ბრძანება N 16734
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16734
23 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 25 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 60) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 25 ივნისის N 103105/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 ივნისის N 006-216 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება იურიდიულ პირზე გაცემული სესხის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ აღნიშნული სესხის თანხა გაცემული იქნა შპს „-----“ საოპერაციო საქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია და სესხის ხელშეკრულება აუდიტორების მოთხოვნისთანავე გადაგზავნილი იქნა მათთან საგადასახადო პორტალის RS-ის მეშვეობით. არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებას და კვალიფიკაციის შეცვლას. მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად ერთმა იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების საფუძველზე გასცა სესხი მეორე იურიდიულ პირზე, სასესხო ხელშეკრულებაში ნათლად არის ჩამოყალიბებული სესხის დაბრუნების ვადა (ოცდათექვსმეტი თვე) და საპროცენტო განაკვეთი (წლიური 15%). ასევე, მიმდინარე პერიოდში შპს „-----“ აღიარებს სესხის ვალდებულების და სესხის ოდენობას. განმარტავს, რომ 2026 წლის დეკემბერში იწურება სესხის დაბრუნების ვადა და შპს „-----“ უნდა დაიბრუნოს გაცემული სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი.
ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის და აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის N 6650 და 8 ივნისის N 12572 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 9 მარტიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 8 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 16 ივნისის N 13182 ბრძანება და ამავე თარიღის N 006-216 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 146 188 ლარი, მათ შორის გადასახადი 94 042 ლარი, ჯარიმა 47 021 ლარი და საურავი 5 125 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა „-----“ ანალიზის შედაგად დგინდება, რომ შპს „-----“ უფიქსირდება შპს „-----“ გაცემული სესხი 376 168 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს სალაროდან გაცემულ თანხას, ეტაპობრივად 2023 - 2024 წლებში, თუმცა ბუღალტრული გატარებებიც შესრულებულია 2026 წლის აპრილში. ამასთან, არ ფიქსირდება შპს „-----“ მიერ სესხთან დაკავშირებული დაბრუნება. შესაბამასად, აღნიშნული სესხი წარმოადგენს მზარდ თანხას. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად შპს „-----“ გამოთხოვილია სესხის ხელშეკრულება, შედარების აქტი და აღნიშნული სესხის მიზნობრიობა, რაც წარმოდგენილი არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შპს „-----“ გაცემული სესხი დაკვალიფიცირდა ამავე საწარმოს დირექტორზე, გაცემულ ხელფასად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შპს „-----“ უფიქსირდება შპს „-----“ გაცემული სესხი 376 168 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს სალაროდან გაცემულ თანხას 2023 - 2024 წლებში, თუმცა ბუღალტრული გატარებები შესრულებულია 2026 წლის აპრილში. ამასთან, არ ფიქსირდება შპს „-----“ მიერ სესხთან დაკავშირებული დაბრუნება და აღნიშნული სესხი წარმოადგენდა მზარდ თანხას. შემოწმების მიერ შპს „-----“ გაცემული სესხი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად შპს „-----“ გამოთხოვილი იყო შემდეგი ინფორმაცია: სესხის ხელშეკრულება, შედარების აქტი და აღნიშნული სესხის მიზნობრიობა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადამხდელს შესაბამისი პერიოდების მოგების გადასახადის დეკლარაციებში და ანგარიშგების პორტალზე წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში არ უფიქსირდება გაცემული სესხის შესახებ ინფორმაცია.
რაც შეეხება, საჩივარში მოყვანილ არგუმენტს, რომ შპს „-----“ სესხი გაცემული იქნა საოპერაციო საქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-----“ მიერ ანგარიშგების პორტალზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, საწარმოს უფიქსირდება მხოლოდ დამფუძნებლებისგან (მითითებული როგორც მესაკუთრეები) ნასესხები თანხები, რაც, ასევე, ასახულია შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციების შესაბამის გრაფებში. ამასთან, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ვერ დგინდება შპს „-----“ მიერ დამატებით სესხის აღების საჭიროება, ვინაიდან ამ საწარმოს არ უფიქსირდება ბიუჯეტის დავალიანება და ბიუჯეტში გადახდები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის და აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნისთვის. შედეგად, შეფასდა საწარმოს საქმიანობა, რის საფუძველზეც გამოიცა შესაბამისი გადაწყვეტილება და განისაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 275;.