გადაწყვეტილება №22290/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22290/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 16.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22290/2/2024).
დავის საგანი:
ქონების (მიწის) გადასახადში დარიცხული გადასახადის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 5.11.2021 წლის №061-15771, 2.11.2022 წლის №071-1743 და 2.11.2023 წლის №071-1738 საგადასახადო მოთხოვნები;
2. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1434 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 72 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი 72 ლარი
ქონების (მიწა) გადასახადი 2021 წლის - 24
ქონების (მიწა) გადასახადი 2022 წლის - 24
ქონების (მიწა) გადასახადი 2023 წლის - 24
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს 2020 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები) საფუძველზე, დაერიცხა მიწის გადასახადი 24 ლარი. ხოლო 2021-2023 წლებში დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში, საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. (---------- მუნიციპალიტეტის, სოფელი ----------- (----------. საკადასტრო კოდი. ----------) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა 5.11.2021 წლის №061-15771, 2.11.2022 წლის №071-1743 და 2.11.2023 წლის №071-1738 საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1434 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 203-ე, 205-ე, 206-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს --------- ფლობს 2019 წლის 25 დეკემბერიდან ----------- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N319 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლები, არ დაინტერესებულა იმ ძველი საკადასტრო კოდების ახლით დაზუსტების საკითხით, რომლითაც დასტურდებოდა, რომ რეგისტრაცია განხორციელებული იყო ჯერ კიდევ 90-იან და 2000-იან წლებში. საგადასახადო ორგანომ ყურადღება არ მიაქცია, უფლებამოსილების დამდგენ დოკუმენტებს საკადასტრო კოდზე: 28.11.23.383 და დაუკავშირა მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ 2019 წლის 25 დეკემბრის №892018703553-09 გადაწყვეტილებას და ამონაწერის მომზადების თარიღს.
საკადასტრო კოდი: ---------- და 28.11.23.382 უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტები, მიღება ჩაბარების აქტი №15/11/1992N142 და საარქივო ცნობა საერთოა ორივე მიწის კოდისთვის და სწორედ ამის საფუძველზე ამოქმედდა საკუთრების უფლების აღიარება. (იხ. 21.08.2018 წლის №----------წერილი). რადგან აღიარება განხორციელდა რამდენიმე წლის წინ შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა რომ ფლობის პერიოდით სწორედ აქედან იწყებოდა, და ვერ განსაზღვრა რომ უფლების აღიარების ფაქტი არ ნიშნავს ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტის დაწყებას.
საგადასახადო ორგანო ვერ ასაბუთებს რომელ უძრავ ქონებაზე, შესაბამისი საკადასტრო კოდის მითითებით, ახდევინებს გადასახადს და რა სამართლებრივი საფუძვლებით. რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 4 სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აქედან 3 მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეა ხოლო ერთი სრულად მის საკუთრებაშია (საკ კოდი: ---------- ფართობი 4063.00კმ2, რომელზეც ----------- მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიის მოწმობაა საფუძველი).
არ აქვს ელექტრონული გვერდი შემოსავლების სამსახურში და არც კანონით დადგენილი სხვა საშუალებით არ მიუღია აღნიშნული დოკუმენტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და მომსახურების დეპარტამენტის 21.02.2024 წლის №---------- წერილის თანახმად, მომჩივანს 2020-2023 წლებში უფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დარიცხვა 24 ლარის ოდენობით, (---------- რაიონი, სოფელი ----------, 0.4063 ჰა., საკადასტრო კოდი: ----------). აღნიშნული დარიცხვა განპირობებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები), ხოლო 2021-2023 წლებში დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ამასთან, მომჩივანი ზემოაღნიშულ ნაკვეთს ფლობს 2019 წლის 25 დეკემბრიდან, ----------- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №319 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. ასევე, 2021 წლის 23 აპრილს მომჩივანს გადახდილი აქვს გადასახადის თანხა 24 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით, რათა ესარგებლა საგადასახადო კოდექსით დადგენილი მიწის გადასახადში არსებული შეღავათით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების (მიწის) გადასახადში დარიცხული გადასახადის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს 2020-2023 წლებში უფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დარიცხვა.აღნიშნული დარიცხვა განპირობებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ხოლო 2021-2023 წლებში დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით, რათა ესარგებლა საგადასახადო კოდექსით დადგენილი მიწის გადასახადში არსებული შეღავათით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 203;205(12);