ბრძანება N 6651

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.03.2020
№ დოკუმენტი 6651
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6651

06/03/2020

ფ/პ -----

(მის: -------)

2020 წლის 6 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ----- ს N48408/1/2020 საჩივარი, რომელიც შეეხება საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილ 2019 წლის 14 დეკემბრის №EL105338 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 7 თებერვლის (ოქმი N7) სხდომაზე.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2019 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეისით ---------ქუთაისი ჩამოფრინდა ფიზიკური პირი ----- . პირმა საპასპორტო კონტროლის გავლისა და ჩაბარებული ბარგის მიღების შემდეგ ხელჩანთა შემოწმების მიზნით მოათავსა ხელბარგის რენტგენული ინსპექტირების სისტემაში (სკანერი), რა დროსაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ინტერვიურებისას, მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე ბარგით ან პირადად გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (მათ შორის, ნაღდ ფულს), მან განაცხადა რომ ჰქონდა 10 000 ევრო.

მიღებული ინფორმაციის გადამოწმების და ხელბარგის დეტალური დათვალიერების მიზნით ფ/პ ----- გადამისამართებულ იქნა სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. საბაჟო ფორმალობების დაწყებისას მებაჟე-ოფიცერმა პირს სთხოვა წარმოედგინა ნაღდი ფული, რომელსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებდა, რა დროსაც ფ/პ ----- მა თანხის ნაწილი ამოიღო ჯიბიდან, ხოლო ნაწილი ხელბარგიდან – საერთო ჯამში 11 980 ევრო და 100 ლარი. აღნიშნულის შემდეგ მგზავრს კვლავ დაესვა შეკითხვა, დამატებით ხომ არ ჰქონდა სხვა თანხა, რა დროსაც ქურთუკის შიდა ჯიბიდან დამატებით წარმოადგინა 4 000 ევრო. მგაზვრის მიერ არასწორად დეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ჯამში შეადგინა 15 980 ევრო და 100 ლარი. ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 13 დეკემბრისათვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ნაღდი ფულის ნომინალურმა ღირებულებამ შეადგინა 51 076,2 ლარი.

ვინაიდან ფ/პ ----- ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 51 076,2 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას არასწორი დეკლარირებით, მის მიმართ 2019 წლის 14 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL105338 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ფ/პ ----- ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2019 წლის 13 დეკემბერს ჩამოფრინდა ქუთაისის აეროპორტში და თან ჰქონდა თანხა 15 980 ევრო და 100 ლარი, რომლის ნაწილი იდო ზურგჩანთაში, ნაწილი კი ჯიბეში. რენტგენო სკანერში ბარგის გატარებისას მებაჟე ოფიცრის კითხვაზე ბარგით ან პირადად გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (მათ შორის, ნაღდ ფულს) განაცხადა, რომ ჰქონდა 10 000 ევრო. რადგან ღამის 12 საათი იყო და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მომჩივანმა მებაჟე ოფიცერს სთხოვა ფულის დათვლა განხორციელებულიყო სხვა სივრცეში. ოფიცერმა გაითვალისწინა მისი თხოვნა და მოხდა სხვა ოთახში ფულის დათვლა, რომლის დროსაც მებაჟე ოფიცრის მიერ ფულთან დაკავშირებით კვლავ დასმულ შეკითხვაზე მომჩივანმა წარუდგინა 1000 ევრო. ამის შემდეგ მებაჟემ განახორციელა ტანსაცმლის და ჩანთის ჩხრეკა, სადაც ვერაფერი ვერ იქნა ამოღებული. მომჩივანი განმარტავს რომ დეკლარირების ვალდებულების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. ითხოვს დარიცხული ჯარიმის ჩამოწერას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მებაჟე ოფიცრის მოთხოვნის საფუძველზე წარადგინა ფულადი თანხები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები; საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი;

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, შესაბამისად შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირის (პირების) იდენტიფიკაცია.

ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 უნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში, თუ ნაღდი ფულის ოდენობა ან ფასიანი ქაღალდების ღირებულება 30000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით „ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში“.

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სანქციის გამოყენების არსებით მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის თავიდან აცილება. სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა არის საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, მისი გამოვლენის და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება და მრავალი სხვა.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

საქმის ირგვლივ არსებული მასალის შესწავლით, მისი ანალიზის შემდგომ დგინდება, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის დეკლარირების გარეშე გადმოტანას საქართველოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-222-219(კ-14) საქმეზე მიღებული განჩინების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ქვეყნის სწორ განვითარებაში განსაკუთრებული როლი ეკისრება კანონიერ ადმინისტრირებას საგადასახადო სისტემაში, რამდენადაც იგი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საფინანსო- ეკონომიკურ მდგრადობასთან, სამეწარმეო აქტივობის ხარისხთან, იმპორტ-ექსპორტის ინტენსიურობასთან, ინოვაციური პროექტების განხორციელებასთან, გადასახადის გადამხდელთა კულტურის ჩამოყალიბებასთან და სხვა.

შემოსავლების სამსახურს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის არასწორი დეკლარირებით გადმოტანაში, ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის კი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი N105338 შედგენილია სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალდამრღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დაკისრებული სანქცია კანონშესაბამისია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი სახეზე არ არის. შესაბამისად მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი განმარტავს რომ არ ჰქონდა ინფორმაცია საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის დეკლარირების ვალდებულების შესახებ და ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის დეკლარირების გარეშე გადმოტანას საქართველოში, კერძოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩამოფრინდა ფიზიკური პირი. რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 51 076,2 ლარის ოდენობის ნაღდ ფულს. დეკლარირების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიმართ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალდამრღვევისათვის დაკისრებული სანქცია კანონშესაბამისია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი სახეზე არ არის. შესაბამისად მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6; 169(2);

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №8) მუხლი 2(15,,დ“)