გადაწყვეტილება № 27424/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 27424/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27424/2/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 26.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27424/2/2026).

 

დავის საგანი:

ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით, არარიზიდენტისთვის საქონლის

მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-586 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.05.2026 წლის №9897 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 147 652.7 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 735 536.4

ჯარიმა - 367 768

საურავი - 44 348.3

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილების შეძენა და რეალიზაცია, ასევე, ავტომობილების სერვისის მომსახურება (ე.წ. -----ის ცენტრი).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა 25.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო ავტომობილების შეძენას ახორციელებს არარეზიდენტი ----- კომპანია „----“-სგან, რომელიც ამავე დროს არის შპს „-----“-ის 60%- იანი წილის მფლობელი, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს როგორც საქართველოში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე, არარეზიდენტ ----- კომპანია „-----“-ზე, რომელიც ამავე დროს არის შპს „-----“-ის 40%-იანი წილის მფლობელი. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების და კრედიტორისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი არარეზიდენტ იურიდიულ კომპანიებთან. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ №11 დანართის შესაბამისად, საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი და არარეზიდენტი პირისთვის საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2025 წლის №28571 ბრძანება და №006-586 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.05.2026 წლის №9897 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან (არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება თურქული კომპანია „----“ ზედმეტად გადახდილი თანხის (ავანსი) სანაცვლოდ შემდგომ პერიოდში ავტომობილების შემოსვლის/მოწოდების ფაქტი, აღნიშნული მანქანების ღირებულების შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.05.2026 წლის №9897 ბრძანება არდაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 2 512 885 ლარის ოდენობით, მიუხედავად შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ბრუნვებისა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფიქსირდება 1 870 720 ლარის დებიტორული დავალიანება, საწარმოს მუდმივად გააჩნია დებიტორული დავალიანება. შედეგად, აღნიშნული დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას თავისი საქმიანობის ფარგლებში ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (60%-ის წილის მფლობელი, ----- რეზიდენტი საქონლის მომწოდებელი კომპანია – შპს -----“ (შემდგომში − „-----“) და 40%-ის წილის მფლობელი, აზერბაიჯანის რეზიდენტი, საქონლის მყიდველი კომპანია – შპს „-----“ (შემდგომში − „-----“)).

„-----“-სთვის საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებისა და -----სთვის გადახდილი ავანსის ნაშთებთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

შპს „-----“-ის დაფუძნების მიზანი იყო, ------ს და „-----“ (რომლებიც ოპერირებენ შესაბამისად თურქეთსა და აზერბაიჯანში) აეთვისებინათ საქართველოს ბაზარიც და როგორც კომპანიის დამფუძნებლებს მიეღოთ კიდევ უფრო მეტი მოგება, ანუ საქართველოში ------ის ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს ბაზრის ათვისება.

COVID-19 პანდემიისა და პოსტპანდემიის პერიოდში ავტომანქანების (მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ახალ, ძვირადღირებულ ავტომობილებს) რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა, რაც კომპანიებს უქმნიდა ფინანსურ პრობლემებს, როგორც შემოსავლების შემცირების კუთხით, ისე ისეთ პრობლემებს, რაც გამოწვეულია ავტომანქანების საწყობში დიდხანს შენახვის გამო მათი მოდიფიკაციის დაძველებით და შესაბამისად გასაყიდი ფასის შემცირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „----“-მა სთხოვა „------“, რათა მის საწყობში არსებულ ავტომობილებს არ განეცადათ მორალური ცვეთა, დახმარებოდა აღნიშნული ავტომობილების რეალიზაციაში. „-----“ დაეთანხმა შპს ------“-ის შეთავაზებას, შეეძინა შპს „-----“-ის საწყობში არსებული ავტომანქანები, რადგანაც ავტომანქანების გაყიდვის უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა (ქვეყნის მოსახლეობის და ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით). ასევე, იმისათვის, რომ შვილობილ კომპანიისათვის შეემსუბუქებინა მიმდინარე და მომავალი ფინანსური პრობლემები. ამავდროულად, რადგანაც აღნიშნულ პერიოდში მთელს მსოფლიოს მსგავსი პრობლემები ჰქონდა და ავტოინდუსტრია სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდებული ავტომობილების ღირებულების გადახდა მოხდებოდა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ ან ურთიერთჩათვლის გზით.

