გადაწყვეტილება №22982/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22982/2/2024
22 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 29.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22982/2/2024).
დავის საგანი:
საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-689 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 228 445 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 133 705
დღგ - 61 474
მოგების გადასახადი - 56 284
საშემოსავლო გადასახადი - 15 947
ჯარიმა - 53 192
საურავი - 41 548
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14068 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2018 წლის თებერვლის თვეში "-------" შპს „-------“-ის კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება (ს/კ „------“ მდებარეობა: ქ. „------“, „------“ , სავაჭრო ფართი 65 კვ.მ), რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 100 000 ლარის ოდენობით (წარდგენილია ახსნა-განმარტება, ქონება ექსპერტების მიერ შეფასებული არ ყოფილა).
2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება "-------" გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან (საჯარო რეესტრის მონაცემებით მიიღო პირად საკუთრებაში), რომლის ღირებულებაც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით, განისაზღვრა 82 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ზემოთხსენებული უძრავი ქონება შეფასდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ და კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებად დადგინდა 403 000 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და 165-ე მუხლის პირველის ნაწილის საფუძველზე, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 23 მარტი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282- ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 981 და 130-ე მუხლების თანახმად, კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32875 ბრძანება და №006-689 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 228 445 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7888 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 159-ე, 160-ე, 165-ე, 163- ე, 164-ე, 157-ე, 168-ე, 96-ე, 97-ე, 981 , მე-8, 130-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე.
გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ აუდიტორისთვის წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტება საწარმოს კაპიტალში ქონების შეტანის და გატანის ღირებულებების მითითებით, თუმცა შემმოწმებლის მიერ გადაფასებულ იქნა ქონების გატანის ღირებულება, რის შედეგადაც დადგინდა აბსურდული ფასი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დამფუძნებლის მიერ განხორციელდა საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების უკან დაბრუნება, ხოლო წილი დარჩა უცვლელი, რის გამოც აღნიშნული ოპერაცია არ შეიძლება განხილულ იქნას საქონლის მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგროს დღგ-ით. ამასთან, აღნიშნავს, რომ ვინაიდან აუდიტორის მიერ შეფასებულ იქნა მხოლოდ კაპიტალიდან გატანის დროს ქონების ღირებულება, მოწვეულ იქნა ექსპერტი კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით (უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიშს წარმოადგენს საჩივართან ერთად), რომელმაც შეადგინა 482 956 ლარი, ხოლო აუდიტორის შეფასებით ქონების ღირებულება განისაზღვრა 403 000 ლარი. შესაბამისად, აღნიშნულ ოპერაციას ფასთაშორის სხვაობა არ მოჰყოლია, მოგების განაწილება არ მომხდარა და დამფუძნებელს არ მიუღია სარგებელი. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული გადასახადების და მასზე დარიცხული ჯარიმა/საურავების მოხსნას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია სადავო ქონების შეფასების დასკვნა კაპიტალში შეტანის მომენტისთვის 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით. მითითებული ღირებულება მკვეთრად განსხვავდება შემოწმებისთვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებული
