გადაწყვეტილება №24608/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 24608/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24608/2/2024

10 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 15.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24608/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.05.2024 წლის №22097/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №022-24 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 480 869.83 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 210 079

ჯარიმა - 105 039

საურავი - 165 751.83

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა პრემიალური ხაზის ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეექსპორტის გზით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

წარდგენილი ბრუნვითი უწყისის მიხედვით, საწარმოს უფიქსირდებოდა 2019 წლამდე პერიოდში კაპიტალში შეტანილი 900 000 ლარი, რაც დაფიქსირებული აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საწყის საკრედიტო ნაშთად, ხოლო 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში აღნიშნული კაპიტალი გატანილი აქვს სრულად. შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის საწყისი საკრედიტო ნაშთის სისწორე, შესაბამისად, დამატებით იქნა გამოთხოვილი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, პარტნიორთა კრების ოქმები, რაც გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა. 2019 წლის დასაწყისში დაფიქსირებული კაპიტალის ოდენობა საწარმოს დაბალანსებული აქვს 2019 წლამდე დაგროვილი ზარალით - 747 837 ლარი, შესაბამისად, გაანალიზებულ იქნა აღნიშნული ზარალის წარმოშობის საფუძველი და დადგინდა, რომ 2017-2018 წლებში საწარმოს რეექსპორტის გზით რეალიზებული აქვს 788 484 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური მარაგები და მიღებული აქვს შემოსავალი 998 936 ლარის ოდენობით. საწარმო დღემდე მომგებიანია, ხოლო საგადასახადო და ფინანსურ მოგებებს შორის ბუღალტერიით წარდგენილი სხვაობის დადასტურება ვერ ხერხდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესამოწმებელ პერიოდში ხდება კაპიტალის შემცირება/გაზრდა პერიოდულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განულებულია. ამასთან, 2019 წლის დასაწყისში კომპანიას არ უფიქსირდება საწყისი ნაშთები (სმფ-ების ნაშთი, ძირითადი საშუალებები და სხვა რაიმე აქტივი), ადგილი არ ჰქონია ადგილობრივ შეძენა-რეალიზაციას, ასევე, არ ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი ან/და დივიდენდი. შესაბამისად, ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ზარალის სისწორე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გატანილი თანხები შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 15.11.2022 წლის №28703 ბრძანება და №022-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილებით, განმარტა, რომ დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულის შესახებ დაფიქსირებული (მინიშნება) არ არის, ასევე, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ აღნიშნული მეთოდი არ ყოფილა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. ამასთან:

1. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტის (კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების მიღების მომენტში და არა თანხის უშუალოდ გაცემის მომენტში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თაობაზე), კერძოდ, განაცემების შესწავლა;

2. მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კაპიტალის ფორმირების და ნაშთის შესახებ მტკიცებულებები, რათა დადგინდეს კაპიტალის რეალურობა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გამოიცა 28.12.2023 წლის №33657 ბრძანება და №022-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 24.05.2024 წლის №22097/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული სრულყოფილად ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულება, მომჩივნის მონაწილეობით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 24.05.2024 წლის №22097/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 22 381 ლარით, მათ შორის: გადასახადი - 14 920 ლარით, ჯარიმა 7 461 ლარით, რაზეც გამოიცა 20.12.2024 წლის №26774 ბრძანება და №022-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის მიერ მოყვანილი არგუმენტები და საგადასახადოს ორგანოს წარმომდგენლის არგუმენტები ცხადყოფდა, რომ საჭირო იყო ხანდაზმული პერიოდი შემოწმებაც, რადგან თუ ხანდაზმული პერიოდის შემოწმება არ მოხდებოდა ვერ დადგინდებოდა ჭეშმარიტება და სწორედ ამის გამო შემმოწმებელი იყენებდა 73-ე მუხლის მე-9 ნაწილს.

