გადაწყვეტილება №21157/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2024
№ დოკუმენტი 21157/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21157/2/2023

27 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 25.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21157/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10725 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის №002-119 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.10.2023 წლის №25452 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 14 756 ლარი.

მათ შორის:

ბუნებრ. რესურს. სარგებლ. მოსაკრ. - 7 540

ჯარიმა - 3 322

საურავი - 3 894

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით შპს „---“ (ს/ნ ----) ფლობს რამდენიმე ლიცენზიას, 2013 წლის 18 იანვარს გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №--- (ქვიშა-ხრეში) ----ის მუნიციპალიტეტში, სოფელი ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამური მოპოვება 55 800 კუბური მეტრი 5 წლის ვადით. 2015 წლის 11 მარტს გაცემულია ლიცენზია №--- (ქვიშა-ხრეში), ---ის მუნიციპალიტეტში, სოფელი ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამური მოპოვება 94 500 კუბური მეტრი 5 წლის ვადით. 2017 წლის 8 აგვისტოს გაცემულია ლიცენზია №--- (ქვიშა-ხრეში) ---ის ტერიტორიაზე, ჯამური მოპოვება 22 500 კუბური მეტრი 2 წლის ვადით. 2018 წლის 4 ივნისს გაცემული ლიცენზია №--- (ქვიშა-ხრეში), ქალაქ ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამური მოპოვება 34 800 კუბური მეტრი 3 წლის ვადით. 2018 წელს გაცემული ლიცენზია №---- (ქვიშა-ხრეში), ---ის მუნიციპალიტეტში, სოფელი ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამური მოპოვება 55 800 კუბური მეტრი 4 წლის ვადით. გადამხდელს არასრულად აქვს წარმოდგენილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშება, ლიცენზია №--- და ლიცენზია №--- არ არის ასახული წარმოდგენილ გაანგარიშებებში. გადამხდელის განმარტებით გაანგარიშება წარდგენილი იყო ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა მოსაკრებელი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2021 წლის №39334 ბრძანება და 21.12.2021 წლის №002-384 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.05.2022 წლის №11111 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ და მე-2 სადავო საკითხებზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, სადავო საკითხების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.05.2022 წლის №11111 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 21 ივლისის №002-141 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10725 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №--- და №--- ლიცენზიების ფარგლებში შემოწმებით განსაზღვრული მოსაკრებლის და შესაბამისი სანქციის შემცირება.

- აღნიშნულ ლიცენზიებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული მოსაკრებლის და შესაბამისი სანქციის კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10725 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 10 439 ლარით, მათ შორის გადასახადი 9 489 ლარით, ჯარიმა 950 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 ივნისის №14658 ბრძანება და №002-119 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.10.2023 წლის №25452 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ ფუნქციონირებს, მოახდინა დარიცხული მოსაკრებლის გადახდა, რაც მიანიშნებს მის კეთილსინდისიერებაზე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10725 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №--- და №--- ლიცენზიების ფარგლებში შემოწმებით განსაზღვრული მოსაკრებლის და შესაბამისი სანქციის შემცირება. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №--- და №--- ლიცენზიებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული მოსაკრებლის და შესაბამისი სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10725 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით, ვინაიდან №--- და №--- ლიცენზიებზე ვერ მოხდა ათვისების გეგმის მოძიება, დარიცხვა განხორციელდა ლიცენზიით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის რაოდენობის პროპორციულად. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა დარიცხული მოსაკრებლის და სანქციის შემცირება, ხოლო №--- და №--- ლიცენზიებზე დარიცხული მოსაკრებლის თანხა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 10 349 ლარით, მათ შორის გადასახადი 9 489 ლარით, ჯარიმა 950 ლარით.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10725 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10725 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10725 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10725 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10725 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 10 439 ლარით, მათ შორის გადასახადი 9 489 ლარით, ჯარიმა 950 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 ივნისის №14658 ბრძანება და №002-119 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.10.2023 წლის №25452 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.