ასევე, შპს „-----“-ს ------ის რეგიონალური სათავო ოფისის მიერ (მდებარეობს ----- – ------) ყოველწლიურად განსაზღვრული აქვს ავტომობილების, როგორც შეძენის, ასევე რეალიზაციის გეგმები. მაგ.: 2025 წელს შპს „------“-ს უნდა შეეძინა სხვადასხვა კლასის 109 და გაეყიდა 113 ავტომობილი. საიდანაც, 2025 წელს შესყიდულია 105, ხოლო რეალიზებულია 99 ავტომობილი. იმის გამო, რომ საქართველოში ავტომობილების რეალიზაცია შემცირებულია, აღნიშნული 99 ავტომობილიდან 35 შეიძინა „-----“. თავის მხრივ, არც ----- შესაბამის ბაზარზე სახარბიელო მდგომარეობა, რის გამოც შპს „-----“-სგან შეძენილი ავტომობილები ჩქარა ვერ იყიდება, რაც არის საქონლის მიწოდებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების მიზეზი. აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება წლების განმავლობაში. თუმცა დებიტორული დავალიანება პერიოდულად ხან იკლებს და მინიმალურ ოდენობამდე ჩამოდის, ხან მატულობს, რაც შეესაბამება კომპანიებს შორის არსებულ ჩვეულებრივ ურთიერთობას.

რაც შეხება, ------ს მიმართ არსებულ დებიტორულ დავალიანებას. როგორც წესი, საქონლის მომწოდებელი კომპანიის მიმართ შპს „-----“-ს გააჩნია ხოლმე კრედიტორული დავალიანება. შემოწმების აქტში აღნიშნული დებიტორული დავალიანების წარმოშობის მიზეზებია, 2024 წელს შპს „------“-ის მიერ მომწოდებლისთვის ავანსის გადახდა, რომლის შესაბამისი საქონლის დროულად მოწოდება ვერ მოხერხდა; ასევე, საქონლის (ავტომობილების ნაწილის, რომელთა ღირებულება უკვე გადახდილი იყო მომწოდებლისთვის), უკან დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 26 იანვრის მდგომარეობით, ------ს მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება შემცირდა 155 000 ლარამდე, რაც გამოწვეულია იმით, რომ 2026 წლის იანვარში განხორციელდა 12 ავტომობილის იმპორტი. გასათვალისწინებელია, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს „-----“-ის ბალანსზე ირიცხებოდა გასაყიდი მხოლოდ ერთი ავტომობილი, შესაბამისად კომპანიის ფუნქციონირების გასაგრძელებლად გასაყიდი ავტომობილების ქონა აუცილებელი იყო და 2026 წლის იანვარში ავტომობილების იმპორტი არ მომხდარა -------ს მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ხელოვნურად შემცირების მიზნით.

გარდა ამისა, შპს „-----“-ს, როგორც საქონლის მომწოდებელ, ისე საქონლის შემძენ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებთან აქვს მნიშვნელოვანი ბრუნვები, როგორც საქონლის შეძენა/რეალიზაციის, ისე ანგარიშსწორების ნაწილში და ასეთ პირობებში დებიტორული/ კრედიტორული დავალიანებები წარმოადგენს კომპანიების ჩვეულებრივი საქმიანობის შედეგს, ისე, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში. შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, რომლებთანაც შპს „------“-ს აქვს მუდმივი ეკონომიკური ურთიერთობა დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ქონა არ მიაჩნია რაიმე არაორდინარულ შემთხვევად.

ცალკე აღნიშნვის ღირსია, ის გარემოება რომ ----, წარმოადგენს შპს „-----“- ს მხოლოდ დაქირავებულ პირს (დირექტორს), რომელსაც, შემოწმების აქტში აღწერილი მოცემულობის მიხედვით, ორივე დამფუძნებელმა კომპანიამ, გადაწყვიტა დაესაჩუქრებინა დაახლოებით 3 მილიონი ლარით, რა მიზნითაც, მათ დაარღვიეს თავიანთი რეზიდენტობის ქვეყნების საგადასახადო კანონმდებლობაც და ამასთან ერთად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. ალბათ ცალსახაა, რომ ამხელა თანხა დაქირავებულ თანამშრომელს არავინ აჩუქებდა და თუ აღნიშნულ კომპანიებს თანხები გადახდილი ჰქონდათ, ეს შესრულდებოდა საბანკო გადარიცხვის გზით ან შესაბამისი პირობების შემთხვევაში, – სამმხრივად გაფორებული ურთიერთჩათვლის მექანიზმის გამოყენების გზით. აღნიშნულისა და ყოველივე ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოწმების აქტში ასახული ოპერაციების შეფასება რეალობას არ შეესაბამება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შემოწმება, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას დაეყრდნო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს და სამეურნეო ოპერაციებს შეუცვალა შინაარსი. სსკ-ის აღნიშნული ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავების განხილვისას დიდ ხანია ჩამოყალიბებულია პრაქტიკა და არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რომელთა თანახმადაც: აღნიშნული ნორმა არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, იგი ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს (მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილება).

