ბრძანება N 27531
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27531
08 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,------“-ს (ს/ნ ------)
(მის: --------)
2023 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭომ 2023 წლის 27 ოქტომბერს (ოქმი N112) განიხილა შპს ,,------“-ს (ს/ნ -----) №84263/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №073-3 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 28 სექტემბრის №002146 ბრძანება).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნას და განმარტავს, რომ აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში სრულად არის ასახული მის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილ დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ს თანხა 10600,58 ლარის ოდენობით. ამასთან, 2023 წლის ივლისის თვეში მის მიერ შეძენილი იქნა საქონელი და მომსახურება საიდანაც დღგ-ს ჩასათველელმა თანხამ შეადგინა 3077,54 ლარი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებას (შემცირებას) ან გაუქმებას, რადგან მის მიერ დეკლარირებული იქნას დღგ-ს თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის N35949 ბრძანების „პროცედურული სახელმძღვანელო დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ხდება ისეთი დოკუმენტ(ებ)ის გამოვლენა, რომელზეც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს მოცემულ საანგარიშო პერიოდში არ წარმოუდგენია დეკლარაცია ან/და წარმოადგინა დეკლარაცია შემცირებული დასაბეგრი თანხით.
აღნიშნული პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით, პროგრამულ მოდულში „დაუბეგრავი დოკუმენტები“ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესასწავლად დაეწერა შპს ,,-----“-ს (ს/ნ -----) 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები. შესწავლის შედეგად დასადეკლარირებელმა დღგ-ს თანხამ შეადგინა 10600,58 ლარი.
გადასახადის გადამხდელთან მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია, რის შემდგომაც გაგზავნილი იქნა შესაბამისი შეტყობინება. ვინაიდან მისი მხრიდან არ მომხდარა დეკლარირება, შესაბამისად დასაბეგრ სხვაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 28 სექტემბრის №002146 ბრძანების მიხედვით, შპს ,,-----“-ს (ს/ნ -----) მიმართ განხორციელდა 10600,58 ლარის დარიცხვა და გამოიცა №073-3 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2023 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ დასადეკლარირებელმა დღგ-ს თანხამ შეადგინა 10600,58 ლარი. გადასახადის გადამხდელთან მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია, რის შემდგომაც გაგზავნილი იქნა შესაბამისი შეტყობინება. თუმცა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დეკლარირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,-----“-ს (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის N35949 ბრძანების „პროცედურული სახელმძღვანელო დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ხდება ისეთი დოკუმენტ(ებ)ის გამოვლენა, რომელზეც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს მოცემულ საანგარიშო პერიოდში არ წარმოუდგენია დეკლარაცია ან/და წარმოადგინა დეკლარაცია შემცირებული დასაბეგრი თანხით. აღნიშნული პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის დოკუმენტების შესწავლის შედეგად დასადეკლარირებელმა დღგ-ს თანხამ შეადგინა 10600,58 ლარი.
გადასახადის გადამხდელთან მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია, რის შემდგომაც გაგზავნილი იქნა შესაბამისი შეტყობინება. ვინაიდან მისი მხრიდან არ მომხდარა დეკლარირება, შესაბამისად დასაბეგრ სხვაობაზე მომჩივნის მიმართ განხორციელდა 10600,58 ლარის დარიცხვა და გამოიცა №073-3 საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1), 159(1), 43(1), 61(3).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.