შემმოწმებელი მსჯელობს საკრედიტო ნაშთის სისწორეზე, კერძოდ: „2019 წლის დასაწყისში დაფიქსირებული კაპიტალის ოდენობა საწარმოს დაბალანსებული აქვს 2019 წლამდე დაგროვილი ზარალით - 747 837 ლარი, შესაბამისად, გაანალიზებულ იქნა აღნიშნული ზარალის წარმოშობის საფუძველი და დადგინდა, რომ 2017-2018 წლებში საწარმოს რეექსპორტის გზით რეალიზებული აქვს 788 484 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური მარაგები და მიღებული აქვს შემოსავალი 998 936 ლარის ოდენობით. საწარმო დღემდე მომგებიანია, ხოლო საგადასახადო და ფინანსურ მოგებებს შორის ბუღალტერიით წარდგენილი სხვაობის დადასტურება ვერ ხერხდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესამოწმებელ პერიოდში ხდება კაპიტალის შემცირება/გაზრდა პერიოდულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განულებულია. ამასთან, 2019 წლის დასაწყისში კომპანიას არ უფიქსირდება საწყისი ნაშთები (სმფ-ების ნაშთი, ძირითადი საშუალებები და სხვა რაიმე აქტივი), ადგილი არ ჰქონია ადგილობრივ შეძენა-რეალიზაციას, ასევე, არ ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი ან/და დივიდენდი. შესაბამისად, ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ზარალის სისწორე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გატანილი თანხები შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“ აღნიშნულზე კომპანიას ქონდა თავისი პოზიცია, და დამოკიდებულება: შემმოწმებელი ითხოვდა იმ პერიოდის დოკუმენტაციას, რომელსაც ბრძანებით ის არ შეისწავლიდა და ჩათვალა, რომ ეს იყო კანონშეუსაბამო, შესამოწმებელი პერიოდი: 1.01.2019-28.02.2022 წლებში განისაზღვრა. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მიგვაჩნდა, რომ 2017-2018 წლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნა კანონშეუსაბამო იყო. თუმცა ყველა ის პირველადი დოკუმენტაცია, რაც საფუძვლად უდევს აღნიშნულ საწყის საკრედიტო ნაშთს დაფუძნების დღიდან მოყოლებული. წარვუდგინეთ შემმოწმებელს და არ იქნა გათვალისწინებული, მაშინ როცა საბჭო ავალებს, რომ „1. მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარედგინოს კაპიტალის ფორმირების და ნაშთის შესახებ მტკიცებულებები, რათა დადგინდეს კაპიტალის რეალურობა;“ შემმოწმებელი განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ ადგენს ზარალის სისწორეს წინა წლებში, იშველიებს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს და 2019-2021 წლებში დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილებას აკვალიფიცირებს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რასაც არ ეთანხმებოდა და არ ეთანახმება.

გაუგებარია, მხოლოდ ვარაუდით, როგორ ასაბუთებს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება დაედოს დარიცხვას საფუძვლად. თუ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის მანძილზე არცერთი გადაცდომა და არავითარი დარღვევა არ ჩაუდენია. თუ ყველანაირი დოკუმენტაცია იურიდიულად და ბუღალტრულად გამართულია. გაუგებარია სამართლებრივი დასაბუთება.

