გადაწყვეტილება №21086/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 21086/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21086/2/2023

16 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 17.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21086/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 17.11.2021 წლის №35822 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-83 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23795 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 333 545.69 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 134 465

დღგ - 558 492

მოგების გადასახადი - 570 391

საშემოსავლო გადასახადი - 5 582

ჯარიმა - 567 234

საურავი - 631 846,69

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2019 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე, საწარმოს წლიური მოგების დეკლარაციის მიხედვით, დასაბეგრი მოგება შეადგენს 102 499 ლარს. შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 280 581 ლარით. სხვაობა გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით: დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი ასახულია დღგ-ის ჩათვლით, გამოქვითვების ნაწილში ასახულია საბოლოო მარაგები, ხელფასები და სხვა ხარჯები, გამოქვითვების ნაწილში ასახულია მხოლოდ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 1 569 952 ლარი, სადაც წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 1 454 960 ლარს შეადგენს შესყიდვის აქტები, რომელიც საგადასახადო შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, იმ შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე გაწეული ხარჯი, რომელზეც არ არის წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, არ აისახა გამოქვითვებში. ხარჯად აღიარდა მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტებით განხორციელებული შეძენები. შედეგად 2016 წლის მოგების გადასახადი შემცირებულია 176 712 ლარით. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2017, 2018 წლების და 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე საწარმოს მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებით (მეორე მხარის იდენტიფიცირება არ ხდება საბუღალტრო პროგრამაში) განხორციელებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენები. საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით ძირითადად შეძენილია საქონლის ხორცი, ასევე, სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები. აღნიშნული დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი შემოწმებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელმა ხარჯმა შესამოწმებელ პერიოდში გარდა 2016 წლისა, შეადგინა 2 170 846 ლარი. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

- საწარმოს მიერ 2018 წლის 13 იანვარს ბანკიდან მიღებულია სესხი 60 000 ლარი. წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, ამ დღეს ანგარიშვალდებულ პირს დირექტორს უფიქსირდება საწარმოს კუთვნილი თანხა 257 413 ლარი. ამავე დღეს, ამ ანგარიშზე თანხის შემცირება ძირითადად ხორციელდება თვის ბოლოს ერთიანად, თვის განმავლობაში გაწეული დანახარჯების გამოკლებით. ივნისის ბოლოს ანგარიშვალდებული პირის ანგარიშზეა 150 122 ლარი, სექტემბრის ბოლოს 156 545 ლარი, ოქტომბრის ბოლოს 89 933 ლარი, ნოემბრის ბოლოს 101 431 ლარი, დეკემბრის ბოლოს 64 687 ლარი და 2019 წლის იანვრის ბოლოს 73 637 ლარი. ამ პერიოდში საწარმოს ფულადი ნაშთი არ ჩამოცდენია 64 687 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ აღებული სესხების მიზნობრიობიდან და სალაროდან სამეურნეო დანიშნულებისთვის საჭირო თანხების მოძრაობიდან გამომდინარე ვერ ხდება სალაროში 60 000 ლარის არსებობის დადასტურება, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლილ თანხას სარგებლის გაანგარიშების მიზნით დაერიცხა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებით დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი - 20%, გაანგარიშებული სარგებლის თანხა საგადასახადო კოდექსი 101-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

- შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის მიწოდებული აქვს სხვადასხვა საკვები პროდუქტი, ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტები. სოფლის მეურნეობის (ხილი, ბოსტნეული) და ხორცპროდუქტების ნაწილის (საქონლის, ხბოს, ცხვრის ხორცი) მიწოდებისას საწარმო მათ გამოწერილ ელექტრონულ დოკუმენტებში ასახავს, როგორც დაუბეგრავს და სარგებლობს შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, ეს შეძენები ასახულია საბუღალტრო პროგრამაში 3110 41 ანგარიშზე დასახელებით - „შესყიდვის აქტი“, მაგრამ მისი დამადასტურებელი დოკუმენტი საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად ვერ დგინდება მომწოდებლის იდენტიფიცირება. საწარმოს მხრიდან წარმოდგენილია მხოლოდ ვეტერინარული მოწმობები, სხვადასხვა პირებზე გაცემული. ხოლო, ამ პირებიდან როგორც აღინიშნა შეძენის დოკუმენტი არ ფიქსირდება. ამასთან, საწარმოს დირექტორი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა პატიმრობაში, რადგან საგამოძიებო ორგანო (რომლის მომართვის საფუძველზეც დაინიშნა საგადასახადო შემოწმება) ედავებოდა დოკუმენტების გაყალბებას, კერძოდ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ხორცის მაგივრად მიწოდებული იყო ბაღებისთვის ცხენის ხორცი. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის დროს, გადამხდელმა წარმოადგინა საწარმოს საბანკო ამონაწერები, საბუღალტრო პროგრამის ასლი (ორისი), რომელთა შესწავლის შემდეგ, ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენების უდიდესი ნაწილი განხორციელებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების გარეშე, გადასახადის გადამხდელს უნდა წარმოედგინა შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, რომელიც ვერ იქნა წარმოდგენილი. მან მხოლოდ წარმოადგინა ,,ვეტერინარული მოწმობები’’, რომელიც ასახავს მოქალაქის მიერ რქოსანი პირუტყვის დაკვლის ფაქტს, თუმცა, შეძენის დამადასტურებელი ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი, რომელშიც ასახული იქნებოდა ოპერაციაში მონაწილე მხარეები, საქონლის რაოდენობა და ღირებულება და სხვა ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო შემოწმებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დაფიქსირდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს და საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისგან მიღებულ საქონელს, შესაბამისად არ იყო საკმარისი საფუძველი საგადასახადო შეღავათის გამოყენებისთვის. ამდენად, შემოწმებით განხორციელდა საწარმოს დოკუმენტებში დაუბეგრავად ასახული საქონლის დღგ-ით დაბეგვრა, შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 5 დეკემბერს №42429 ბრძანება და 2019 წლის 6 დეკემბრის №081- 376 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.11.2021 წლის №35822 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35822 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 900 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 30 მაისის №081-83 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23795 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა მხარეებს შორის გაფორმებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი იყო მხოლოდ სხვადასხვა ფიზიკური პირების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, კომპანია იძენდა ხორცს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტს, თუმცა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა აღნიშნული პირები, რომელთა ნაწილმაც ვერ დაადასტურა განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ. ამასთან, არც ერთ პირს რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლებასთან და დოკუმენტების გარეშე შეძენილი საქონლის მიმართ გაწეული ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35822 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, საწარმოს შეუმცირდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა 900 ლარის ოდენობით.

ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით შემოწმებისთვის წარდგენილია შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანზე საქონლის მიმწოდებლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებიც თავის დროზე ხორცპროდუქტების მომჩივანზე მიწოდებასთან ერთად წარმოადგენდნენ შესაბამის ვეტერინარულ მოწმობებს, რომელიც ასახავს მოქალაქის მიერ რქოსანი პირუტყვის დაკვლის ფაქტს. შესაბამისად გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში მომჩივანი ხორცპროდუქტებს ხსენებულ ვეტერინარულ მოწმობებთან ერთად აწოდებდა ტენდერით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციებს და აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენდა.

შემსყიდველი ორგანიზაციების იდენტიფიცირება ხდება საქონლის მიწოდების დოკუმენტებით.

მომჩივანი საქონლის ხორცს ყიდულობდა სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებში მითითებული პირებიდან, რომლებიც თავის მხრივ ხსენებული საქონლის ხორცს ყიდულობდნენ აღნიშნულ ვეტერინარულ მოწმობაში მითითებული პირებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ხორცზე გამყიდველს თან გააჩნდა შესაბამისი ვეტერინარული მოწმობები, საქონლის ხორცი უნდა ყოფილიყო გაუყინავი და ეს უნდა ყოფილიყო მთლიანად წარმოებული საქონლისგან მიღებული საქონელი. საქმეში არსებული ვეტერინარული მოწმობებით პირის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი, ასევე სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებში მოცემულია ის პირები, რომლებმაც როგორც ზემოთ აღინიშნა საქონლის ხორცი შეიძინეს ხსენებულ ვეტერინარულ მოწმობებში მითითებული პირებიდან და საქონლის ხორცთან ერთად აღნიშნული ვეტერინარული მოწმობები წარუდგინეს მომჩივანს.

აღნიშნული ინფორმაცია ასევე შეიძლება გადამოწმდეს ელექტრონულად გამოცხადებულ ტენდერის მასალებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულით დასტურდება შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ ხარჯების გაწევა და ასევე საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, შესაბამისად მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში უნდა დაკორექტირებულიყო აღნიშნულის გათვალისწინებით.

შემმოწმებლისთვის წარდგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანზე საქონლის მიმწოდებლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, ხორცპროდუქტების შემსყიდველი ორგანიზაციების, მიწოდებული ხორცპროდუქტების დასახელების, რაოდენობის, ღირებულების შესახებ ინფორმაცია თანდართულ შესაბამის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებთან ერთად, ვეტერინარული მოწმობები. დასახელებული დოკუმენტებით დასტურდება შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა და ასევე დღგ-ის ნაწილში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება.

900 ლარის შემცირების გარდა სხვა დანარჩენ ნაწილში სადავო თანხების შემცირებაზე მომჩივანს უარი ეთქვა.

გამოკითხული პირები არ უარყოფენ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელზე საქონლის მიწოდების ფაქტს, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქონლის მომწოდებლებიდან საქართველოში წარმოებული, სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ასევე საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისგან მიღებული საქონლის შეძენა/მიწოდება ხდებოდა გადამხდელის მიერ, რომლის უარყოფაც გამოკითხულთა მიერ არ მომხდარა და აღნიშნულის საწინააღმდეგო ჩანაწერი არ არის არც სადავო დასკვნაში და არც გასაჩივრებულ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში.

