გადაწყვეტილება №23464/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 23464/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23464/2/2024

15 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 10.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23464/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არარეზიდენტ საწარმოზე ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად მიჩნევა;

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2024 წლის №081-91 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2024 წლის №14428 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 131 638 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 69 685

დღგ - 2 867

მოგების გადასახადი - 66 818

ჯარიმა - 34 748

საურავი - 27 205

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 13.05.2024 წლის №11001 ბრძანება და №081-91 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2024 წლის №14428 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არარეზიდენტ საწარმოზე ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად მიჩნევა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ფიქსირდება ---------- კომპანიაზე გადახდილი ავანსი 378 635 ლარის ოდენობით. საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, -------კომპანიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება და ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის მხარეებს შორის ფორმდება შედარების აქტები. წარმოდგენილი განმარტებით, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ უნდა მომხდარიყო კატარღის შეძენა. პანდემიის გამო სახელმწიფო შესყიდვა არ გამოცხადებულა, რის გამოც საქონლის იმპორტი არ განხორციელდა, აღნიშნულ საქონელზე ბაზარზე მოთხოვნის არ არსებობის და დამატებით ხარჯების თავიდან არიდების მიზნით, არ განხორციელდა კატარღის იმპორტი, ხოლო შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება იმპორტი.

შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საწარმომ წყლის ტრანსპორტის სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღის დამზადებისთვის 2020 წლის იანვარში ---------- კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, --------- კომპანიას უნდა შეეძინა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღა, აღნიშნულისთვის ავანსად 2020 წლის იანვარში გადახდილია 105 000 ევრო (378 635 ლარი), ხელშეკრულების პირობების მიხედვით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში, ხელშეკრულების მიხედვით დადგენილი ვადა (26 თვე) სრულდება 2022 წლის მარტში, ---------- კომპანიისგან შესამოწმებელ პერიოდში საქონლის შეძენა არ განხორციელებულა, წარმოდგენილი შედარების აქტების მიხედვით, ---------- კომპანიის მიერ აღიარებულია ვალდებულება 105 000 ევროს ოდენობით.

შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, არარეზიდენტზე ავანსად გადახდილი თანხა ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებისთვის, 2022 წლის მარტიდან, დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტ პირზე გაცემული სესხის თანხა 378 635 ლარის ოდენობით დაიბეგრა მოგების გადასახადით, საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 983 მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ არარეზიდენტზე გადახდილი თანხების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ერთ-ერთი სახელმწიფო უწყებისგან უნდა მომხდარიყო კატარღის შეძენა, პანდემიის გამო სახელმწიფო შესყიდვა არ გამოცხადებულა, რის გამოც საქონლის იმპორტი არ განხორციელებულა. შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საწარმომ წყლის ტრანსპორტის სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღის დამზადებისთვის 2020 წლის იანვარში ---------- კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების მიხედვით შპს -------- უნდა შეეძინა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღა, აღნიშნულისთვის ავანსად 2020 წლის იანვარში გადაიხადა 105 000 ევრო, 378 635 ლარი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში. ხელშეკრულების მიხედვით დადგენილი ვადა, 26 თვე სრულდება 2022 წლის მარტში. --------- კომპანიისგან შესამოწმებელ პერიოდში საქონლის შეძენა არ განხორციელებულა. წარმოდგენილი შედარების აქტების მიხედვით ---------- კომპანიის მიერ აღიარებულია ვალდებულება 105 000 ევროს ოდენობით.

