გადაწყვეტილება №24801/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24801/2/2025
10 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ „----------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 20.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24801/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 2.09.2024 წლის №19686 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება და დაკისრებული ჯარიმა-საურავი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის №006-468 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26996 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 980 743.54 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 980 324
ჯარიმა - 490 162
საურავი - 510 257.54
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 2.09.2024 წლის №19686 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ავტომობილის კატალიზატორების შეძენა ფიზიკური პირებისგან, საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ რეალიზაცია (ექსპორტი ხორციელდება ლიეტუვაში).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3389 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ წარდგენილია სააღრიცხვო მასალები. კერძოდ, კატალიზატორების შესყიდვის აქტები (წარდგენილია აქტების მცირე ნაწილი),ბუღალტრული აღრიცხვა (არასრული), საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტებითი ბარათი. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონლის შესყიდვის ფასის გაანგარიშება მოხდა მსგავს აუდირებულ კომპანიაში დაფიქსირებული საშუალო შესყიდვის ფასის გათვალისწინებით. მიწოდებული საბანკო ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ექსპორტირებული კატალიზატორების რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენს 12 068 078 ლარს. ზემოთ მოყვანილი ფაქტორებიდან გამომდინარე და შემოწმების მიერ დადგენილი კატალიზატორების შესყიდვის ფასისა და სხვა საოპერაციო ხარჯების გამოქვითვით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №31348 ბრძანება და №006-556 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 640 571.70 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 12 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება 21.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.09.2023 წლის №20344/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17209 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2023 წლის დასკვნა, 6.12.2023 წლის №30524 ბრძანება და №006-613 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 7 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 6 მარტის №4970 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 22.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.07.2024 წლის №22932/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №4970 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2.09.2024 წლის №19686 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.09.2024 წლის №19686 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2024 წლის დასკვნა, 6.11.2024 წლის №23700 ბრძანება და №006-468 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 13 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 23 დეკემბრის №26996 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე შერჩევით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები), რომელთა შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემოწმების აქტშია მითითებული, საწარმოს საქმიანობაა ავტომობილის კატალიზატორების შეძენა ფიზიკური პირებისგან, საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ რეალიზაცია (ექსპორტი ხორციელდება ლიეტუვაში). მეორადი კატალიზატორების შეძენა ხდება ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით. შესყიდვა სხვადასხვა დროს განხორციელებულია დაახლოებით 1 000-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან.
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია 12 068 000 ლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი.
საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი საქონლის ღირებულებად აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი აქვს დაახლოებით 8 150 000 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტმა საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საქონლის თვითღირებულების დადგენისთვის გამოიყენა სხვა აუდირებული მსგავსი ობიექტის საშუალო შესყიდვის ფასები.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 სექტემბრის №19686 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული მტკიცებულების წარდგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა.
უპირველესად, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ბრძანების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებები მოიცავდა შესყიდვის აქტებს, რომელიც საგადასახადო კოდექსით დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად იყო შედგენილი.
ამასთანავე, გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტს შესთავაზეს, რომ მათ მიერ შერჩეულ შესყიდვის აქტებს, სადაც დაფიქსირებული იყო ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, დაუკავშირებდნენ და დაკავშირების შემთხვევაში დაამოწმებდნენ ნოტარიული წესით, რაც გამოიწვევდა ნდობის ხარისხის ამაღლებას, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტისგან ამაზე თანხმობა ვერ მიიღეს.
ამ ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ განხორციელდა საკითხის სრულყოფილი შესწავლა, რაც მეტად მძიმე ტვირთად აწვება გადასახადის გადამხდელს.
უმნიშვნელოვანესია თვითონ ის ფაქტიც, რომ საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, ამ ბიზნესს შეუწყდა საარსებო წყარო, ფაქტიურად გაკოტრდა და კომპანიის ისედაც მძიმე მდგომარეობა შესრულებული არ გადაანგარიშებით კიდევ უფრო დამძიმდა.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისთვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი).
მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება, სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის №006-468 საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის (ჯარიმასაურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2.09.2024 წლის №19686 ბრძანებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანომ, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შერჩევით შეისწავლა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები) და აღმოჩნდა, რომ შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოსავლების სამსახურში და არც დავების განხილვის საბჭოში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.09.2024 წლის №19686 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.09.2024 წლის №19686 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26996 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება და დაკისრებული ჯარიმა-საურავი
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება 21.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.09.2023 წლის №20344/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება 21.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.09.2023 წლის №20344/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება 20.02.2025 კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანების გაუქმების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სადავო საკითხი
მომჩივანი მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ითხოვს გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისგან.
მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის ბრძანება, სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონლის შესყიდვის ფასის გაანგარიშება მოხდა მსგავს აუდირებულ კომპანიაში დაფიქსირებული საშუალო შესყიდვის ფასის გათვალისწინებით. მიწოდებული საბანკო ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ექსპორტირებული კატალიზატორების რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენს 12 068 078 ლარს. ზემოთ მოყვანილი ფაქტორებიდან გამომდინარე და შემოწმების მიერ დადგენილი კატალიზატორების შესყიდვის ფასისა და სხვა საოპერაციო ხარჯების გამოქვითვით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, სსკ-ის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №31348 ბრძანება და №006-556 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 640 571.70 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 12 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება 21.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.09.2023 წლის №20344/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.09.2024 წლის №19686 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26996 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ზ),269(7).