესახებ. ამასთან, სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი იყო აუდიტის დეპარტამენტში, რომლებიც შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები არ იწვევს საქმის არსებითი გარემოებების ცვლილებას და ვერ გახდება ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში გადამხდელმა სრულყოფილად არ გამოასწორა ხარვეზი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ზედმეტობა წარმოიშვა ავანსის გადახდასთან დაკავშირებული გადასახადის გამო. მოთხოვნის შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზი, რომლის სრულად გამოსწორებაც ვერ მოხერხდა, რის გამოც თანხის დაბრუნებაზე მომჩივანს ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1); 65;.