კომპანია სასაქონლო ოპერაციებს ახორციელებს იმპორტირებული საქონლის რეალიზაციით, ადგილობრივ ბაზარზე არ ხდება სარეალიზაციო საქონლის შეძენა. კომპანიას 2015 წლიდან დღემდე არაერთხელ აქვს მონაწილეობა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებში, განსაკუთრებით (შესყიდვის კატეგორიაში 34 500 000 გემებისა და ნავების) მიწოდებაში. 2019 წელს ელექტრონული მეილის საშუალებით კომპანიას დაუკავშირდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, რაზედაც მათ მიერ თანდართული ფაილის მიხედვით (სპეციფიკაცია) დაიწყო პარტნიორებთან შესწავლა და მოკვლევა მსგავსი პროდუქციის მისაწოდებლად. მის მიერ განხილული და შეთავაზებული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული კატარღები რის შედეგადაც კომპანიის მიერ 2019 წლის პერიოდში მიწოდებული და გაგზავნილ იქნა საქონლის შესაძენად ინვოისები (აქვე განმარტავს, რომ საუბარია ინვოისებზე და არა ხელშეკრულებებზე, რაზეც აუდიტორი რამოდენიმეჯერ ამახვილებს ყურადღებას, მომწოდებელთან ხელშეკრულება ფიზიკურად არ გაუფორმებია და გაუგებარია რა დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს აუდიტორი გაფორმებულ ხელშეკრულებაზე). ვინაიდან კატარღის ტრანსპორტირება და ბაზირება უნდა განხორციელებულიყო ქ. ----------, მის მიერ არჩეულ იქნა --------- რესპუბლიკაში წარმოებული კატარღა. ---------- პარტნიორებიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით მოწოდების ვადა მწარმოებლის მიერ განისაზღვრა 26 თვე, ვინაიდან საქონლის მოწოდებას არსებითი დრო ჭირდებოდა დაიჭირა თადარიგი და მომწოდებელთან განათავსა დაკვეთა და ავანსის სახით 2020 წლის იანვრის თვეში გადაიხადა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ევრო, (აუდიტორი აცხადებს რომ 2020 წლის იანვრის თვეში მომწოდებელს გადაუხადა 105 000 ევრო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და თავისივე გაანგარიშებაში, რომლითაც გადახდილ თანხას აკვალიფიცირებს როგორც სესხს და არიცხავს მოგების გადასახადს, სადაც 26 თვეს ანგარიშობს სრულ თანხაზე 2020 წლის იანვრის თვეც რაც უხეში შეცდომაა, რადგანაც აღნიშნული ოპერაცია იწვევს საურავების გაორმაგებულ დარიცხვას) ხოლო 2020 წლის დეკემბერში დარჩენილი 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ევრო.

აღნიშნულ ნაწილში არ ეთანხმება განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას, რადგანაც აღნიშნული ბიზნეს პროცესი მიმდინარეობდა კოვიდ პანდემიის დროს, მაშინ როცა ყველა ბიზნესმა მიიღო იმ პერიოდისათვის ლოგიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად მისთვის აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში კატარღის არ შემოყვანა შინაარსობრივად სწორი გადაწყვეტილება იყო და არ მოდიოდა წინააღმდეგობაში იგივე შინაარსთან თანხის გადახდასთან, რადგანაც ფაქტიურად უნდა გაეწია დამატებითი დანახარჯები, რაც ბიზნესისთვის ძალიან წამგებიანი იქნებოდა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მომწოდებელი ყოველწლიურად უდასტურებდა დავალიანების ოდენობას, ხოლო მიმდინარე წლის 20 მაისს მხარეებს შორის ნოტარიულად გაფორმდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მომწოდებელი არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა უკან დააბრუნებს გადახდილ ავანსის თანხას, მეტიც მომწოდებელმა უკვე განახორციელა ნაწილი თანხის დაბრუნება, რაზეც წარმოადგენს დამატებით დოკუმენტებს. რომლის შესაბამისადაც შემცირდა ავანსის თანხის მოთხოვნა მომწოდებელთან.

შემოწმებით ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არარეზიდენტზე ავანსად გადახდილი თანხა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთვის 2022 წლის მარტიდან დაკვალიფიცირდა როგორც არარეზიდენტ პირზე გაცემული სესხი.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით თანახმად მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა, თუმცა ოპერაციის შინაარსი მომწოდებელთან მოიცავდა საქონლის შესაძენად გადახდილ ავანსის თანხას, რომელსაც აქვე ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 20 მაისს გაფორმებულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა მომწოდებელი ავანსის თანხას უკან დააბრუნებს და ასევე შეუძლია დაადასტუროს, რომ მომწოდებელმა ნაწილი თანხა უკვე დააბრუნა უკან, რომელიც კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განთავსდა, შესაბამისად ფისკალური თვალსაზრისით უკან დაბრუნებული სახსრები დიდი ალბათობით ვინაიდან კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს რაიმე სახის ვალდებულებები მომწოდებლებთან, მოხდება საგადასახადო კოდექსის 981 მუხლით გათვალისწინებული ოპერაციის, კერძოდ მოგების განაწილების ოპერაციის ფარგლებში პარტნიორზე დივიდენდის სახით განაწილება, შესაბამისად ბიუჯეტში გადახდილ იქნება კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები, დადგება შესაბამისი ფისკალური ეფექტი, თუმცა გაუგებარია ოპერაციის შინაარსის ცვლილების გამო რატომ უნდა გადაიხადოს კომპანიამ დამატებითი ჯარიმები.

