ბრძანება N 28476
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28476
20 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 11 და 12 ოქტომბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „------------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 11 ოქტომბრის №170756/21 და 12 ოქტომბრის №84053/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №094-66 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11689 ბრძანებით დაკისრებული ვალებულება დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და ყოველგვარი საფუძვლების მითითების გარეშე გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „-----------“ მიერ შპს „-----------“ ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი საქონლის დანაკლისის რეალიზებულად განხილვას. მიუთითებს, რომ არასწორია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და აცხადებს, რომ გადამხდელმა ყველა სააღრიცხვო დოკუმენტაცია მიაწოდა შემოწმებას. გადამხდელის განმარტებით, ერთადერთი დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც კომპანიასა და შპს „-----------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოიშობა, არის ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების გაწევა. შპს „-----------“ კუთვნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი (თუნდაც ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამოვლენილი მის მიერვე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, ვერ წარმოშობს რაიმე საგადასახადო ვალდებულებას კომპანიისთვის. იმ პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა (საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი და 286-ე მუხლის მე9 ნაწილი) მკაფიოდ განსაზღვრავს ასეთი შემთხვევისთვის ვალდებულ პირს, რომელსაც კომპანია არ წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კომპანიას არ მიუღია რაიმე შემოსავალი, შესაბამისად არარსებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებაც ვერ იარსებებს. აცხადებს, რომ თანხების კონკრეტული პირის ინტერესებისთვის გამოყენების ირიბი მტკიცებულებაც კი წარმოდგენილი ვერ იქნა და ბუნებრივია, ვერც იქნებოდა ვინაიდან შემოსავლის მიღებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ კომპანიას სამეურნეო ოპერაცია არ განუხორციელებია, რაც საერთოდ გამორიცხავს მითითებული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას. კომპანიასა და შპს „-----------“ შორის გაფორმებული მორიგების შეთანხმება გამოწვეული იყო სასამართლო დავით, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ მორიგების აქტის გაფორმება ან/და შპს „-----------“ მიერ მისი კუთვნილი საქონლის ინვენტარიზაციის ჩატარება კავშირშია კომპანიის დირექტორის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ საზღაურთან ან/და სარგებელთან მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. შპს „-----------“ მიერ მის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სასამართლო დავის წარმოება არ არის განპირობებული კომპანიის გადაწყვეტილებით. აგრეთვე, შპს „-----------“ მიერ მისი კუთვნილი საწვავის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში და დაბეგრილი აქვს შესაბამისი გადასახადებით. მაშინ როცა, მხარეებს შეეძლოთ არ შეეწყვიტათ სასამართლო დავა, რაც გამოიწვევდა ზემოაღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების გადავადებას ან საერთოდ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11689 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17264/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს შპს „-----------“ მიერ შპს „-----------“ ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11689 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 12 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-----------“ არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 სექტემბრის №094-66 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17264/2/2022 და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11689 გადაწყვეტილების შესაბამისად სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს;
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17264/2/2022 და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11689 გადაწყვეტილების შესაბამისად სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
გადაწყვეტილება
საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21).