გადაწყვეტილება №25639/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25639/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25639/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 12.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25639/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2025 წლის №005-67 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16496 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 23 312,73 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 13 212,50

ჯარიმა - 6 606,50

საურავი - 3 493,73

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ინდოეთიდან ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 4 აპრილს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 4.04.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, 3.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11320 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №005-67 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.07.2025 წლის №16496 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. წარდგენილი დოკუმენტაციიდან, კერძოდ, საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული თანამშრომელი, „--------“შპს ,,-------“ ასევე უწევდა გიდის მომსახურებას. აღნიშნული ფიზიკური პირი შესამოწმებელ პერიოდში საწარმოსგან დაქირავებული თანამშრომლის სახით იღებდა ხელფასს, რომელიც დაბეგრილი იყო საწარმოს მიერ. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ის თანხები, რომელიც კომპანიამ აუნაზღაურა „--------“-ს გიდის მომსახურების სანაცვლოდ. „--------“-ს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან და წარმოადგენს შპს ,,---------“ დირექტორისა და დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირს (დედა). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „--------“-სთვის ანაზღაურებული თანხები შემოწმებით განხილული იქნა ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან გამოიკვეთა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული თანამშრომელი,„--------“ შპს ,,-------“ ასევე უწევდა გიდის მომსახურებას. აღნიშნული ფიზიკური პირი შესამოწმებელ პერიოდში საწარმოსგან დაქირავებული თანამშრომლის სახით იღებდა ხელფასს, რომელიც დაბეგრილია საწარმოს მიერ. თუმცა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ის თანხები, რომელიც საწარმომ აუნაზღაურა ,,-------“-ს გიდის მომსახურების სანაცვლოდ. ამასთან, „--------“ წარმოადგენდა შპს ,,--------“ დირექტორისა და დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირს.

ვინაიდან, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება „--------“-ის მიერ გიდის მომსახურების გაწევა და ასევე აღნიშნული ფიზიკური პირი წარმოადგენს დაქირავებულ თანამშრომელს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გიდის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი ანაზღაურების ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოაღნიშნულის სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფიზიკური პირი ,,-------“ (პ/ნ ,,-------“) წარმოადგენს მცირე მეწარმეს, რომელსაც შესაბამისი სტატუსი მინიჭებული აქვს 2021 წლიდან. შპს ,,-------“-ს (ს/ნ „--------“) თანამშრომლად იგი დაფიქსირდა მხოლოდ 2024 წლის ივლისიდან, ხოლო მანამდე არ ჰქონდა შრომითი ურთიერთობა კომპანიასთან. იგი გიდის მომსახურებას კომპანიას აწვდიდა დამოუკიდებელი კონტრაქტორის სახით, მცირე მეწარმის სტატუსით, სხვა გიდების მსგავსად. შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქალაქო ურთიერთობა შედგა ბევრად ადრე, ვიდრე ის გახდა კომპანიის თანამშრომელი. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ გიდის მომსახურება არ იყო შემდგომში ხელფასად შენიღბული სარგებელი, არამედ თვითონვე წარმოადგენს დამოუკიდებელ და მრავალწლიან საქმიანობას. - რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ფიზიკური პირი არის კომპანიის დირექტორის დედა, არ ქმნის ავტომატურად გამოგონილი ურთიერთობის პრეზუმფციას. კვალიფიკაციის შეცვლა მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულების არსებობის საფუძველზე არ არის საკმარისი, მით უფრო იმ ფონზე, როცა კომპანიას იდენტურ მომსახურებას სხვა პირებიც უწევდნენ და ანაზღაურებას იღებდნენ იმავე რეჟიმში. საგადასახადო ორგანოს მხრიდან აღნიშნული შეფასება არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებით და მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულებიდან გამოწვეულ ეჭვზე დაყრდნობით არის წარმოდგენილი მომსახურების კვალიფიკაციის ცვლილების არგუმენტაცია. საგადასახადო შემოწმებას ჰქონდა წვდომა კომპანიის სრულ საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციაზე. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ შეედარებინათ ტურების რეალური მოცულობა, მიღებული შემოსავალი და გიდებზე გადახდილი თანხები, რაც დაადასტურებდა ფიზიკური პირი „--------“-ს (პ/ნ „--------“) მიერ გაწეულ მომსახურებას. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყო შემოწმებისას, რაც ცხადყოფს, რომ მომსახურება რეალურად შესრულდა და არ წარმოადგენს შრომით ურთიერთობის შენიღბულ სახეს. - რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მთავარ არგუმენტაციად მითითებულია, რომ: " ვინაიდან, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება „--------“-ის მიერ გიდის მომსახურების გაწევა და ასევე აღნიშნული ფიზიკური პირი წარმოადგენს დაქირავებულ თანამშრომელს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გიდის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი ანაზღაურების ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად". გაუგებარია აღნიშნული არგუმენტაცია, კერძოდ რა მტკიცებულება იქნა მოთხოვნილი შემოწმების მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევის ნამდვილობის დამადასტურებლად და რა ვერ წარუდგინა კომპანიამ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას და გასაჩივრებული აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირი „--------“ გიდის მომსახურებას კომპანიას აწვდიდა დამოუკიდებელი კონტრაქტორის სახით, მცირე მეწარმის სტატუსით, სხვა გიდების მსგავსად. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქალაქო ურთიერთობა შედგა ბევრად ადრე, ვიდრე ის გახდა კომპანიის თანამშრომელი. გიდის მომსახურება არ იყო შემდგომში ხელფასად შენიღბული სარგებელი, არამედ თვითონვე წარმოადგენს დამოუკიდებელ და მრავალწლიან საქმიანობას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ფიზიკური პირი არის კომპანიის დირექტორის დედა, არ ქმნის ავტომატურად გამოგონილი ურთიერთობის პრეზუმფციას. კვალიფიკაციის შეცვლა მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულების არსებობის საფუძველზე არ არის საკმარისი, მით უფრო იმ ფონზე, როცა კომპანიას იდენტურ მომსახურებას სხვა პირებიც უწევდნენ და ანაზღაურებას იღებდნენ იმავე რეჟიმში.

აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, შპს ,,---------“ მიერ არ იყო დაბეგრილი ,,---------“-ის მიერ გაწეული გიდის მომსახურება საშემოსავლო გადასახადით ამასთან გამოირკვა, რომ „--------“ არის შპს ,,--------“ დირექტორის და დამფუძნებლის დედა და ამ კომპანიის თანამშრომელი.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ სამეურნეო ოპერაციის ფორმის და შინაარსის გათვალისწინებით, მართლზომიერად შეიცვალა მისი კვალიფიკაცია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით და დაერიცხა საურავი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თუკი საგადასახადო ორგანო მაინც მიიჩნევს, რომ განხილული გიდის მომსახურება უნდა გადაკვალიფიცირდეს ხელფასად, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული დისკრეციის გამოყენების, რადგან: - შპს ,,-------“-ს (ს/ნ „--------“) საქმიანობა ხორციელდება გამჭვირვალედ, ყოველგვარი ყალბი ოპერაციის გარეშე, ხოლო ფიზიკური პირი „--------“-ის (პ/ნ „--------“) მიერ გაწეული გიდის მომსახურება შეესაბამება იმავე პირობებს, როგორც სხვა გიდების ანაზღაურება. კომპანიას არ დაუმალავს ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსთვის და ამიტომ, კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კეთილსინდისიერ ქმედებას. თუ არსებობს საგადასახადო ვალდებულების განსხვავებული ინტერპრეტაცია, იგი უნდა აღქმულ იქნას განსაკუთრებულ და ტექნიკური ხასიათის შეცდომად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას და გასაჩივრებული აქტების გაუქმებას.

2.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული დისკრეციის გამოყენებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული თანამშრომელი,ფიზიკური პირი მომჩივანს ასევე უწევდა გიდის მომსახურებას. აღნიშნული ფიზიკური პირი შესამოწმებელ პერიოდში საწარმოსგან დაქირავებული თანამშრომლის სახით იღებდა ხელფასს, რომელიც დაბეგრილი იყო საწარმოს მიერ. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ის თანხები, რომელიც კომპანიამ აუნაზღაურა ფ/პ-ს გიდის მომსახურების სანაცვლოდ.ფ/პ-ს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან და წარმოადგენს საწარმოს დირექტორისა და დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირს.ფ/პ-სთვის ანაზღაურებული თანხები შემოწმებით განხილული იქნა ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, გადამხდელს, სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით და დაერიცხა საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ სამეურნეო ოპერაციის ფორმის და შინაარსის გათვალისწინებით, მართლზომიერად შეიცვალა მისი კვალიფიკაცია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,275,269.