გადაწყვეტილება №17752/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17752/2/2022
15.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 13.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17752/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2022 წლის №083-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22867 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 145 184 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 77 549
დღგ - 34 669
მოგების გადასახადი - 2 765
საშემოსავლო გადასახადი - 40 115
ჯარიმა - 38 312
საურავი - 29 323
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სურსათის, სიგარეტისა და საოჯახო ქიმიის საცალო რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ გააჩნდა რაოდენობრივ და სახეობრივ ჭრილში სასაქონლომატერიალური ფასეულობები აღრიცხული, შესაბამისად ვერ განხორციელდა რეალიზაციის დოკუმენტების შესყიდვის დოკუმენტებთან დაკავშირება. საწარმომ შემმოწმებელს წარუდგინა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დოკუმენტურ რეალიზაციებსა და შეძენებში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო კატეგორიების მიხედვით. მათი ურთიერთდაკავშირების გზით, განისაზღვრა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტური და საგადასახადო მონოტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფიქსაციის აქტის შედეგად დადგენილი ფასნამატების საშუალო ფასნამატი წლებისა და საქონლის კატეგორიის ჭრილში (საშუალო ფასნამატი: 2018-17%, 2019-16%, 2020-15%). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა.
ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დამატებით გამოვლენილი შემოსავლის ნაწილი კრედიტორული დავალიანების ფარგლებში დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა კუთვნილი მოგების გადასახადით, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 28.06.2021 წლის №20926 ბრძანება და 29.06.2021 წლის №083-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32891 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მიიჩნია, რომ ვინაიდან საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია, მაგრამ აღნიშნული მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32891 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის დასკვნით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 6.04.2022 წლის №083-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22867 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32891 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ეთანხმება საგადასახადო ორგანოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, დოკუმენტურ რეალიზაციებსა და შეძენებში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კატეგორიების მიხედვით დაყოფას, მათ ურთიერთდაკავშირების გზით საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ღირებულების დადგენის და შემოწმებისას საგადასახადო მონოტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფიქსაციის აქტის შედეგად დადგენილი ფასნამატების საფუძველზე საშუალო ფასნამატის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ნაწილში, თუმცა იგივე მეთოდით მის მიერ გაანგარიშებული ფასნამატი შედარებით ნაკლებია.
გამომდინარე აქედან, ითხოვს მიეცეს საშუალება წარუდგინოს შემმოწმებელს მის მიერ გაანგარიშებული ფასნამატი, ფასნამატი, რომელშიც გათვალისწინებულია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციით ფიქსირებული ფასები და შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საკონტროლო შესყიდვით ფიქსირებული ფასები და ამ უკანასკნელის თვითღირებულებასთან შეპირისპირებით განსაზღვრული იქნა ფაქტობრივი ფასნამატი. აქვე ყურადსაღებია ის ფაქტიც, როგორც შემმოწმებლის მიერ განსაზღვრული, ისე მის მიერ განსაზღვრული ფასნამატი აღემატება იგივე რაიონში ანალოგიური სავაჭრო ობიექტებისათვის საგადასახადო შემოწმებებით განსაზღვრულ ფასნამატის მაჩვენებლებს.
რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანებით განსაზღვრული მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით დამატებით გამოვლენილი შემოსავლის ნაწილის კრედიტორული დავალიანების ფარგლებში ანგარიშვალდებულ ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებასა და დარჩენილი ნაწილი გაცემულ ხელფასად აღიარებას, ითხოვს დაევალოს შემმოწმებელს ამ ნაწილში გათვალისწინებული იქნას კომპანიის ვალდებულებები ანგარიშვალდებული პირის მიმართ (აქტივებს გამოკლებული ვალდებულებები და წინა პერიოდის ფინანსური შედეგი გაუცემელი დივიდენდის ნაწილში).
მიეცეს საშუალება შემმოწმებელსა და გადამხდელის სპეციალისტებს რათა დაზუსტდეს ფაქტობრივი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაანგარიშდეს საწარმოზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
ითხოვს მინჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლი მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან ოპერაციების სპეციფიკიდან გამომდინარე გამოწვეულია მეწარმის შეცდომით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32891 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა 18.03.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილები იყო დოკუმენტურად დაუდასტურებელი, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებზე გადამხდელს მიწერილი ჰქონდა შეძენის ღირებულებები, რომლებიც არ იშიფრებოდა დოკუმენტურად, რაც განემარტა გადამხდელს, თუმცა ხელმეორედ (მარტის თვეში) წარმოდგენილი ცხრილებში მითითებული ხარვეზი არ იყო აღმოფხვრილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ასევე, იგი მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განიხილავს შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32891 ბრძანების აღსრულების მართლზომიერებას.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32891 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.