შემმოწმებელს არ აქვს დასაბუთებული, რის საფუძველზე ვარაუდობს, რომ წინა წლებში შეიძლება ყოფილიყო რაიმე უზუსტობა და კანონდარღვევა, არსებობს 2020 წლის 23 იანვრის სასამართლო პრაქტიკა საქმე №ბს-1579 2კ-18) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა აკეთებს განმარტებას, რომ მხოლოდ ვარაუდი, რომელიც არ ემყარება კონკრეტულ მტკიცებულებებს, არ შეიძლება გახდეს სამეურნეო ოპერაციის ფორმის შეცვლისა და დამატებითი დარიცხვის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეილახება პირის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლება. თვლის, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. რადგან შემმოწმებლის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა შესამოწმებელ პერიოდს ზუსტია, მას რაიმეში ეჭვი არ შეუტანია და არც სამართალდარღვევა გამოუვლენია მთელი პერიოდის დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად და იმაზე აპელირება, რომ ვერ ამოწმებს წინა წლების ზარალის სისწორეს, თვლის, რომ არასწორია და არაკანონიერია.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინფორმაცია შემოწმების დანიშვნამდე ატვირთული და გამოქვეყნებულია Saras.gov.ge-ზე და წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებაც ადასტურებს 2019 წლის საწყის ნაშთებს. ასევე დამატებით წარუდგინა, მტკიცებულებები მატერიალურად, თუმცა შეხვედრის დროს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიეცა განმარტება, რომ ამის შესწავლა საბჭოს არ დაუვალებია და ვერ შეისწავლიდა. თუ მომჩივანს დაევალა კაპიტალის ფორმირებისა და ნაშთის შესახებ მტკიცებულებების წარდგენა, გაუგებარია რატომ უგულებელყო შემმოწმებელმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლა, მან მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა და მხოლოდ ნაწილობრივ შეისწავლა წარდგენილი მტკიცებულებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დავების განხილვის საბჭოს 24.05.2024 წლის №22097/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული სრულყოფილად ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულება, მომჩივნის მონაწილეობით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 24.05.2024 წლის №22097/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2024 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშებისას წარადგინა ბუღალტრული გატარებები სრულად, მათ შორის ცვლილება განიცადა ცალკეულმა მუხლებმა (1460, 3160) შემოწმებისას დაბეგრილი იქნა ბუღალტრულად აღრიცხული (5150) კაპიტალის შემცირების მომენტი, მიმდინარე გადაანგარიშებისას წარდგენილი იქნა კრების ოქმები, საიდანაც დადგინდა კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილება იდენტური ბუღალტერიაში ასახულისა, შესწორებული მუხლების შესაბამისად, დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელთა მიერ გაზდრილი/შემცირებული კაპიტალის ოდენობა ცვალებადია, ასევე დადგინდა, რომ 2019 წლის საწყისი კაპიტალიდან, რომელიც შემოწმებით ჩათვლილ იქნა სახელფასო განაცემად (900 000 ლარი) გატანილია სხვადასხვა პერიოდებში (3160 ბარათის მოძრაობა) ჯამურად 840 336 ლარი, ხოლო აღნიშნულ მუხლში ნაშთად რჩება 59 785 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის გამო, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 22 381 ლარით, მათ შორის: გადასახადი - 14 920 ლარით, ჯარიმა 7 461 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელთან მოხდა დაკავშირება, რის შემდეგაც მოხდა დამატებით დოკუმენტაციის მრავალჯერ გადმოგზავანა (აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ ვოთსაფისა და მაილის სქრინები, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტების ელ. ვერსიები თანდართულ ფაილებად). გადაანგარიშების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტები. კერძოდ წარდგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საგადახდო დავალებები და სალაროს გასავლის ორდერი, რომელიც მიკუთვნებულ იქნა შესწორებული ბუღალტრული გატარებებით კაპიტალიდან თანხის გატანას, საფუძველში არ არის მითითებული უშუალოდ კაპიტალის შემცირება. ასევე წარდგენილ იქნა 2017-2018 წლებზე ინვოისები, კრების ოქმები შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების შესახებ. კაპიტალის ნაშთის შესახებ მტკიცებულებები არანაირი ფორმით არ იქნა წარდგენილი. რაც შეეხება 2024 წლის 27 ივნისის №22097/2/2024 გადაწყვეტილები აღსრულების მიზნით შედგენილ 2024 წლის 19 დეკემბერს გადაანგარიშების დასკვნას, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების მიმდინარეობისას წარდგენილ იქნა შესწორებული ბუღალტრული გატარებები. კერძოდ, წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული გატარებები სრულად, მათ შორის ცვლილება განიცადა ცალკეულმა მუხლებმა (1460, 3160 ბარათებმა). შემოწმებით დაბეგრილ იქნა ბუღალტრულად აღრიცხული (5150) კაპიტალის შემცირების მომენტი, მიმდინარე გადაანგარიშებისას წარმოდგენილ იქნა კრების ოქმები, საიდანაც დგინდება კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილები იდენტურად ბუღალტერიაში ასახულისა (შესამოწმებელ პერიოდზე), თუმცა შესწორებული მუხლების შესაბამისად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელთა მიერ გაზრდილი/შემცირებული კაპიტალის ოდენობა ცვალებადია, ასევე დგინდება რომ 2019 წლის საწყისი კაპიტალიდან, რომელიც შემოწმებით ჩათვლილ იქნა სახელფასო განაცემად (900 000 ლარი) გატანილია სხვადასხვა პერიოდებში (3160 ბარათის მოძრაობა)

ჯამურად 840 336 ლარი, ხოლო აღნიშნულ მუხლში ნაშთად რჩება 59 785 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის გამო განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) მხოლოდ კაპიტალის ფორმირების ნაწილში, კერძოდ, შეცვლილ იქნა თანხების გატანის პერიოდები და ოდენობა, ხოლო საწყისი ნაშთის კაპიტალად კვალიფიცირებისათვის საჭირო მტკიცებულებები/არგუმენტები არცერთ ეტაპზე (შემოწმებისას, გადაანგარიშებებისას, საჩივრებზე) არ იქნა წარდგენილი. თავის მხრივ, არცერთ ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ იქნა არცერთი წარდგენილი დოკუმენტის უარყოფა, ან/და მტკიცებულებების წარდგენის შეზღუდვა.

საბჭოს ხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამაბათილებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც შესაძლოა საბჭოს მხრიდან საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 24.05.2024 წლის №22097/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.05.2024 წლის №22097/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს ხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამაბათილებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც შესაძლოა საბჭოს მხრიდან საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 24.05.2024 წლის №22097/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);