გადაწყვეტილება №22716/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22716/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 30.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22716/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის მთელ ქონებაზე გავრცელების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 23.01.2024 წლის №081-2278 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5224 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 40 598 ლარი.
ფაქტების აღწერა
23.11.2023 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მომჩივანი წარმოადგენს ------- მემკვიდრეს.
------- (პ/ნ -------) პირად აღრიცხვის ბარათზე, გარდაცვალების თარიღისთვის (22.04.2024წ.), ერიცხებოდა დავალიანება, რომელიც სამკვიდრო მოწმობის თანახმად გადატანილია მემკვიდრეების პირად აღრიცხვის ბარათზე, სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით, სამკვიდრო ქონებაში მათი წილის შესაბამისად, რომელიც, 2024 წლის 23 იანვრის მდგომაროებით (ნაერთი ინფორმაცის მიხედვით), შეადგენდა 40 598 ლარს.
საგადასახადო დავალიანების არსებობის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, გავრცელდა, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება მთელ ქონებაზე. რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5224 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 57-ე, მე-8, 238-ე, 239-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ აისახა გარდაცვლილი ------- საგადასახადო დავალიანება გარდაცვალების მომენტისათვის სამკვიდრო მოწმობის შესაბამისი წილის მიხედვით. მას შემდეგ მის მთელ ქონებაზე გავრცელდა გირავნობის /იპოთეკის უფლება.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდეს მხოლოდ იმ ქონებაზე რაც მემკვიდრეობის გზით მიიღო. ამბობს, რომ მის მთელ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება არღვევს მემკვიდრეობით სამართალს. სამოქალაქო კოდექსი ნათლად მიუთითებს რომ მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული წილის პროპორციულად მიღებული აქტივების ფარგლებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ვალდებული პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №30935-21-17 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანს, 23.01.2024 წლის მდგომარეობით ერიცხება, გადასახადის სახით 344 ლარი, ხოლო აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 162 060 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მის მთელ ქონებაზე 23.01.2024 წელს №081-2278 შეტყობინების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიციით არ ირკვევა, გავრცელდა თუ არა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5224 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის მთელ ქონებაზე გავრცელებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გარდაცვლილს პირადი აღრიცხვის ბარათზე, გარდაცვალების თარიღისთვის, ერიცხებოდა დავალიანება, რომელიც სამკვიდრო მოწმობის თანახმად გადატანილი იქნა მემკვიდრეების პირად აღრიცხვის ბარათზე, სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით, სამკვიდრო ქონებაში მათი წილის შესაბამისად.
საგადასახადო დავალიანების არსებობის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, გავრცელდა, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება მთელ ქონებაზე. რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5224 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 57; 239