ამასთან, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ (№11 დანართი) მეთოდური მითითების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად:

„2. აუდიტორი უფლებამოსილია ამ მეთოდური მითითების დებულებების მიუხედავად, ოპერაცია (გადახდილი ავანსი/აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანება) არ დაუქვემდებაროს კვალიფიკაციის შეცვლას სათანადო ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით.

3. კვალიფიკაციის შეცვლას არ ექვემდებარება დებიტორული დავალიანების ან/და ავანსის ის ნაწილი, რომელიც იმავე შინაარსის ოპერაციებთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკის ან/და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ლოგიკურად/დამაჯერებლად მიიჩნევა მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტად.“

საგადასახადო შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე, შემოწმებას არ შეუსწავლია დებიტორული დავალიანებების წარმოშობის რეალური მიზეზები, არ დაუდგენია და შეუსწავლია მათი რეალობა, არ განუხილავს დებიტორული დავალიანებების არსებობა წარმოადგენს, თუ არა მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტს.

ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის არანაირი თანმიმდევრული, ჩამოყალიბებული მსჯელობა და აქცენტი გაკეთებულია მხოლოდ მეთოდური მითითებაზე, თითქოს მეთოდური მითითება აწესებს შემოწმების აქტში აღწერილი მიდგომის გამოყენების ცალსახა უფლებას/ვალდებულებას, რაც რეალობას არ შეესაბამება.

ითხოვს, მისი არგუმენტების გათვალისწინებით, მოეხსნას შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხები.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა, 2026 წლის 6 მაისის №9897 ბრძანებაში (გადაწყვეტილებაში), კომპანიის არგუმენტები გაიზიარა მხოლოდ ---- კომპანია „-------“ („-----“) ზედმეტად გადახდილი თანხის (ავანსის) ნაწილში, ხოლო ------ კომპანია „------“ („-------“) მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ნაწილში კი – არა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში, ზემოაღნიშნულ საკითხში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ერთადერთ მიზეზად მოყვანილია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანების არსებობა, თითქოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანების არსებობა დებიტორული დავალიანების თანხის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების აუცილებელი და საკმარისი პირობაა. ასეთი მიდგომა არ გამომდინარეობს არც საქართველოს საგადასახადო კოდექსის და არც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ (№11 დანართი) მეთოდური მითითების ნორმებიდან და წარმოადგენს განსახილველი საკითხის მიმართ ზედაპირულ დამოკიდებულებას, დამატებით განმარტავს, რომ 2026 წლის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან ერთად შემოსავლების სამსახურისთვის დამატებით წარდგენილი ჰქონდა: ავტომანქანების შეძენისა და რეალიზაციის გეგმები, „-----“-სთან და „------“ გაფორმებული შედარების აქტები, დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით ორივე კომპანიის წერილები, რითაც მისი აზრით ცალსახად დასტურდება, რომ შპს „------ის „------“ მიმართ დებიტორული დავალიანებების არსებობა წარმოადგენს, მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტს და ამ დავალიანების თანხა არ წარმოადგენს შპს „-----“-ის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასს. თუმცა შემოსავლების სამსახურს აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არ უმსჯელია და თავის 2026 წლის 6 მაისის №9897 გადაწყვეტილებაში, ნაცვლად რაიმე დასაბუთებისა, თუ რატომ არ იზიარებს მის არგუმენტებს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ: „გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.“ მისი აზრით, ასეთი ე.წ. მსჯელობა არ წარმოადგენს სადავო საკითხის ობიექტურ განხილვას და უფრო მასზე მსჯელობისგან თავის არიდების მცდელობაა.

გარდა ამისა, უკვე აღინიშნა, რომ შპს „----“-ის „----“ მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება პერიოდულად ხან იკლებს და მინიმალურ ოდენობამდე ჩამოდის. მაგალითად: შესამოწმებელი პერიოდის (1.01.2022-1.09.2025) განმავლობაში, დებიტორული დავალიანების მინიმალური ოდენობა ფიქსირდება 2025 წლის 10 იანვრის მდგომარეობით – 1 190 431.80 ლარი, იმავე წლის იანვრის ბოლოს მდგომარეობით – 1 425 961.80 ლარი; მაქსიმალური ოდენობა კი – 2022 წლის 8 ივნისის (და თვის ბოლოს) მდგომარეობით – 5 930 369.27 ლარი.