ღირებულებებისგან და აღემატება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის მომენტისთვის (2022 წლის 23 მარტი) შეფასებულ ღირებულებას. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მხარეთა მიერ წარდგენილი დასკვნებით, დგინდება, რომ ქონების კაპიტალში შეტანის მომენტისთვის ფართს გააჩნდა ძველი რემონტი, ხოლო ქონების გატანის მომენტისთვის შეფასების პროცესში ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტის მიერ ვერ მოხერხდა სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება, კერძოდ, ქონების ფიზიკური მახასიათებლების (რემონტის დონე) შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, სადავო ქონების კაპიტალიდან გატანის მომენტში არსებული ღირებულების განსაზღვრა განხორციელდეს ასევე გადამხდელის მიერ კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების შეფასების დასკვნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
უნდა აღინიშნოს აუდიტორის შეცდომები, უყურადღებობა და გულგრილობა, რომელიც გამოიხატება შემდეგ საკითხში:
1. აუდიტორმა მიიღო მომჩივნისგან ახსნა-განმარტება ქონების კაპიტალში შეტანაზე და გატანაზე, ასევე მიცემულ ახსნა-განმარტებაში მითითებული იყო ქონების შეტანის და გატანის ღირებულებები, აუდიტორი რატომღაც დაეთანხმა ქონების შეტანის ღირებულებას და ქონების გატანის ღირებულება გადააფასა, რის შედეგადაც მივიღეთ აბსურდული ფასნამატი შეტანასა და გატანას შორის, აუდიტორი ვერ მიხვდა, ან შესაძლებელია არ მიხვდა, რომ ქონების შეტანის ფასიც უნდა გადაეფასებინა, მარგამ მან ეს არ გააკეთა. ისედაც დაზარალებული როგორც ფინანსურად, ასევე ემოციურად და მორალურად, კიდევ უნდა გაწიოს ხარჯი ქონების შეფასებისთვის და ამტკიცოს, რომ 2018 წლის ოქტომბერში შეტანილი ქონების ღირებულების და 2022 წლის მარში გატანილი ქონების ღირებულებებს შორის განსხვავება 400% ვერანაირად ვერ იქნება, ანუ აუდიტორი ამტკიცებს, რომ ოთხ წელიწადში 400%-ით გაძვირდა აღნიშნული ქონება, მითუმეტეს კორონა ვირუსის პერიოდში იყო მსოფლიო კრიზისი. ნუთუ აუდიტორი არ უნდა დაინტერესებულიყო აღნიშნულზე? 2. აუდიტორის ქმედებით მომჩივანმა მიიღო როგორც ფინანსური, ასევე მორალური დარტყმა, მასზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიბარეს და დაკითხეს ფინანსურ პოლიციაში, როგორც ფინასური თაღლითი და გადასახადის თავის ამრიდებელი. აუდიტორი არ უნდა დაფიქრებულიყო საკუთარ ქმედებებზე?
აუდიტორი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე. ამასთან, აღნიშნულია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №14068 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდეს 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების და არა გასანაწილებელი მოგების სანაცვლოთ მიღებული არაფულადი საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარაციის სისწორე. ფაქტიურადაც ასე მოხდა მომჩივანმა მის მიერ კაპიტალში შეტანილი ქონება დაიბრუნა უკან არა წილის სანაცვლოდ, მისი წილი კომპანიაში უცვლელი დარჩა და არაფერი არ შეცვლილა, როგორც იყო წილი კაპიტალში 100%, ასევე დარჩა წილი კაპიტალში 100%. შესაბამისად, აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი არ შეესაბამება ფაქტიურად განხორციელებულ ოპერაციას და აღნიშნული არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც საქონლის მიწოდება და შესაბამისად არ იბეგრება დღგ-ით.
აუდიტორი აღნიშნულ ოპერაციას უკავშირებს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 981 მუხლებს. მოცემულ შემთხვევაში არანაირი მოგების განაწილება არ ყოფილა, მომჩივანმა დაიბრუნა მისი შეტანილი ქონება და არა გასანაწილებელი მოგების სანაცვლოდ მიიღო იგი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მუხლი არ შეესაბამება მომჩივნის მიერ განხორციელებულ ოპერაციას. ასეც რომ არ იყოს, აუდიტორმა გადააფასა ქონება მხოლოდ გატანის დროს და შეტანის ღირებულებას არ შეხებია. მომჩივნის მიერ იქნა მოწვეული ექსპერტი და შეაფასა კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულება (უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიშს წარმოადგენს საჩივართან ერთად), რომელმაც შეადგინა 482 956 ლარი, ხოლო აუდიტორის შეფასებამ შეადგინა 403 000 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მან - "-------" -მ 2018 წლის თებერვალში შეიტანა ქონება კაპიტალში 482 956 ლარად და 2022 წლის მარტში გაიტანა 403 000 ლარად, აღნიშნულ ოპერაციას არანაირი ფასთაშორის სხვაობა ფასნამატი არ მოჰყოლია და მას სარგებელი არ მიუღია, მის მიერ შეტანილი, თავისივე ქონება დაიბრუნა უკან.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში არ არის გაცემული პასუხი არც ერთ მომჩივნის მიერ დასმულ კითხვაზე და საკითხებზე, მაგალითად: 1. რატომ არ შეაფასა აუდიტორმა კაპიტალში შეტანის დროს ქონება, მან შეცდომა დაუშვა თუ შეგნებულად არ შეაფასა?
