ბრძანება N 17281

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2023
№ დოკუმენტი 17281
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 17281

17 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: ----------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 26 იანვრის №78560/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-660 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს მიერ -------- მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ ---------, რომელიც 2014 წელს იყო საწარმოს დირექტორი - 257 315 ლარიდან დაფარული ჰქონდა მხოლოდ 49 700 ლარი და დარჩენილი 207 615 ლარი საწარმოსთვის არ გადაუხდია. ასევე, მომჩივანი განმარტავს, რომ ------- კომპანიამ არაერთხელ მოსთხოვა დარჩენილი თანხის გადახდა ზეპირსიტყვიერად, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, 2023 წლის 25 იანვარს საწარმომ გაუგზავნა წერილი, დარჩენილი თანხის გადახდის მოთხოვნით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ დირექტორ -------- არსებული მოთხოვნის (148 765 ლარის) მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ საწარმოს -------- მიმართ ერიცხება ვალდებულება 227 849 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულების ოდენობა არის სრულიად გამჭვირვალე და ეფუძნება საწარმოს საბანკო ამონაწერებს/ბუღალტრულ პროგრამას. მომჩივანი ითხოვს ურთიერთვალდებულებების გაქვითვას, რომლის შედეგად საწარმოს დარჩება 79 084 ლარის ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულება -------- მიმართ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17446 ბრძანებისა და 22 დეკემბრის №32507 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის 2022 წლის 09 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33242 ბრძანება და №006-660 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 144 466 ლარი, მათ შორის გადასახადი 89 094 ლარი, ჯარიმა 44 547 ლარი და საურავი 10 825 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. საგადასახადო შემოწმების პროცესში, შემმოწმებლებმა შეისწავლეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირ - ------- მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო შპს „--------"-ის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში -------- დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების დროს მოხდა -------თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, კომპანიას დირექტორ----------ზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14371 ბრძანების საფუძველზე შპს „--------“-ის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, საწარმოს მიმართ --------სა და -------ზე არსებული მოთხოვნები ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირ - ------ მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო შპს „---------"-ის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში --------- დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების პროცესში მოხდა --------თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ -------- მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, კომპანიას დირექტორ ---------ზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა.

ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს ბუღალტერმა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისის რამდენიმე ვარიანტი. საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის, გადამხდელის მიერ გადმოგზავნილი საბუღალტრო პროგრამა ორისის მიხედვით, კომპანიას ვალდებულება არ უფიქსირდებოდა.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ --------- მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძელი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს მიერ ყოფილი დირექტორის მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ დირექტორზე არსებული მოთხოვნის (148 765 ლარის) მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ყოფილი დირექტორის მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო კომპანიის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში ყოფილ დირექტორს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების დროს მოხდა ყოფილ დირექტორთან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, კომპანიას მეორე დირექტორზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, საწარმოს მიმართ ორივე პირზე არსებული მოთხოვნები ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ ორივე ფიზიკური პირის მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძელი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 43(4).