საგადასახადო შემოწმების დროს გამოყენებული მიდგომის მიხედვით, თუ საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2022 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდს, მაშინ შპს -----“-ის დირექტორის ხელფასად გაცილებით დიდი თანხა ჩაითვლებოდა, ვიდრე შემოწმების აქტშია აღნიშნული, ხოლო თუ საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2026 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს, მაშინ უკვე პირიქით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, მნიშვნელოვნად ნაკლები თანხა ჩაითვლებოდა.

აღნიშნული აჩვენებს საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებული მიდგომის არალოგიკურობას, არაობიექტურობას და უკანონობას.

მომჩივანმა 9.07.2026 წელს წარმოადგინა №27757/2/2026 დაზუსტებული საჩივარი, სადაც აღნიშნავს, რომ 2026 წლის 30 ივნისის მდომარეობით შპს „-----“-ის დებიტორული დავალიანება „-----“ მიმართ შეადგენდა 1 817 758,12 ლარს, საიდანაც 1 500 000 ლარი, კომპანიის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, განხილულია 2026 წლის 30 ივნისს მოგების განაწილებად/დივიდენდის გაცემად („ხელზე“), რაზეც შესაბამისი ანგარიშგება მოხდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ხოლო დავალიანების დარჩენილი ნაწილი „-------“ მიერ გადახდილია 2026 წლის 9 ივლისს. შესაბამისად, 2026 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, შპს „-----“-ის მიმართ „------“ დავალიანება აღარ აქვს. საჩივრის განხილვისას, ითხოვს, ეს გარემოებაც იქნას გათვალისწინებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 მაისის №9897 ბრძანება (გადაწყვეტილება) და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეამციროს საგადასახადო შემოწმების შედეგად, შპს „-----“ მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების შპს „------“-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განხორციელებული დამატებით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგენილია, რომ საწარმო ავტომობილების შეძენას ახორციელებს არარეზიდენტი ----- კომპანია „-----“-სგან, რომელიც ამავე დროს არის შპს „-----“-ის 60%-იანი წილის მფლობელი, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს როგორც საქართველოში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე, არარეზიდენტ ------ კომპანია „-------“-ზე, რომელიც ამავე დროს არის შპს „------“-ის 40%-იანი წილის მფლობელი. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი არარეზიდენტ იურიდიულ კომპანიასთან („------“). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ №11 დანართის შესაბამისად, საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის („------“) საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანმა 9.07.2026 წელს წარმოადგინა №27757/2/2026 დაზუსტებული საჩივარი, სადაც აღნიშნავს, რომ 2026 წლის 30 ივნისის მდომარეობით შპს „-----“-ის დებიტორული დავალიანება „-----“ („-----“) მიმართ შეადგენდა 1 817 758,12 ლარს, საიდანაც 1 500 000 ლარი, კომპანიის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, განხილულია 2026 წლის 30 ივნისს მოგების განაწილებად/დივიდენდის გაცემად („ხელზე“), რაზეც შესაბამისი ანგარიშგება მოხდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ხოლო დავალიანების დარჩენილი ნაწილი „-----“ მიერ გადახდილია 2026 წლის 9 ივლისს. შესაბამისად, 2026 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, შპს „-----“- ის მიმართ „------“ დავალიანება აღარ აქვს. მოითხოვა საჩივრის განხილვისას, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ დებიტორული დავალიანებიდან (სულ 1 817 758,12 ლარი) კომპანიის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, 1 500 000 ლარი განხილულია 2026 წლის 30 ივნისს მოგების განაწილებად/დივიდენდის გაცემად („ხელზე“), საწარმოს მიერ განხორცილებულია შესაბამისი დეკლარირებებიც.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 9.07.2026 წლის №27757/2/2026 დაზუსტებულ საჩივარში დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მისი მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა დამატებით მოითხოვეს დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 6.05.2026 წლის №9897 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლებაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.05.2026 წლის №9897 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით, არარიზიდენტისთვის საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილების შეძენა და რეალიზაცია, ასევე, ავტომობილების სერვისის მომსახურება

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო ავტომობილების შესყიდვას ახორციელებდა არარეზიდენტი კომპანიისგან, რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა საწარმოს წილის მფლობელს, ხოლო რეალიზაციას ახორციელებდა ადგილობრივ პირებზე და მეორე არარეზიდენტ კომპანიაზე, რომელიც ასევე იყო საწარმოს თანადამფუძნებელი. საწარმოს პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა დებიტორული დავალიანების ნაშთი აღნიშნულ არარეზიდენტ პირთან, რაც კანონმდებლობის შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101;154;