ბრძანება N 15

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.01.2026
№ დოკუმენტი 15
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15

08 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 5 და 18 დეკემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის და 19 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №103 და №106) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 5 დეკემბრის №194811/21 და 18 დეკემბრის №203944/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ნოემბრის №083-39 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობას. განმარტავს, რომ მის მიერ გადამოწმდა შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშებზე მიღებული თანხების, საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე გაწერილი დოკუმენტების, დღგ-ის დეკლარაციებით დეკლარირებული მონაცემები, რომელთა დამუშავების შედეგად სხვაობა დადგინდა 27 835,83 ლარი. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული დამუშავებული ინფორმაცია ასევე წარუდგინა შემმოწმებელს რეესტრის სახით. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშზე სულ ჩარიცხულია 1 358 380 ლარი და ამავე პერიოდში დღგ დეკლარირებულია 1 409 834 ლარი დღგ-ის ჩათვლით.

2. გადასახადის გადამხდელი ფულის ნაშთის განსაზღვრის ნაწილში ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას. განმარტავს, რომ გააჩნია 2 სატრანსპორტო საშუალება, რომლის გამოყენებითაც ახდენს მომსახურების მიწოდებას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ შეძენილი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები, კერძოდ, გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილია ნაავარიები ავტომანქანა სათადარიგო ნაწილების გამოყენების მიზნით. სულიკო ვერილიძისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია 20 000 ლარი. ასევე, გელა ცეცხლაძისგან შეძენილია ტრაილერის ძრავი სათადარიგო ნაწილებად გამოსაყენებლად, რაშიც გადახდილია 12 000 ლარი. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ შემმოწმებელს წარუდგინა სანოტარო წესით დამოწმებული 4 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ნაღდი ანგარიშსწორების გზით ფიზიკური პირებისგან შეძენილია სათადარიგო ნაწილები. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ფიზიკური პირები არ არიან ავტომანქანის მესაკუთრეები, ამ საფუძვლით მათი ხარჯებში გაუთვალისწინებლობა არასწორია. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების უდიდესი ნაწილი - საწვავის გარდა საუბარია ავტომანქანის საბურავების, ძრავის ზეთის/გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის ხარჯი, რაშიც ათიათასობით ლარი იქნა გადახდილი. აცხადებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად არ გააჩნია. გადამხდელი ასევე მიიჩნევს, რომ რს-დან შეიძლება აღებულ იქნას ტრანსპორტის მიერ განვლილი მანძილის შესახებ ინფორმაცია, ხოლო ტრანსპორტის ხარჯების ნორმების მოძიება შესაძლებელია ინტერნეტში ან შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი საქმიანობის განამახორციელებელი პირების აუდირებული მონაცემები. ასევე, შემოწმებას შეუძლია იხელმძღვანელოს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი.

3. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №11591 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 5 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ნოემბრის №24610 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №083-39 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 322 921 ლარი, მათ შორის, გადასახადი 180 699 ლარი, ჯარიმა 100 311 ლარი და საურავი 41 911 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშების ამონაწერებიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს როგორც გადაზიდვის მომსახურება, ასევე, ნავთობის ბიტუმისა და ინერტული მასალების მიწოდება. ელექტრონული სპეც. საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ნავთობის ბიტუმის რეალიზაციით მიღებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს - 1 084 452 ლარს. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს - 303 491 ლარს, რაც ძირითადად არის მომსახურების და ინერტული მასალების მიწოდება. კომპანიას ასევე აქვს დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც ფიქსირდება ბანკში და რომელზეც არ არის დოკუმენტი გამოწერილი. შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ სულ შეადგინა - 1 494 774 ლარი. შპს-ს მიერ დეკლარირებული და შემოწმების მიერ გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა შეადგენს 299 994 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა შპს „-------“-ს შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვები. პირს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 942 623 ლარი, რომელიც დათვლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბანკო ანგარიშების ამონაწერების მიხედვით. 1 643 774 ლარი არის დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, დანარჩენი არის დოკუმენტის გარეშე მიღებული შემოსავალი, აღებული სესხი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები. შესამოწმებელ პერიოდში კი ხარჯმა შეადგინა 1 434 975 ლარი, აქედან 1 234 621 ლარი შეადგენს დოკუმენტურ შეძენას, 151 942 ლარი ბანკში ფიქსირდება, როგორც სასესხო ვალდებულებების გადახდები და საკომისიო მოსაკრებლები. შემოწმების მიერ განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლის და ხარჯების შეპირისპირება და განისაზღვრა ფულის ნაშთი - 506 777 ლარით, რომელიც არ აღმოჩნდა გადამხდელის სალაროში ან საბანკო ანგარიშებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებით პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დათვლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე და საბანკო ანგარიშებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში დათვლილ იქნა: ჩვეულებრივი ტიპის ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა - 358 120 ლარი დღგ-ის ჩათვლით, სპეც ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა - 1 279 654 ლარი დღგ-ის ჩათვლით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გარეშე სასაქონლო ზედნადები - 6 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით და საბანკო ჩარიცხვები, რომლებზეც არ იყო დოკუმენტი გამოწერილი - 120 059 ლარი დღგ-ის ჩათვლით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობას და განმარტავს, რომ მის მიერ გადამოწმდა შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშებზე მიღებული თანხების, საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე გაწერილი დოკუმენტების, დღგ-ის დეკლარაციებით დეკლარირებული მონაცემები, რომელთა დამუშავების შედეგად სხვაობა დადგინდა 27 835,83 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფულის ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში ხარჯმა შეადგინა 1 434 975 ლარი, აქედან 1 234 621 ლარი შეადგენს დოკუმენტურ შეძენას, 151 942 ლარი ბანკში ფიქსირდება, როგორც სასესხო ვალდებულებების გადახდები და საკომისიო მოსაკრებლები.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა ხარჯი, რომლის წარმომავლობა და კავშირი შპს „-------“ საქმიანობასთან არ იყო სადავო. ბანკიდან თანხის გადინება ხდებოდა ძირითადად ბანკომატებიდან თანხის გატანით და სხვადასხვა დაწესებულებების POS ტერმინალებზე გადახდით, რომელთა შორის იყო სასურსათო მაღაზია, ბარი და ა.შ., რომლებიც არანაირ კავშირში არ არის კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან. საწვავის ხარჯი გათვალისწინებულ იქნა სრულად, რომელზეც არსებობდა დოკუმენტი. დამატებით ბანკში არსებობდა 2010 ლარის გადახდა POS ტერმინალებზე, ბენზინ გასამართ სადგურებში, რაზეც შესაბამისი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა გადამხდელმა და არ იქნა გათვალისწინებული. რაც შეეხება შესყიდვის აქტებს, საწარმოს გაწერილი ჰქონდა ფიზიკურ პირებზე და აცხადებდა, რომ მათგან შეიძინა ავტომობილისთვის აუცილებელი სხვადასხვა ნაწილი. ბაზების შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მოცემულ პირები არასდროს ფლობდნენ მსგავს ავტომობილებს, ასევე ვერ მოხერხდა მათთან დაკავშირება ინფორმაციის გადასამოწმებლად. შესაბამისად არ არსებობს დამდასტურებელი ფაქტი მოცემული შესყიდვის აქტების რეალობის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ ფულის ნაშთის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ შეძენილი მანქანის სათადარიგო ნაწილები. განმარტავს, რომ გააჩნია 2 სატრანსპორტო საშუალება, რომლის გამოყენებითაც ახდენს მომსახურების მიწოდებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯი განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯი განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობა.

2. ფულის ნაშთის განსაზღვრის ნაწილში ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშების ამონაწერებიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს როგორც გადაზიდვის მომსახურება, ასევე, ნავთობის ბიტუმისა და ინერტული მასალების მიწოდება. კომპანიას ასევე აქვს დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც ფიქსირდება ბანკში და რომელზეც არ არის დოკუმენტი გამოწერილი. შესამოწმებელ პერიოდში გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების მიერ გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვებს შორის. პირს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯი განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 105; 106; 154; 159; 163; 269(7)