გადაწყვეტილება №21075/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2024
№ დოკუმენტი 21075/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21075/2/2023

20 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 16.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21075/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი სესხის უპროცენტო სესხად განხილვა;

2. იჯარის მომსახურებებისა და დაქირავებულ პირებზე განაცემების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23779 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 229 236.74 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 132 689

დღგ - 33 089

მოგების გადასახადი - 66 714

საშემოსავლო გადასახადი - 32 797

ქონების გადასახადი - 89

ჯარიმა - 67 187

საურავი - 29 360.74

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ქსელური ვაჭრობა ჰიგიენის ნაწარმით ქ. -------სა და ქ. -------ში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი აქვს 7 მაღაზია და სასაწყობე ფართი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33267 ბრძანება და ამავე თარიღის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 27 იანვარს და 21 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.09.2023 წლის №23779 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მე-3 სადავო საკითხთან (შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23779 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი სესხის უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

2021 წლის აგვისტოში, ანგარიშვალდებულ პირს გატანილი აქვს უპროცენტო სესხი 249 174 ლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 20%-ით. აღნიშნული თანხის 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. ასევე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა „ფინა“ იყო არასრულყოფილი და შეიცავდა არსებით ხარვეზებს. კერძოდ, პროგრამაში არ იყო ასახული კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, მათ შორის არც დირექტორზე გაცემული სესხი და არც შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის არსებული დებიტორული/კრედიტორული დავალიანებები. ასევე, ხარვეზიანი იყო ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არსებული დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ 2021 წლის აგვისტოს თვეში კომპანიის მიერ ანგარიშვალდებული პირისთვის გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვა და შესაბამისად, დაბეგვრა მართლზომიერია.

ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას 2021 წლის ივნისის თვეში ბანკისგან აღებული აქვს სესხი 249 000 ლარის ოდენობით, რომელიც იმავე წლის აგვისტოს თვეში გადარიცხულია ფ/პ --------ს სესხის ანგარიშზე, სადაც დანიშნულებაში დაფიქსირებულია სესხის წინსწრებით დაფარვა. აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს კომერციული ფართის შესყიდვას, სადაც გამყიდველი გახლდათ --------, ხოლო მყიდველი შპს --------ს დირექტორი ფ/პ -------. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეთანხმება 249 000 ლარის ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის კვალიფიკაციას, თუმცა არ ეთანხმება, რომ აღნიშნული სესხი წარმოადგენს უპროცენტოს, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში და მის შემდგომაც კომპანიის ანგარიშვალდებული პირების მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა ფულადი სახსრების შემოტანა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რათა დაფარულიყო კომპანიის სესხის როგორც ძირითადი თანხა ასევე, დარიცხული პროცენტი.

2022 წლის აგვისტოს თვეში ვინაიდან აღნიშნული ფართი არ აღმოჩნდა კომერციულად მომგებიანი, მოხდა მისი რეალიზაცია და მიღებული თანხა შეტანილია შპს -------ს საბანკო ანგარიშზე, რითაც განხორციელდა არსებული სესხის სრულად დაფარვა. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ 1 წლიან მონაკვეთში კომპანიის ანგარიშვალდებული პირის მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა კომპანიის სესხის როგორც ძირის ასევე, პროცენტის დაფარვა. მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირზეც გაცემული თანხა უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც პროცენტიანი სესხი. შესაბამისად მიაჩნია, რომ აღნიშნულ ოპერაცია უნდა დაიბეგროს მხოლოდ მოგების გადასახადით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის შესაბამისად:

3. მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიამ კომერციული ბანკისგან აიღო სესხი, რომელიც გადაურიცხა უძრავი ქონების გამყიდველ ფიზიკური პირს, რომლისგანაც კომპანიის დირექტორმა შეიძინა უძრავი ქონება (კომპანიის მხრიდან დაშვებულია შეცდომა, რომ უძრავი ქონება შეიძინა დირექტორმა და არა კომპანიამ). აღნიშნული კომერციული ფართი შემდგომ გაქირავდა, საიდანაც მიღებული შემოსავალი აისახებოდა კომპანიის ანგარიშზე და აღნიშნული თანხით იფარებოდა კომპანიის მიერ კომერციული ბანკისგან აღებული სესხი. ერთი წლის შემდგომ (რასაც არ მოიცავდა შესამოწმებელი პერიოდი) ეს კომერციული ფართი გაიყიდა და კომპანიის მიერ გაყიდვიდან მიღებული თანხით სრულად დაიფარა კომერციული ბანკისგან აღებული სესხი. ამდენად, მომჩივანი ეთანხმება 249 000 ლარის ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის კვალიფიკაციას, თუმცა არ ეთანხმება, რომ აღნიშნული სესხი წარმოადგენს უპროცენტოს, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში და მის შემდგომაც კომპანიის ანგარიშვალდებული პირების მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა ფულადი სახსრების შეტანა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რათა დაფარულიყო კომპანიის სესხის, როგორც ძირითადი თანხა ასევე, დარიცხული პროცენტი.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უძრავი ქონების მფლობელთან საბანკო გადარიცხვით გადარიცხული ჰქონდა თანხა (10 000 ლარი და რადგან შეუსაბამობა იყო) და არ დგინდებოდა გადარიცხვის მიზანი, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენელს ეთხოვა ახსნა-განმარტება, შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის დირექტორს შეძენილი აქვს კომერციული ფართი აღნიშნული ფიზიკური პირისგან. მომჩივანმა ითხოვა განხორციელებული ოპერაცია დაკვალიფიცირებულიყო დირექტორზე გაცემულ სესხად. აღსანიშნია, რომ კომპანიამ სესხის ხელშეკრულება შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა და მხოლოდ დავების ეტაპზე წარადგინა და განაცხადა, რომ სესხი არ იყო უპროცენტო. ასევე, საჩივარში უთითებს, რომ სესხის, როგორც ძირითადი ნაწილის ასევე, პროცენტის დაფარვა დასტურდება საბანკო ამონაწერებით, რაზეც აღსანიშნია, რომ შემმოწმებლის ხელთ არსებული საბანკო ამონაწერის მიხედვით, ანგარიშვალდებული პირების მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილ თანხას მითითებული აქვს დანიშნულებები (სალაროს ნაშთის შეტანა, ნავაჭრი თანხის შეტანა და ა.შ.) და არცერთ მათგანს არ აქვს დანიშნულება პროცენტის გადახდა და/ან სესხის დაბრუნება. ამდენად, შემოწმების შედეგად 2021 წლის აგვისტოში ანგარიშვალდებულ პირის მიერ გატანილი თანხა ჩათვლილია უპროცენტო სესხად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. იჯარის მომსახურებებისა და დაქირავებულ პირებზე განაცემების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ფიზიკური პირებისაგან მიღებული იჯარის მომსახურებები ნაწილობრივ იყო წყაროსთან დაბეგრილი, ასევე გამოვლინდა სხვაობები დაქირავებულ პირებზე განაცემების შესწავლისას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელს ნაწილობრივ ჰქონდა დაბეგრილი ფიზიკური პირებისაგან მიღებული იჯარის მომსახურებები საშემოსავლო გადასახადით. ასევე, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობები დაქირავებულ პირებზე განაცემების შესწავლისას.

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტით გაურკვეველია რომელი საიჯარო მომსახურებები და განაცემები იქნა დაბეგრილი შემოწმების შედეგად დამატებით. მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით უნდა იქნას შესწავლილი მისი თანამონაწილეობით. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული საკითხების დამატებით შესწავლა მისი თანამონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია რომელი საიჯარო მომსახურებები და განაცემები იქნა დაბეგრილი შემოწმების შედეგად დამატებით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საიჯარო მომსახურებებზე კომპანიამ თვითონ წარადგინა საიჯარო ხელშეკრულებები და იყო შემთხვევა, როდესაც პირი ვისგანაც იჯარით ჰქონდა აღებული ფართი კომპანიას, რამდენიმე თვის განმავლობაში არ იყო მეწარმედ რეგისტრირებული, აღნიშნულ პერიოდში ფიზიკური პირებისაგან მიღებული იჯარის მომსახურებები დაიბეგრა წყაროსთან, ასევე გამოვლინდა სხვაობები დაქირავებულ პირებზე განაცემების შესწავლისას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი სესხის უპროცენტო სესხად განხილვა;

2. იჯარის მომსახურებებისა და დაქირავებულ პირებზე განაცემების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. 2021 წლის აგვისტოში, ანგარიშვალდებულ პირს გატანილი აქვს უპროცენტო სესხი 249 174 ლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 20%-ით. აღნიშნული თანხის 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან. ასევე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

2. ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ფიზიკური პირებისაგან მიღებული იჯარის მომსახურებები ნაწილობრივ იყო წყაროსთან დაბეგრილი, ასევე გამოვლინდა სხვაობები დაქირავებულ პირებზე განაცემების შესწავლისას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1)(2"ბ"), 154(1"ა""დ"), 982(3"ზ")(8).