 

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2024 წლის №081-91 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 34 748 ლარი და საურავი - 27 205 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოცემულ შემთხვევაში გადამხდელზე სანქცია დაკისრებულ იქნა იმის გამო, რომ აუდიტორმა ოპერაციის შინაარსს შეუცვალა ფორმა და გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა. არაპირდაპირი მეთოდით ოპერაციის ფარგლებში არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი თანხა დააკვალიფიცირა გაცემულ სესხად მოცემულ შემთხვევაში გადასახადებისათვის თავის არიდების მცდელობას (არაკეთილსინდისიერებას) ადგილი არ ჰქონია. საყურადღებოა ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მხრიდან რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა არ ფიქსირდება. მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი შეღავათი და უნდა განთავისუფლდეს გასაჩივრებული (ხსენებული) აქტით დაკისრებული სანქციისგან. მოითხოვს გათვალისწინებული იქნას აღნიშნული გარემოება და მხედველობაში იქნას მიღებული, რომ კომპანია თავისი ფუნქციონირების სრულ პერიოდზე წარდგენილია, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ წყლის ტრანსპორტის სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღის დამზადებისთვის 2020 წლის იანვარში ---------- კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ქართულ კომპანიას უნდა შეეძინა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღა, აღნიშნულისთვის ავანსად 2020 წლის იანვარში გადახდილია 105 000 ევრო (378 635 ლარი), ხელშეკრულების პირობების მიხედვით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში, ხელშეკრულების მიხედვით დადგენილი ვადა (26 თვე) სრულდება 2022 წლის მარტში, ---------- კომპანიისგან შესამოწმებელ პერიოდში საქონლის შეძენა არ განხორციელებულა, წარდგენილი შედარების აქტების მიხედვით, --------- კომპანიის მიერ აღიარებულია ვალდებულება 105 000 ევროს ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, არარეზიდენტზე ავანსად გადახდილი თანხა ხელშეკრულების მოქმედის ვადის დასრულებისთვის, 2022 წლის მარტიდან, დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად.

მომჩივანი არ ეთანხმება განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა, თუმცა ოპერაციის შინაარსი მომწოდებელთან მოიცავდა საქონლის შესაძენად გადახდილ ავანსის თანხას, რომელსაც აქვე ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 20 მაისს გაფორმებულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა მომწოდებელი ავანსის თანხას უკან დააბრუნებს და ასევე შეუძლია დაადასტუროს, რომ მომწოდებელმა ნაწილი თანხა უკვე დააბრუნა უკან, რომელიც კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განთავსდა, შესაბამისად ფისკალური თვალსაზრისით უკან დაბრუნებული სახსრები დიდი ალბათობით ვინაიდან კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს რაიმე სახის ვალდებულებები მომწოდებლებთან, მოხდება საგადასახადო კოდექსის 981 მუხლით გათვალისწინებული ოპერაციის, კერძოდ მოგების განაწილების ოპერაციის ფარგლებში პარტნიორზე დივიდენდის სახით განაწილება, შესაბამისად ბიუჯეტში გადახდილ იქნება კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები, დადგება შესაბამისი ფისკალური ეფექტი, თუმცა გაუგებარია ოპერაციის შინაარსის ცვლილების გამო, რატომ უნდა გადაიხადოს კომპანიამ დამატებითი სანქციები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე არსებულ დადგენილ გარემოებებზე და მომჩივნის არგუმენტებზე, რომლის მიხედვით, არარეზიდენტი საწარმოსათვის საქონლის შესაძენად თანხა გადახდილია 2020 წლის საანგარიშო პერიოდში, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ სასაქონლო ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და არარეზიდენტ პირზე უპროცენტო სესხად გაცემულად ჩათვლა მოხდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების თარიღისთვის, 2022 წლის მარტიდან, საგადასახადო ორგანოს აღნიშნული ქმედებით, გადაწყვეტილებით, გამოდის, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების და შესაბამისად, სასაქონლო ოპერაციის ნამდვილობა ეჭქვეშ არ დგას და სადავო არ არის. გამომდინარე აქედან, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი საკმარისად არ არის დასაბუთებული და დამატებით შესწავლას საჭიროებს.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საჩივარზე მართებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს არარეზიდენტ საწარმოზე ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენტ პირზე უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირების (განხილვის) საკითხი, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.06.2024 წლის №14428 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არარეზიდენტ საწარმოზე ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად მიჩნევა;

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ წყლის ტრანსპორტის სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღის დამზადებისთვის 2020 წლის იანვარში უცხოურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ქართულ კომპანიას უნდა შეეძინა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღა, აღნიშნულისთვის ავანსად 2020 წლის იანვარში გადახდილია თანხა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში. უცხოური კომპანიისგან შესამოწმებელ პერიოდში საქონლის შეძენა არ განხორციელებულა, წარდგენილი შედარების აქტების მიხედვით, უცხოური კომპანიის მიერ აღიარებულია ვალდებულება 105 000 ევროს ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, არარეზიდენტზე ავანსად გადახდილი თანხა ხელშეკრულების მოქმედის ვადის დასრულებისთვის, 2022 წლის მარტიდან, დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი საკმარისად არ არის დასაბუთებული და დამატებით შესწავლას საჭიროებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9);97(1);982(3);