გადაწყვეტილება №22243/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.05.2024
№ დოკუმენტი 22243/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22243/2/2024

13 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ი (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ის 14.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22243/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის №035-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №230 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 51 969,52 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 29 898

ჯარიმა - 8 305

საურავი - 13 766,52

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 31.08.2007 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2021 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 2021 წლის აპრილის თვეში მომჩივანს გამოწერილი აქვს 2 სასაქონლო ზედნადები, რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 166 102 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის №035-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №230 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2021 წლის აპრილის თვეში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს 2 სასაქონლო ზედნადები, რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 166 102 ლარს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სასაქონლო ზედნადებები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადასახადის დარიცხვა, არ შეესაბამება რეალობას და არის შეცდომა. რეალიზებული საქონელი შესყიდული ჰქონდა ი/მ -------საგან (ს/ნ ---------) სასაქონლო ზედნადებებით 60 220 ლარად (ელ------, ელ--------).

შესაბამისად, თავის შვილზე ი/მ -------ზე (პ/ნ ----------) რეალიზაციისას გასაყიდი ფასი (საბაზრო) მომჩივნის მიერ შესყიდული ფასით განისაზღვრა და 60 220 ლარს შეადგენს, რაც გამორიცხავს კიდეც დღგ-ის მიზნებისათვის სავალდებულო რეგისტრაციასა და დღგ-ის დარიცხვას კონკრეტულ რეალიზაციაზე, იმის გათვალისწინებითაც, რომ რეალიზაციის შედეგად თანხა არ მიუღია და არ არსებობს გარემოება აღნიშნული სასაქონლო ზედნადების კორექტირების შეუძლებლობისა.

გათვალისწინებული უნდა იქნას მოცემული ფაქტობრივი გარემოებები და მიეცეს უფლება საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ელექტრონული დოკუმენტის (სასაქონლო ზედნადების) კორექტირება შესყიდული ფასის შესაბამისად (საბაზრო ფასად) და ითხოვს, გაუქმდეს დარიცხული გადასახადი, ჯარიმა და საურავები 51 969,52 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2021 წლის აპრილის თვეში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს 2 სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვით მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 166 102 ლარს.

მომჩივანი საკითხის განხილვისას საბჭოს სხდომაზე აცხადებს, რომ საქონლის გადაცემა მოხდა უსასყიდლოდ, არ მომხდარა ანგარიშსწორება და შეიძლება შეფასდეს, როგორც უსასყიდლო მიწოდება, ასევე აცხადებს, რომ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ფასი არ არის საბაზო ფასი და შეცდომით მოხდა საბაზრო ფასის გამოყენება მათ მიერ. დოკუმენტები გამოწერილია მამის მიერ, შვილისთვის საქონლის გადაწერის მიზნით.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდესნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №230 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2021 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 2021 წლის აპრილის თვეში მომჩივანს გამოწერილი აქვს 2 სასაქონლო ზედნადები, რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 166 102 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №035-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №230 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282;