2. რატომ იხელმძღვანელა აუდიტორმა საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით. მომჩივნის შემთხვევაში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნება მოხდა და არა გასანაწილებელი მოგების სანაცვლოთ მიღებული ქონება, მისი წილი კომპანიაში უცვლელი დარჩა და არაფერი არ შეცვლილა, როგორც იყო წილი კაპიტალში 100%, ასევე დარჩა წილი კაპიტალში 100%. 3. აუდიტორი აღნიშნულ ოპერაციას უკავშირებს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 981 მუხლებს. მოცემულ შემთხვევაში არანაირი მოგების განაწილება არ ყოფილა, მომჩივანმა დაიბრუნა თავისი შეტანილი ქონება და არა გასანაწილებელი მოგების სანაცვლოდ მიიღო იგი. მომჩივანი ითხოვს განემარტოს და გაეცეს პასუხი ზემოთ დასმულ კითხვებზე ან დაევალოს შემოსავლების სამსახურს კონკრეტულად დასმულ სადავო საკითხებზე გასცეს ამომწურავი პასუხი, და არა მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც თვითონ აწყობს. სადავო ბრძანებით მისი საჩივრის მხოლოდ ერთი საკითხი დაკმაყოფილდა, ისიც ნაწილობრივ, ახლიდან შეფასდეს ქონება საწარმოს კაპიტალში შეტანის და გატანის მომენტისთვის. აქაც ჩნდება კითხვა, რა საჭიროა შემოსავლის სამსახურის მიერ გატანის დროს შეფასებული ქონების ახლიდან შეფასება, შემოსავლების სამსახურის შემფასებელმა არასწორად შეაფასა კაპიტალი და გატანილი ქონების ღირებულება? ასევე, ითხოვს განემარტოს აუდიტორი რატომ არ იყენებს კაპიტალში შეტანის პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ 168-ე მუხლს, რომელიც განმარტავს დღგ-ისგან განთავისუფლებას. აღნიშნული მუხლი განმარტავს შემდეგს: მაგალითად, კომპანიამ შეიტანა სავაჭრო ობიექტზე საქონელი, რომელიც განთავისუფლებულია დღგ-სგან, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კომპანიამ თავისი საქონელი სავაჭრო ობიექტიდან გაიტანა უკან უცვლელად. საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია არ იბეგრება დღგ-ით, ეს ოპერაცია ითვლება საქონლის კორექტირებად. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ აუდიტორმა არ იცოდა ან შეგნებულად უგულებელყო საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და მოეხსნას დარიცხული გადასახადი და დაკისრებული ჯარიმა-საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის:
რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში საწარმოს დირექტორმა შპს „------ -ის კაპიტალში შეიტანა საკუთარ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ „------“მდებარეობა: ქ. „------“, „------“. სავაჭრო ფართი: 65 კვადრატული მეტრი), რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 100 000 ლარის ოდენობით (წარდგენილია ახსნა განმარტება, ქონება ექსპერტების მიერ შეფასებული არ ყოფილა). 2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება დირექტორმა გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან (საჯარო რეესტრის მონაცემებით მიიღო პირად საკუთრებაში), რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 82 000 ლარის ოდენობით (გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ახსნა-განმარტებით), თუმცა ხსენებული უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ და კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებად დადგინდა 403 000 ლარი. საგადასახადო კოდექსის 160-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2022 წლის 23 მარტი და საწარმოს დაერიცხება გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, საგადასახადო კოდექსი 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე მუხლების გათვალისწინებით, კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და მომჩივანს დაერიცხება მოგების და საშემოსავლოს გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო დავის განხილვის პროცესში და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და მოეხსნას დარიცხული გადასახადი და დაკისრებული ჯარიმა-საურავი.
ფაქტობრივი გარემოებები
2018 წლის თებერვლის თვეში კომპანიის დირექტორმა კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება,რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 100 000 ლარის ოდენობით.2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება დირექტორმა გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან,რომლის ღირებულებაც, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით, განისაზღვრა 82 000 ლარის ოდენობით. უძრავი ქონება შეფასდა შემოსავლების სამსახურის მიერ და კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებად დადგინდა 403 000 ლარი.
საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 23 მარტი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა.ამასთან,კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
159,160,165,168.