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი ტენდერებზე მუშაობდა. ტენდერებთან დაკავშირებული ოპერაციები, დოკუმენტები მთლიანად ატვირთული იყო ელექტრონულად, მხარეებს შორის ფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მსგავსად, ასევე შეიძლებოდა ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული მოძიება.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ საქონლის შეძენის დოკუმენტების არგაზიარების შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა ემოქმედა საგადასახადო კოდექსის 73,5 მუხლის და შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება უნდა მოეხდინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

შემმოწმებლის მოსაზრებით გადამხდელს საქონელი მიწოდებული აქვს შემსყიდველებზე ისე, რომ მის შესაძენად ხარჯები არ გაუწევია.

საქონელი, რომლის შეძენის დოკუმენტი არ იქნა გაზიარებული შემოწმების მიერ, იღებს მონაწილეობას საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში, შესაბამისად ამ თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა არასწორია.

დღგ-ის ნაწილში, შემმოწმებელს უნდა ეხელმძღვანელა ტენდერის მასალებით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ შემსყიდველებთან გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით. ამ უკანასკნელი დოკუმენტებით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი ვალდებული იყო შემსყიდველებისთვის მიეწოდებინა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ასევე საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისგან მიღებული საქონელი. გასათვალისწინებელია ის, რომ საქონლის მიწოდებებთან დაკავშირებით შემსყიდველებთან გაფორმებულია შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტები, საქონლის ხორცთან დაკავშირებით წარდგენილი იყო სასაკლაოს ცნობები, რითაც დასტურდებოდა, რომ საქონელი საქართველოში იყო წარმოებული.

პრობლემა შექმნა სწორედ იმან, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები სადავო შემთხვევაში არ არის შეძენილი მეწარმე სუბიექტებისგან და შესაბამისად არ/ვერ მოხდა სასაქონლო ზედნადებების გაწერა აღნიშნულთან დაკავშირებით, ხოლო საქონლის შეძენა ფიზიკური პირებისგან სადავოდ გახადა შემმოწმებელმა.

როგორც საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯების, ასევე საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიღების დროს. არც შემოწმების და არც გამოძიების ეტაპზე არ მომხდარა ინფორმაციის გამოთხოვა საქონლის შემსყიდველი ტენდერის ობიექტებიდან - პასუხისმგებელი პირებიდან, როგორ, რა პირობებში, რა დოკუმენტების თანხლებით ხდებოდა მათ მიერ საქონლის მიღება გადამხდელისგან და აკმაყოფილებდა თუ არა ტენდერის ობიექტებზე მიწოდებული საქონელი ტენდერის პირობებს - საქონელი იყო თუ არა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი და იგი იყო თუ არა საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისგან მიღებული საქონელი, რა ხარჯები იქნა გაღებული გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის შეძენის მიზნით და ხდებოდა თუ არა საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება გადამხდელზე.

საშემოსავლო გადასახადის ნაწილში: თუ ანგარიშვალდებულ პირზე არსებობდა თანხები და ის ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოიყენებოდა, ბუნებრივია ისმება კითხვა - ასეთ პირობებში ბანკიდან კიდევ დამატებით სესხის (60 000 ლარის) მიღება გადამხდელს რატომ უნდა მოეხდინა ?

მოცემულ შემთხვევაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქონლის შეძენის დოკუმენტების გაუთვალისწინებლობა ქმნის იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ხდება კომპანიის კუთვნილი თანხების უსასყიდლოდ სარგებლობა საწარმოს დირექტორის მიერ.

შემმოწმებელს ფულის მოძრაობის ანალიზთან ერთად უნდა მოეხდინა საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომ გარკვეულიყო კონკრეტულ პერიოდში რა ღირებულების საქონელი მიაწოდა გადამხდელმა შემსყიდველებს და რეალურად რა თანხები გადაიხადა ასეთი საქონლის შესაძენად კომპანიამ. შემმოწმებელი მხოლოდ ცალმხრივად სალაროში თანხების მოძრაობაზე საუბრობს და საქონლის მოძრაობასთან მის კავშირს არ განიხილავს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდგომ, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა მხარეებს შორის გაფორმებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი იყო მხოლოდ სხვადასხვა ფიზიკური პირების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, კომპანია იძენდა ხორცს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა აღნიშნული პირები, რომელთა ნაწილმაც დეტალურად ვერ დაადასტურა განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ. ამასთან, არც ერთ პირს რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არ არსებობდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

- შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35822 ბრძანების შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა.

მომჩივანს საჩივარზე დართული აქვს შემოსავლების სამსახურის 2021 წლის №35822 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტები, მათ შორის, მომჩივანზე საქონლის მიმწოდებლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23795 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ვის საგანი: შემოსავლების სამსახურის 17.11.2021 წლის №35822 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: - შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდგომ, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა მხარეებს შორის გაფორმებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი იყო მხოლოდ სხვადასხვა ფიზიკური პირების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, კომპანია იძენდა ხორცს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა აღნიშნული პირები, რომელთა ნაწილმაც დეტალურად ვერ დაადასტურა განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ. ამასთან, არც ერთ პირს რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არ არსებობდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. - შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35822 ბრძანების შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა. მომჩივანს საჩივარზე დართული აქვს შემოსავლების სამსახურის 2021 წლის №35822 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტები, მათ შორის, მომჩივანზე საქონლის მიმწოდებლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(3 „ზ“); 101(1); 105.